ვინ და რატომ დასდო ბრალი ბერიას სომეხთა გენოციდში
ავტორი: ნიკა ლაშაური 46 წუთის წინ
ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სტალინთან ერთად, საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი ბურჯი და მთავარი აღმშენებელი იყო. თუმცა, ხრუშჩოვის მიერ მოწყობილ ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე მას უკიდურეს ნაციონალიზმში დასდეს ბრალი, რაც იმ პერიოდში უდიდეს დანაშაულად მიიჩნეოდა და უმკაცრესად ისჯებოდა.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ლავრენტი ბერიას ნაციონალიზმში ბრალდება საფუძველს ნამდვილად არ იყო მოკლებული – სიმართლე რომ ვთქვათ, ბერია თავის სამსახურებრივ მდგომარეობას პირადი მიზნებისთვის იყენებდა. საქმე კი ის იყო, რომ როგორც კი ბერია საქართველოს ცეკას პირველი მდივანი გახდა, მან თავისებური რეფორმების გატარება დაიწყო. ბერიამ თავისი გავლენა გამოიყენა და საქართველოს მოსახლეობის შეფარული აღწერა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ 5 მილიონ 480 ათას მოქალაქეს შორის 4 მილიონ 200 ათასი ქართველი იყო. ბერიამ მიიჩნია, რომ ქართველთა პროცენტული შეფარდება სხვა ეროვნებებთან შედარებით, ძალიან ცუდი იყო და გადაწყვიტა მასზე ზემოქმედების მოხდენა. ბერიამ, პირველ რიგში, აკრძალა სხვა რესპუბლიკებიდან შემოსული არაქართველი მოქალაქეების საქართველოში საცხოვრებლად ჩაწერა, გარდა ამისა, მათ ეკრძალებოდათ ერთ თვეზე მეტ ხანს აქ ყოფნა. ამასთან, ქართველებისთვის აკრძალა აბორტები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. რადგან ასეთი აკრძალვა კანონით არ შეიძლებოდა, ის ზეპირი ხასიათისა იყო, მაგრამ ბერიას გავლენებიდან გამომდინარე, ეს საკმარისი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, 1938 წლისთვის საქართველოში ქართველების რიცხვი 20 პროცენტით გაიზარდა, ნამატმა კი 840 ათასი ქართველი შეადგინა. შემდგომშიც, როცა ბერიამ მთელი ამიერკავკასია ჩაიბარა, აგრძელებდა თავისი თანამდებობის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის – ეს იყო ამიერკავკასიაში ქართველების დომინირება, რაც შემდგომ საკავშირო მასშტაბებითაც გაგრძელდა.
ნიშანდობლივია, რომ ეგრეთ წოდებულმა, 37 წლის რეპრესიებმა საქართველოში ყველაზე დაბალი ინტენსიობით ჩაიარა და ამ რეპრესიებში მოყოლილთა შორის ქართველთა რიცხვმა მხოლოდ მეხუთედი, ანუ 20 პროცენტი შეადგინა. ეს მაშინ, როცა ყველაზე დიდი ინტენსივობა სომხეთში იყო და სომეხთა რეპრესიებმა 100 პროცენტს მიაღწია. აზერბაიჯანში კი სომეხთა შორის მსხვერპლი 80 პროცენტი იყო. იქ, აზერბაიჯანში, ბერიას მეგობარი, პროტეჟე და ნდობით აღჭურვილი პირი იყო მირ-ჯაფარ ბაგიროვი. ამგვარად, სომხებმა 37 წელს ამიერკავკასიაში, ფაქტობრივად, გენოციდი გაიარეს და მაშინ ამ გაერთიანებულ ფედერაციას ბერია ხელმძღვანელობდა“.
სულაც არაა გასაკვირი, რომ პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი თავისი ერის, სომხების გულშემატკივარია და ძალიან წუხს 37 წელს მათ ასეთ რეპრესიებზე. თუმცა, აბსურდულია აქ გენოციდის ხსენება. თანაც, ამაში ბერიას დადანაშაულება. მართალია, ბერია ამიერკავკასიას ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეპრესიებს იქ ადგილობრივი მმართველები ახორციელებდნენ. თანაც, სასაცილოა ის, რომ თურმე 37 წლის რეპრესიების დროს სომხეთში 100 პროცენტი სომეხი დაიღუპა. სომხეთში 10 კაციც რომ მოექციათ რეპრესიებში შედეგი მაინც ასპროცენტიანი იქნებოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იქ მხოლოდ სომეხი ეროვნების ადამიანები სახლობდნენ... რაც შეეხება აზერბაიჯანში 80 პროცენტი სომხების გაწყვეტას, იქაც დიდი რაოდენობით სომეხი სახლობდა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ რეპრესიებს ამიერკავვკასიაში სომეხი ანასტას მიქოიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსკოვიდან იყო მივლინებული მეთვალყურედ. მიქოიანს უნდოდა პრინციპული, მტკიცე ადამიანის როლი ეთამაშა სტალინის წინაშე და რომ არა ბერია, რომელმაც მიქოიანის სისხლიანი მისწრაფებები მოაშთო, სომეხთა მსხვერპლი ამიერკავკასიაში სამჯერ მეტი იქნებოდა. ამგვარად, პოლკოვნიკი მარტიროსიანი აბსოლუტურად ტყუილად სდებს ბრალს ლავრენტი ბერიას სომხების გენოციდში. და პირიქით, ბერიამ სომხები მიქოიანის გენოციდისგან იხსნა.
მოგვიანებით უკვე საკავშირო „ჩეკას“ ხელმძღვანელის პოსტზე მყოფმა ბერიამ მიქოიანის „კავკასიური გმირობების“ დამადასტურებელი სამხილები სტალინს მაგიდაზე დაუდო და რომ არა ბელადი, ანასტას მიქოიანისგან სველი ადგილიც არ დარჩებოდა. სტალინმა თავისი ძველი თანამებრძოლი მიქოიანი დაინდო და გამოსწორების შანსი მისცა. თუმცა ანასტას მიქოიანმა ეს წყენა გულში ჩაიდო და როდესაც ხრუშჩოვმა ბერიას შეთქმულება მოუწყო, ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ ანასტას მიქოიანი იყო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ უნიჭიერესი ლავრენტი ბერია ხელისუფლებას ჩამოაშორეს იმ ადამიანებმა, ვინც სინამდვილეში ქვეყნის მტრები იყვნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




