ბელადები

რა სარგებელი მიიღო სტალინმა ესპანეთის სამოქალაქო ომში

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის მმართველი იყო, ვინც ყოველთვის წინ აყენებდა სახელმწიფო ინტერესებს პირად და ასევე, ყველა სხვა ინტერესთან შედარებით. ამ საკითხში მან სენტიმენტალიზმი არ იცოდა და მხოლოდ სახელმწიფოს საჭიროებები და წინსვლა ამოძრავებდა.

იაკობ კედმი: „სტალინი მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო. მისთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მაღლა იდგა. ამისი თვალსაჩინო მაგალითია იაკობი, სტალინის უფროსი ვაჟი, რომელიც პაულიუსში არ გაცვალა და შვილი სასიკვდილოდ გაწირა. ასეთი მაგალითები კი მსოფლიო ისტორიას ძალიან ცოტა აქვს. ისევ ქართველების მაგალითს ვიტყვი, როცა ქართველმა სარდალმა გიორგი სააკაძემ სამშობლოს შეწირა თავისი ვაჟი პაატა... და აქედან გამომდინარე, რატომ მოიქცეოდა საბჭოთა ბელადი სხვაგვარად სხვა ადამიანებთან და მოვლენებთან მიმართებაში?.. არც ქვეყნის ღალატს აპატიებდა ვინმეს. თუკი კონკრეტული ადამიანების მაგალითს გავიხსენებთ, ამაში თვალსაჩინოა ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟის ამბავი: სტალინმა ხრუშჩოვის ვაჟი ბერიას სპეცჯგუფს მოატაცებინა. მოსკოვში ჩამოაყვანინა, გაასამართლა და დაახვრეტინა. ხოლო მსოფლიოს მოვლენებთან დაკავშირებული ბრწყინვალე მაგალითია ესპანეთის სამოქალაქო ომი. სტალინმა ეს ომი გამოიყენა, როგორც თავისი იარაღების გამოსაცდელი პოლიგონი. აგრეთვე, იქ იცდებოდნენ და იწრთობოდნენ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები და მზვერავები. სტალინის მითითებით, ესპანური კამპანიის დროს ევროპასა და სხვა კონტინენტებზე შეიქმნა უმძლავრესი სადაზვერვო-დივერსიული ქსელი. ამ ქსელმა დიდი სარგებელი მოუტანა საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში. ესპანური კამპანიის მწვარვალი კი ესპანეთის სახელმწიფოს ოქროს მარაგის მოსკოვში ტრანსპორტირება გახდა. სტალინს ეს ოქრო ესპანეთისთვის არ დაუბრუნებია. ერთი მხრივ, იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს სათავეში პუჩტისტები იდგნენ, ფრანკოს მეთაურობით. მეორე მხრივ კი, საბჭოთა ბელადი აცხადებდა, რომ ეს ოქრო იმის საფასური იყო, რომ ესპანეთს რესპუბლიკელთათვის მიწოდებული იარაღითა და ინსტრუქტორებით ეხმარებოდნენ.

იოსებ ბესარიონის ძე ყოველთვის ალესილი ხმალივით იყო შემართული როგორც საერთაშორისო, ასევე შინა ასპარეზზეც. ბელადის თვალსა და ყურს წამითაც არ ეპარებოდა მცირეოდენი მტრული დამოკიდებულებაც კი ქვეყნის მიმართ. და სწორედ ამის დასტური იყო, ეგრეთ წოდებული, რეპრესიები... ასევე, სამხედრო ოპოზიციის მოსპობა და ტროცკის ჯერ ქვეყნიდან განდევნა, შემდგომ კი მისი ლიკვიდაცია...

საგარეო ფაქტორთაგან ძალიან საგანგაშო და საყურადღებო იყო ფინეთთან ურთიერთობა. ეს პატარა ქვეყანა დიდ პრობლემებს შეუქმნიდა საბჭოთა კავშირს დიდ ომში. სტალინმა ეს კარგად იცოდა. ამიტომ, მან ფინელებს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა. ხოლო, როცა უარი მიიღო, ომით წაიღო ეს ტერიტორიები.... მავანი იტყვის, ეს ხომ ძალადობააო?.. კი, ძალადობაა. ძალადობაა ნებისმიერი ომი, მაგრამ, როცა არასაიმედო, შენდამი მტრულად განწყობილი მეზობელი გყავს, რომელიც ყოველთვის მზადაა ლახვარი ჩაგცეს ზურგში, მაშინ ნამდვილი მმართველი ვალდებულია, რომ ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რათა ეს არ დაუშვას. სტალინიც ასე მოიქცა და ფინეთთან დაკავშირებით აბსოლუტურად მართალი იყო.

ასევე აბსოლუტურად მართალი იყო სტალინი, როცა ჰიტლერთან ევროპა გაიყო. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ სტალინი სულელად არ მიიჩნევდა საკუთარ თავს. შესანიშნავად ერკვეოდა მსოფლიო გეოპოლიტიკაში და მტრების ყველაზე ჩახლართული, ვერაგული გეგმების გამოცნობა შეეძლო. სტალინს მავანნი ჰიტლერთან კავშირისთვის გმობენ, თუმცა, არავინ ამბობს იმას, რომ სწორედ სტალინმა შესთავაზა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ჰიტლერის მოშთობა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მეტიც, ამ ქვეყნებმა მიუნხენის შეთანხმებას, სინამდვილეში კი – შეთქმულებას, მოაწერეს ხელი და ფიურერს, ფაქტობრივად, ხელ-ფეხი გაუხსნეს ევროპის დაპყრობისკენ, რომლის საბოლოო მიზანი საბჭოთა კავშირის განადგურება იყო. სტალინმა ეს შესანიშნავად იცოდა და დროის მოგების მიზნით, ჰიტლერთან ზავს მოაწერა ხელი. ყოველივე ზემოთქმული, ისტორიული სიმართლეა. საბჭოთა ბელადს ერთი პოლიტიკური შეცდომაც კი არ დაუშვია და თავი არ მოატყუებინა არცერთ მტერს. პირიქით, ისინი მოკავშირეებად გაიხადა და გეოპოლიტიკურად გაიმარჯვა.

ტყუილად როდი აქებდა და ადიდებდა სტალინს მისი უდიდესი ოპონენტი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც სტალინს უდიადეს მმართველს უწოდებდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი