რატომ ჩამოართვა სტალინმა ჩეხოსლოვაკიას სამხედრო მრეწველობა
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანი, ის მმართველი იყო, ვისაც რუსეთისთვის იმაზე ბევრად მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვიდრე რუსეთის ყველა ერთად აღებულ მმართველს.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის დაუძინებელი მტერი, ლევ ტროცკი (ბრონშტეინი) ბოლომდე ვერ ახერხებდა სტალინის გაშავებას და იმასაც კი აღნიშნავდა, რომ სტალინი გამორჩეული პიროვნება იყო პროფესიონალ რევოლუციონერთა ორდენის წარმომადგენლებს შორის. ტროცკი გამოარჩევდა სტალინის ნებისყოფასა და ფოლადისებურ სიმტკიცეს ნებისმიერი პრობლემის წინაშე. ტროცკი ასევე ხაზს უსვამს სტალინის ეშმაკობას და ამას ტროცკი უარყოფით კონტექსტში წერს. თუმცა, იმ ეპოქისთვის და იმ ხალხში (იგულისხმება თავად ტროცკიც) სტალინს სხვაგვარად მოქმედება არ შეეძლო და სწორედ ეშმაკობით აჯობა სხვა მეტოქეებს, რომელთა შორისაც პირველი მეტოქე და მტერი ტროცკი იყო.
სტალინს მავანნი და უპირველესად თავად ტროცკი ბოროტ მეხსიერებაში და შურისმაძიებლობაში სდებენ ბრალს. თუმცა, როდესაც საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და არა პირად ურთიერთობებს, პოლიტიკური მეხსიერება სულაც არაა ბოროტება, არამედ სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლაა და სტალინი ამას ნამდვილ გროსმეისტერულად ახორციელებდა. მაგალითისთვის რუსეთის სახელმწიფოს ოქროს მარაგთან დაკავშირებული ისტორიაც კმარა.
კლიმენტ ვოროშილოვი იხსენებდა: სამოქალაქო ომმა რუსეთს უდიდესი ტრაგედია მოუტანა. დაიხოცა მილიონობით თანამემამულე, რომლებიც ბარიკადების ორივე მხარეს იდგნენ. ამას დაემატა ისიც, რომ რუსეთს მძარცველები ჰყავდა შესეული და ვისაც სად მიუწვდებოდა ხელი, იქ იტაცებდა და იპარავდა ეროვნულ სიმდიდრეს. ერთ-ერთი ასეთი წურბელები, თანაც მსხვილი კალიბრის, ეგრეთ წოდებული, ჩეხოსლოვაკიური კორპუსი იყო. ისინი ადმირალ კოლჩაკს ეხმარებოდნენ. სინამდვილეში კი ხელს აყოლებდნენ ყველაფერს, რასაც მოიხელთებდნენ. კოლჩაკმა ყაზანიდან ციმბირში რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ოქროს მარაგის ორი მესამედი გაიტაცა. ეს ოქრო ყაზანში ინახებოდა და კოლჩაკმა ის ეშელონებით გაიტანა. ჩეხოსლოვაკიური კორპუსის ხელმძღვანელობამ კი კოლჩაკის მიერ გატაცებული ოქროს ნახევარი, ანუ რუსეთის იმპერიის საერთო ოქროს მარაგის მესამედი გაიტაცეს და თავის ქვეყანაში ჩაიტანეს. მეორე ნახევარი კი უგზო-უკვლოდ გაქრა. მე სტალინთან ერთად კოლჩაკს მივსდევდი. საბოლოოდ შევიპყარით და სიკვდილით დავსაჯეთ. თუმცა, ვერც გაუჩინარებულ ოქროს მივაგენით და ვერც ჩეხოსლოვაკიელების მიერ გატაცებული ოქროს დაბრუნება შევძელით“.
მარშალ კლიმენტ ვოროშილოვის მონათხრობი 1933 წელსაა ჩაწერილი. და ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონდა. კონკრეტულად კი სტალინური გაგრძელება. ჩეხოსლოვაკიელებმა რუსეთიდან გატაცებული ოქროთი თავის ქვეყანაში შექმნეს უმძლავრესი სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია, რომელიც მსოფლიო ხუთეულში შედიოდა. მათ, აგრეთვე, ჩამოაყალიბეს სამხედრო-სამრეწველო ბანკიც. ჰიტლერმა რომ ჩეხოსლოვაკია დაიპყრო, მთელი ეს სამხედრო მრეწველობა დაიმორჩილა და საბჭოეთის წინააღმდეგ იყენებდა. თუმცა, როგორც კი ომი დასრულდა და სტალინმა ევროპის უდიდესი ნაწილი გააწითლა, მაგრამ მათ ეკონომიკებსა და მრეწველობებს არ შეხებია, სულ სხვანაირად მიუდგა ჩეხოსლოვაკიელებს. სტალინმა მათ მთლიანად ჩამოართვა მთელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლებიც რუსული, გატაცებული ოქროთი ჰქონდათ შექმნილი და საბჭოთა ანალოგიურ სისტემაში ჩართო. ხოლო ბანკი კი, რომელიც ასევე, რუსული ოქროთი იყო შექმნილი და უზარმაზარი მოგება ჰქონდა, 90 პროცენტით საბჭოთა კავშირზე ამუშავა და მხოლოდ 10 პროცენტი დაუტოვა ჩეხოსლოვაკიას, რომ მათ ფინანსური სისტემა არ ჩამოშლოდათ. ასე რომ, სტალინის ბრძანებით, ამ ბანკის საიდუმლო საცავებიდან მოსკოვში გაიტანეს დაგროვილი ოქროს მარაგის 90 პროცენტი და ჩეხოსლოვაკიას მხოლოდ 10 პროცენტი დაუტოვეს. ყოველივე ეს არ ყოფილა ტიპური ძარცვა, როგორც ამას გამარჯვებული ქვეყნები ახორციელებენ. სტალინის ეს ქმედება დამყარებული იყო მშრალ და სწორ ბუღალტრულ-მათემატიკურ გათვლებზე, რომლებიც საბჭოთა ეკონომისტებმა განახორციელეს. და სტალინმა სწორედ იმდენი ჩამოართვა ჩეხებს, რა სარგებელსაც მიიღებდა საბჭოთა სახელმწიფო, ის გატაცებული ოქრო რომ საბჭოთა კავშირს დარჩენოდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ 1918 წელს უგზო-უკვლოდ გამქრალი ოქროს მეორე ნახევარი სტალინმა მაინც დაიბრუნა. 1949 წელს კერძოდ კი, ციმბირში საბჭოთა ბელადმა საიდუმლო ექსპედიცია მიავლინა, რომელმაც ტბაში აღმოაჩინა ჩაძირული ოქროს ზოდებით სავსე ეშელონი და ის მოსკოვში უკლებლივ ჩაიტანეს. ამგვარად, სტალინი ერთ მისხალსაც კი არავის არაფერს უტოვებდა, რაც საბჭოთა სახელმწიფოს კუთვნილება იყო და საბჭოთა ბელადი რომ გარდაიცვალა, ქვეყანა ოქროს მარაგით პირველი იყო მსოფლიოში.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




