ბელადები

რისთვის და როგორ იყენებდა ბერია კრიმინალურ კლანებს

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.06

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია კრეატიული ადამიანი იყო და მისთვის მინდობილ ყოველ საქმეს შემოქმედებითად უდგებოდა. ამ ყველაფრის შესასრულებლად კი ბერია უშიშროების სამსახურს იყენებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იყო უეფექტურესი ინსტრუმენტი.

პოლკოვნიკი ოლეგ სივუხა: „ლავრენტი ბერია უდიდესი ინოვატორი იყო. მას ისეთი იდეები მოსდიოდა თავში, რასაც სხვა ვერ მოიფიქრებდა. თანაც, თავის ჩანაფიქრს უმალვე ახორციელებდა და ყოველთვის უმაღლესი დონის შესრულებაც გამოსდიოდა. სიტყვა ნაწარმოები მე ტყუილად როდი ვიხმარე. ბერიას ხელოვნების დონეზე ჰქონდა აყვანილი ყველაფერი და შედევრებს ქმნიდა...

ბერიას ერთ-ერთი ასეთი შედევრი იყო გლობალური საინფორმაციო ქსელის შექმნა, რომელიც მან (ბერიამ) ჯერ კიდევ საქართველოში მოღვაწეობისას განახორციელა. ლავრენტი ბერია, სულ რაღაც, 23 წლის იყო, როდესაც საქართველოს საიდუმლო ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მყოფმა, საქართველოს მოქალაქეებსა და რესპუბლიკაში შემომსვლელ-გამსვლელებზე სრული დოსიეების შეგროვება დაიწყო. ბერიამ ამ დოსიეებს კატეგორიები დაუწესა და პირველ რიგში, არასაიმედო და პოტენციურ ჯაშუშებზე დაიწყო დოსიეების შეგროვება. ასევე, აგროვებდა ცნობებს კრიმინალურ ელემენტებზე – რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულისადმი ჰქონდათ მიდრეკილება. დროთა განმავლობაში კი ბერიამ თავისი ძალისხმევა გააასმაგა. უკეთესი იდეა მოუვიდა თავში და კრიმინალურ-ქურდული დაჯგუფების ჩამოყალიბება დაიწყო. ბერიამ მეგრული კუთხური კრიმინალური ქსელი შექმნა, რომლის პრინციპი ასეთი იყო – ქსელის სათავეში კანონიერი ქურდი იდგა, როგორც სისტემის მაკონტროლებელი და მთელი ინფორმაცია მასთან გროვდებოდა. საქმე კი ის იყო, რომ კლანის მმართველს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ბერიასთან იყრიდა თავს. ბერიას ინფორმატორი კი ყოველთვის კლანის უფროსის თანაშემწე იყო და მისი მეშვეობით ხორციელდებოდა ხოლმე კავშირიც და უკუკავშირიც. საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას მიერ შექმნილი სისტემის მეთაურთა 90 პროცენტმა მეოცე საუკუნის მიწურულამდე იცოცხლეს და კრიმინალურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. და სანამ ბერია ცოცხალი იყო, ის სრულად ფლობდა ქვეყანაში მიმდინარე კრიმინალურ სიტუაციას და არა მარტო ინფორმაციებს იღებდა, არამედ მართავდა პროცესებს და შესაბამისი საჭიროებებისთვის იყენებდა კიდეც მათ. გასაგები მიზეზების გამო ამჟამად თავს შევიკავებ იმ კრიმინალური ავტორიტეტების ვინაობების დასახელებისგან. ერთს ვიტყვი, თითქმის ყველა მათგანი ან მეგრელი იყო, ან წარმოშობით აფხაზეთ-სამეგრელოდან. სხვათა შორის, ბერიას მიერ შექმნილმა ამ სისტემამ დიდი ეფექტურობით იმუშავა დიდი სამამულო ომის დროს. ძირითადად, ეს ავტორიტეტები პროპაგანდას ეწეოდნენ და პატიმრებს მოუწოდებდნენ, ფრონტზე წასულიყვნენ და სიცოცხლის ფასად დაეცვათ სამშობლო. ბევრი ავტორიტეტი კი პირადად გაემგზავრა ფრონტზე და თავდაუზოგავად იბრძოდა. არაერთმა მათგანმა მაღალი სახელმწიფო ჯილდოც კი მიიღო. იყვნენ ისეთებიც, ვინც საბჭოთა კავშირის გმირობა მოიპოვა. ერთი სიტყვით, სწორი მიდგომის შედეგად ლავრენტი ბერიამ კრიმინალური სამყარო ქვეყნის სამსახურში ჩააყენა. თანაც, ეს ისე განახორციელა, რომ მათი ღირსება არ შეულახავს.

ბერიამ კრიმინალური სისტემა სხვა მიმართულებითაც გამოიყენა. ბერიამ „ენკავედეს“ აგენტებს დანაშაულებრივი ჯგუფები შეაქმნევინა ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე. ეს ჯგუფები, გარდა ინფორმაციის მოწოდებისა და სადაზვერვო ფუნქციების შესრულებისა, მეხუთე კოლონის როლსაც ასრულებდნენ და საჭიროების შემთხვევაში შეიარაღებული გამოსვლაც კი შეეძლოთ. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ საზღვარგარეთ მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებების საერთო ფულის 50 პროცენტი „ჩეკას“ საიდუმლო ანგარიშებზე აკუმულირდებოდა და მათ იყენებდნენ იმ საიდუმლო ოპერაციების დასაფინანსებლად, რომლებსაც საბჭოთა დაზვერვა ატარებდა. ხშირ შემთხვევაში, ზემოხსენებულ საიდუმლო ოპერაციებში იქ მოღვაწე კრიმინალური ელემენტებიც მონაწილეობდნენ. ერთი სიტყვით, ლავრენტი ბერია ყველა სფეროს იყენებდა სახელმწიფოს სასიკეთოდ და ასეთი რამ იმ პერიოდისთვის დიდი სიახლე იყო. მართალია, ბერიას გარდაცვალების შემდეგ მის მიერ შექმნილი საიდუმლო სტრუქტურები, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც, დარჩნენ, მაგრამ მათ ისე ხშირად ვეღარ იყენებდნენ და ეფექტურობამაც საგრძნობლად იკლო... ერთი სიტყვით, ამ სისტემაში ყველაფერი ბერია იყო და მასზე იდგა მთელი სისტემაც.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი