ბელადები

სტალინი ლენინს თავის მასწავლებელს უწოდებდა და მისი სახელის შებღალვის უფლებას არავის აძლევდა

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.11

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა უზარმაზარ ქვეყანაში და უპირობო, უპირველესი და ერთადერთი ბელადი იყო, მას ყოველთვის წინ ჰქონდა წამოწეული ლენინის პიროვნება. სწორედ ლენინს აკუთვნებდა ბელადობას, საკუთარ თავს კი მის მოწაფეს უწოდებდა.

იაკობ კედმი: „სულელი უნდა იყოს ადამიანი, ვინც ლენინის დიდ პიროვნულობას არ აღიარებს. თუნდაც მას „ბოროტი გენია“ უწოდოს. მაგრამ, უფრო მეტი სულელია ის, ვინც სტალინის სიდიადეს ვერ ხედავს და ცდილობს, ლაფში ამოსვაროს მისი სახელი. ლენინიც და სტალინიც დიდი ისტორიული პიროვნებები არიან და ეს უცილობელი ფაქტია და ჩემი აზრით კი, სტალინი ლენინზე სამმაგად მეტია ყველა ასპექტში და მართალია, სტალინი ყოველთვის ხაზს უსვამდა ლენინის მოწაფეობას, მაგრამ თუ ეს ასე იყო, მაშინ მოწაფემ ბევრად აჯობა თავის მასწავლებელს ყველაფერში და მასზე ბევრად მეტი გააკეთა ქვეყნისთვის, როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე, საერთაშორისო, გლობალურ პოლიტიკაში. სტალინმა ძალიან კარგად იცოდა საკუთარი თავის ფასი. იმასაც მშვენივრად უწყოდა, რომ ლენინზე ბევრად დიდი პიროვნება იყო. მაგრამ ხალხის, პირველ რიგში კი, რუსი ხალხის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, რადგან ლენინი რევოლუციის მამისა და რუსეთის გამათავისუფლებლის სახელით სარგებლობდა, შეგნებულად დააყენა ილიჩი (ლენინი) ბელადთა იერარქიის პირველ ნომრად და არც წაუგია. ლენინის გვერდით მოწაფე სტალინი უფრო მონუმენტურად გამოიყურებოდა. სტალინი ყოველმხრივ უწყობდა ხელს ლენინის მონუმენტურობას და ამის საწინააღმდეგო მცირედ გამოვლინებებსაც კი ჩანასახშივე სპობდა. ნიშანდობლივია ისტორია, რომელიც ლენინის აგენტობასთანაა დაკავშირებული. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი წლით ადრე დაზვერვამ სტალინს შეატყობინა, რომ გერმანიის ერთ-ერთი გამომცემლობა ბეჭდავს წიგნს, სადაც წარმოდგენილია ფოტოდოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ლენინი გერმანული ფულით ფინანსდებოდა და რომ ოქტომბრის რევოლუციის ბელადი გერმანიის გენერალური შტაბის ფასიანი აგენტი იყო და მის მითითებას ასრულებდა. სტალინი იშვიათად გამოდიოდა წყობიდან. ამ ინფორმაციამ კი ისე გააცოფა, რომ ცალსახად ბრძანა: ნებისმიერი საშუალებებით აღკვეთეთ ეს საშინელება. ერთმა წიგნმაც კი ვერ უნდა მიაღწიოს მკითხველამდე. ასევე ამოიღეთ და ჩემთან მოიტანეთ ამ ფალსიფიცირებული საბუთების დასტაო. იმ პერიოდში გერმანიაში წარმატებით მუშაობდა პავლე სუდოპლატოვი და მისი ჯგუფი. ამ ჯგუფმა საძირკვლიანად ააფეთქა სტამბა თავის წიგნებიანად და გაანადგურეს მთელი ტირაჟიც, მატრიცებიც და მბეჭდავ-რედაქტორებიც. დახოცეს, ასევე, ამ საბუთების მცველი, პოლკოვნიკი, ვინმე ერიხ ულრიხი და მისი მდივანი. საბუთების დასტა კი მოსკოვში, სტალინთან ჩაიტანეს. ამ აქტის შემდეგ აზრადაც კი არავის მისვლია მსგავსი პუბლიკაციის გამოცემა. მით უმეტეს, რომ უკვე არანაირი საბუთი აღარ ჰქონდათ არც ნამდვილი და არც ფალსიფიცირებული. ყველაფერი სტალინის ხელში იყო“.

კედმის მიერ მოთხრობილი ისტორია ნაწილობრივ პავლე სუდოპლატოვსაც აქვს მოყოლილი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში. თუმცა, იქ სიტყვაც არაა ნათქვამი ლენინის აგენტობასა თუ არააგენტობაზე. ლენინი რომ გერმანიის გენერალური შტაბის ფულს იღებდა სხვადასხვა აქციებისთვის და რომ ოქტომბრის გადატრიალება მთლიანად გერმანული ფულით დაფინანსდა, დღედღეობით, როგორც ირიბად, ასევე პირდაპირაა დამტკიცებული. თუმცა, ეს მაინც არაა იმის დასტური, რომ ლენინი გერმანიის პირდაპირი ჯაშუში იყო. უბრალოდ, რაღაც მომენტში ლენინისა და გერმანიის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ლენინმა ძალაუფლება მოიპოვა, გერმანიამ კი – სეპარატული ზავი. რა თქმა უნდა, ეს მაინც მტრული, მოღალატეობრივი ქმედებაა და სტალინს არ შეეძლო დაეშვა, რომ დიდი ოქტომბრის რევოლუციის ბელადი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ყოფილიყო მხილებული. ამიტომაც განახორციელებინა სტალინმა „ჩეკას“ ასეთი აქცია.

ანატოლი სუდოპლატოვი, ისტორიკოსი (გენერალ პავლე სუდოპლატოვის ვაჟი): „სტალინმა, დიდი ალბათობით, კარგად იცოდა გერმანიის გენერალური შტაბისა და ლენინის კავშირების შესახებ. თუმცა, ვერანაირად ვერ დაუშვებდა თავისი მასწავლებლის კომპრომეტაციას. მიიჩნევდა, რომ ლენინის „სიწმინდე“ არ უნდა შებღალულიყო. ლენინის კომპრომეტაცია, მთელი ბოლშევიკური მოძრაობის კომპრომეტაცია იქნებოდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, სტალინისაც და ასეთი რამ საბჭოთა ბელადისთვის ყოვლად მიუღებელი იყო. მამაჩემს არ უყვარდა ამ თემაზე ლაპარაკი. თუმცა, ერთხელ ერთ-ერთი საუბრისას მითხრა: ლენინი, რა თქმა უნდა, დიდი ადამიანი იყო, საკმაოდ ჭკვიანიც, მაგრამ მას მაინც გერმანელები ათამაშებდნენ და შემდგომ სწორედ სტალინს მოუწია მისი (ლენინის) დანაშაულების გამოსწორებაო. მამაჩემი სიტყვებს არასოდეს ისროდა ჰაერზე და თუკი რაიმეს იტყოდა, ამას აუცილებლად მყარი საფუძველი ჰქონდა. ალბათ, საფუძვლიანი იყო მისი ეს ნათქვამიც“.

ფაქტებითაა დამტკიცებული, რომ სწორედ ლენინის დამსახურება იყო პირველი მსოფლიო ომიდან რუსეთის გამოთიშვა გერმანიის სასარგებლოდ და მიწებისა და რესურსების დათმობა. რაც შემდგომში სტალინმა სამმაგად დაიბრუნა უკან.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი