ბელადები

როგორ იყენებდა თავის გავლენას ბერია საქართველოსთვის

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სტალინის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო საბჭოთა კავშირში. ამასთანავე, სტალინურ პოლიტბიუროში მას ყველაზე მეტი ინტელექტიც ჰქონდა, ასე რომ, სტალინმა შემთხვევით როდი დააწინაურა ის პროვინციიდან ცენტრში.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერია თავის გავლენას არც თუ ისე იშვიათად, საქართველოს სასიკეთოდ იყენებდა. შემდგომში ეს ფაქტები ბერიას ბრალდებაშიც აისახა. თუმცა, ბერიას ქმედებებში კრიმინალური არაფერი ყოფილა. მაგალითად, 1946 წელს, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირში ოქროს მარაგის გაორმაგება უნდა მომხდარიყო. ეს სტრატეგიული საქმე იყო, ამიტომ, ატომური პროექტის პარალელურად, ეს საქმე ბერიას დაევალა. ლავრენტი პავლეს ძეს სრული კარტ-ბლანში მიეცა და მან ამ დავალების შესრულებას ჩვეული ენერგიით მოჰკიდა ხელი. ბერიამ შექმნა გეოლოგთა ჯგუფი, რომლებმაც ახალი საბადოები აღმოაჩინეს. ბერიამ საბადოთა 90 პროცენტის უფროსებად ქართველები, ანუ თავისი თანამემამულეები დანიშნა. აშენდა საიდუმლო საცავები ამ სტრატეგიული მარაგისთვის და ერთ-ერთი საცავი თბილისში ააშენეს. ძირითადად, ციმბირის საბადოებიდან სტრატეგიული ოქროს მარაგის 25 პროცენტი, ანუ მეოთხედი, თბილისში ინახებოდა და მარშალ ბერიას ერთ-ერთ ბრალდებად სწორედ ეს ფაქტი წაუყენეს. სისულელეა იმის თქმა, რომ თითქოს ბერია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ამზადებდა და ოქროს იმიტომ ინახავდა თბილისში. თუმცა, შესაძლოა, ეს სიმართლისგან არც ისე შორს ყოფილიყო. ბერია ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. მოვლენების წინასწარ განჭვრეტა შეეძლო და ვინ იცის, შეიძლება, ამაზეც კი ფიქრობდა... ფაქტი კი ფაქტად რჩება: ბერიამ თბილისში სამხედრო ცენტრი შექმნა. ვგულისხმობ, ამიერკავკასიის სამხედრო შტაბს და ესეც ძალიან სტრატეგიული სვლა იყო. ხუმრობა ხომ არაა, რომ ამიერკავკასიის საჰაერო თავდაცვის სისტემა ისეთივე უმაღლესი ხარისხის იყო, როგორც მოსკოვისა. ბერიამ, სიმართლე რომ ვთქვათ და ობიექტურნი ვიყოთ, 1952 წლისთვის საქართველო, პირველ რიგში და მთელი ამიერკავკასია, მიუდგომელ ციხესიმაგრედ გადააქცია სამხედრო კუთხით. განავითარა ეკონომიკა და რაც უმნიშვნელოვანესი იყო, შექმნა ძვირფასი ქვებისა და ლითონების სტრატეგიული მარაგი. იმ პერიოდში ამიერკავკასიას და თუნდაც, მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებელი ცხოვრება რომ დაეწყო (ვგულისხმობ 1952 წელს) ქვეყანა და მთლიანად რეგიონი თავისუფლად გაიტანდა თავს და ჩაერთვებოდა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ცხოვრების ფერხულში, ანუ განხორციელდებოდა სრულფასოვანი ინტეგრაცია. თუმცა, გამორიცხულია, რომ ბერია საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოყოფას გეგმავდა. ეს სრული აბსურდია. თუმცა, სწორედ ასეთი ბრალდება გაჟღერდა ბერიას მიმართ სასამართლოზე. ლავრენტი პავლეს ძე საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო, რომ ასეთი სურვილები გასჩენოდა. მას თავისი სამშობლოსთვის უკეთესი, ბევრად უკეთესი ვარიანტი ჰქონდა შერჩეული. ბერიას, ფაქტობრივად, მიღწეული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ეს აბსოლუტური სიმართლე იყო. ეს დამოუკიდებლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ საქართველოში ყველა საკვანძო პოსტი ქართველებს ეკავათ. საქმის მთავარი საწარმოებელი ენა ქართული იყო. ქვეყანაში, ფაქტობრივად, თავისუფალი ბაზარიც არსებობდა და ადამიანებს კერძო ბიზნესის წარმოება შეეძლოთ, რაც კოოპერაციით იყო შეფუთული. ხალხის ცხოვრების დონე აღწევდა მაღალ ევროპულ სტანდარტებს და განუწყვეტლივ მიიწევდა ზევით. უდიდესი ყურადღება ექცეოდა ეროვნულ კულტურას, მეცნიერებასა და ხელოვნებას. სპორტული მიღწევები კი მსოფლიო დონის იყო. ერთი სიტყვით, საქართველოში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. სტალინის გარდაცვალების პერიოდისთვის მზიური საქართველო ნომერ პირველი რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში. ყველაფერთან ერთად, ლავრენტი ბერია ძირძველი ქართული მიწების დაბრუნებას გეგმავდა და ამ გეგმას ის აუცილებლად განახორციელებდა, ასე ვერაგულად რომ არ მოეკლათ. ერთი სიტყვით, ბერია სტალინის ღირსეული მემკვიდრე იყო და სტალინზე მეტს თუ არა, სტალინის ტოლ-სწორ საქმეებს გააკეთებდა და საბჭოთა კავშირის სუპერმოდერნიზაციას განახორციელებდა. ის სწორედ ამიტომ მოიშორეს თავიდან. ბერიას მკვლელობა კარგად დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია იყო, რაც, მართალია, შინაურების ხელით განხორციელდა, მაგრამ ის ქვეყნის გარეთ დაიგეგმა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საბჭოთა პარტიული ხელმძღვანელობისა და დასავლეთის მმართველი წრეების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. არც დასავლეთს აძლევდა ხელს აღმშენებელი რეფორმატორი, რომელიც მათი კონკურენტი იქნებოდა. არც პარტიულ ხელმძღვანელობას სჭირდებოდა მმართველი, რომელიც მათ ძალაუფლებას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. ამიტომ, ლავრენტი პავლეს ძე ბერია ვერაგულად მოკლეს და ქვეყნის რღვევაც დაიწყო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი