სად გაქრა ორი ქართველი, რომლებიც კოსმონავტთა მომზადებაში მონაწილეობდნენ
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00
ლავრენტი პავლეს ძე ბერია გენიალური მენეჯერი და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება ტექნიკური პროგრესი ყველა სფეროში, რომელიც შემდგომ ხრუშჩოვმა საკუთარ თავზე მიიწერა.
პროფესორი ისააკ რუდნევი: „ბერიას თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ გენიალური ინოვატორი. ეს ადამიანი რომ საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელი არ ყოფილიყო, სავარაუდოდ, ის დიდი მეცნიერი გამოვიდოდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნობელის პრემიასაც კი მიიღებდა.
ჩემი სიტყვების დასტურია ის მიმართულებები, რის მწვერვალებსაც საბჭოეთმა ლავრენტი პავლეს ძე ბერიას კურატორობისას მიაღწია, თანაც, ფაქტია, რომ ლავრენტი პავლე ძეს სულაც არ სურდა არც პოლიტიკოსობა, არც მთავრობის წევრობა და მას მეცნიერება და ტექნიკა იტაცებდა. ფაქტია, რომ 24 წლის ბერიამ, რომელსაც საქართველოს „ჩეკაში“ საგანგებო-ოპერატიული განყოფილების უფროსის პოსტი ეკავა, სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, რომ გაეთავისუფლებინათ „ჩეკისტური“ სამსახურიდან და საშუალება მიეცათ, ტექნიკური ცოდნის მისაღებად სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში. სერგო ორჯონიკიძემ ამ თხოვნას რეზოლუცია დაადო: „კატეგორიული უარი ეთქვას თხოვნაზე მიზეზით, რომ ამხანაგი ლავრენტი პავლეს ძე ბერია უფრო საჭიროა „ჩეკაში“... რთული პერიოდი იყო. საბჭოთა ხელისუფლება ძალებს იკრებდა. ძლიერი, განათლებული, პროფესიონალი კადრები თითზე ჩამოსათვლელი იყო. ბერია კი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ასაკითა და გამოცდილებით. ამიტომ, ამ უარის მერე ლავრენტი პავლეს ძე მალევე დააწინაურეს და ის შეეგუა თავის ბედს, „ჩეკაში“ დარჩა სამუშაოდ და საქართველოში უძლიერესი სპეცსამსახური შექმნა. შემდგომ ლავრენტი ბერია თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს უკვე საკავშირო მასშტაბით გამოიყენებს და ბევრად უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მანამდე კი საქართველოში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს. სტალინი მას დიდი ყურადღებით აკვირდება და მოსკოვში გადასაყვანად ამზადებს. ამასობაში კი საქართველოში რესპუბლიკის საოცარი განვითარება ხორციელდება. ყველაფერთან ერთად, ლავრენტი ბერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მეცნიერების განვითარებას, მის ტექნიკურ დარგს და ქვეყანაში ტალანტების აღორძინების საქმითაა დაკავებული. მოგვიანებით, ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იტყვის: „მამა დიდად ერუდირებული ადამიანი იყო. ბევრს კითხულობდა. დიდ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი არ ეთაკილებოდა სწავლა და ნებისმიერ სფეროში იოლად ითვისებდა ყველაფერს. მისი რჩევით, მე ტექნიკური პროფესია ავირჩიე და როგორც მივხვდი, რაც პარტიული მუშაობის გამო თვითონ ვერ განახორციელა, უნდოდა, რომ იმისთვის მე მიმეღწია. მოგვიანებით მე ელექტროინჟინრის პროფესიას დავეუფლე და ჩემს კოლეგებთან ერთად, საიდუმლო პროექტებს ვახორციელებდი ელექტრონიკის დარგში. მამა ხშირად მეხმარებოდა თავისი იდეებით, რჩევებითა და საბჭოთა ტექნიკური მეცნიერებების დარგში მიღწევები ხშირად მამაჩემის იდეებზე იყო დაფუძნებული. მამა კურირებდა სარაკეტო-კოსმოსურ დარგებსაც. ეს პროგრამები მამაჩემის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა. თუმცა, ინერციით, ამ პროგრამების პიკი ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის პერიოდში დადგა. ხრუშჩოვმა კი ეს წარმატებები საკუთარ თავზე მიიწერა, მაგრამ ეს სრულად მამაჩემის დამსახურება იყო და ის, რომ არ მოეკლათ, ამ სფეროებსა და სხვა დარგებში მიღწევები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა...“
სერგო ბერია აბსოლუტურ სიმართლეს ლაპარაკობს. თუნდაც ის აზრი რად ღირს, რომ კოსმოსური თანამგზავრები ჯაშუშებად გამოეყენებინათ. საბჭოთა კავშირი ემზადებოდა კიდეც ამისთვის. თანამგზავრიც მზად იყო, გამშვები რაკეტაც, მაგრამ ბერიას ვერაგულმა მკვლელობამ ეს პროცესი 4 წლით შეაფერხა. პირველი თანამგზავრი მხოლოდ 1957 წელს გაუშვეს კოსმოსში, თანაც, არა, როგორც ჯაშუში და სივრცის მაკონტროლებელი, არამედ, როგორც პირველობას აღმნიშვნელი და ამერიკელებისთვის ნიშნის მოსაგები... სამაგიეროდ, ამერიკელებმა განავითარეს ეს იდეა და ჯაშუში თანამგზავრებით აავსეს კოსმოსური სივრცე. რა თქმა უნდა, ბერიას ცალსახა დამსახურება იყო კოსმოსში პირველი ადამიანის გაშვებაც. ჯერ კიდევ 1950 წელს დაიწყო ბერიამ კოსმონავტთა ქალაქის, ზვიოზდნის (ვარსკვლავური), მშენებლობა და სახელიც მანვე შეურჩია. პირველი კოსმონავტური ჯგუფის ჩამოყალიბების ბრძანებაც მან გასცა და მოსამზადებელი პროგრამაც შემუშავდა. ნიშანდობლივია, რომ პირველ კოსმონავტთა ჯგუფში ორი ქართველიც გადიოდა მომზადებას. ბერიას მკვლელობის მერე კი ამ ჯგუფიდან ორივე გარიცხეს და მათ შესახებ არასდროს არაფერი თქმულა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



