ბელადები

როგორ გადაარჩინა სტალინმა კრონშტადტი სისხლისღვრას

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 54 წუთის წინ

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის მმართველი იყო, ვინც ქვეყნის პრესტიჟს იოტისოდენადაც არავის შეაბღალინებდა და თუკი ვინმე შეეცდებოდა ამგვარად მოქცევას ან უარესი – მოიქცეოდა, პასუხსაც ადეკვატურს მიიღებდა და უმკაცრესად დაისჯებოდა...

მწერალი ედვარდ რაძინსკი: „სტალინი უმკაცრესად იცავდა საბჭოთა კავშირის პრესტიჟს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. მან სპეციალური დადგენილება გამოაქვეყნა, რომელსაც დაცვის კანონი უწოდეს. ამ კანონის მიხედვით, აკრძალული იყო საბჭოთა ქვეყნის სიმბოლიკის შებღალვა, დაცინვა. ამ კანონის მიხედვით, თუკი საბჭოთა მოქალაქეებს საზღვარგარეთ ვინმე ზიანს მიაყენებდა, ისიც მკაცრი სასჯელის ქვეშ უნდა მოხვედრილიყო, ანუ, სახელმწიფო უმკაცრესი დაცვის ქვეშ ამყოფებდა თავის ქვეშევრდომებს და ნებისმიერი მათგანისთვის ნებისმიერი ზიანის მიყენება ქვეყნისადმი ზიანს უთანაბრდებოდა... ამ კანონს თან ერთვოდა, ეგრეთ წოდებული, დახურული განმარტება. მასში ეწერა, რომ ამ კანონის დამრღვევ პირებსა თუ ორგანიზაციებს საკადრის პასუხს გასცემს სპეციალური ორგანო, რომელიც ემორჩილება საბჭოთა მთავრობის სპეციალურ საბჭოს გადაწყვეტილებას. სპეციალური საბჭო, ფაქტობრივად, თავად სტალინი იყო, რომელიც პირადად წყვეტდა პასუხის ხარისხს. სპეციალური ორგანო კი „ჩეკისტური“ ჯგუფები იყვნენ. ისინი ან იტაცებდნენ შეურაცხმყოფელს ან, სულაც, ფიზიკურად ანადგურებდნენ...

ძალიან ნიშანდობლივი რამ მოხდა 1948 წელს დასავლეთ ბერლინში. ერთმა ჯგუფმა, რომლის წევრები საკუთარ თავს პაციფისტურ ორგანიზაციად წარმოადგენდნენ, ქალაქ ბონში საპროტესტო ანტისაბჭოთა აქცია გამართა და საბჭოთა დროშები დაწვეს. პროტესტანტები ნიღბებში იყვნენ და სახეები არ უჩანდათ. ამ აქციიდან სამი დღის მერე ამ ორგანიზაციის სამსართულიანი შტაბ-ბინა უმაღლეს პროფესიულ დონეზე აფეთქდა. ის ისე ჩამოიშალა, რომ ნამსხვრევები არავის და არაფერს მოხვედრია. და რადგან ეს ღამის 3 საათზე განხორციელდა, არავინ დაღუპულა. ერთადერთ დარაჯს კი ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ის სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას, თუ სიკვდილი არ სურდა. ყველანი მიხვდნენ, თუ საიდან უბერავდა ქარი და ვისი ნამოქმედარი იყო ეს ტერორისტული აქტი. თუმცა, დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობდა და ამის მერე მსგავსი აქციები, სტალინის სიცოცხლეში, თითქმის არ ხდებოდა. ხოლო თუკი ვინმე გაკადნიერდებოდა, პასუხიც არ აგვიანგებდა. მავანნი ასეთ ფაქტებს სტალინის პათოლოგიურობას მიაწერდნენ. თუმცა ეს იყო სისტემების დაუნდობელი ბრძოლა ერთმანეთთან და არც თუ ისე იშვიათად ეს უსასტიკეს ფორმებს იღებდა ხოლმე. მომავალში ამერიკელებმაც ანალოგიური კანონი მიიღეს, რომელიც დღემდე აქტიურად მოქმედებს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კი ხრუშჩოვმა ეს კანონი გააუქმა. სტალინი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, უაღრესად გამოცდილი. შესანიშნავად იცოდა არა მარტო, ზოგადად, ადამიანის ფსიქოლოგია, არამედ მასების ფსიქოლოგიაც და ამ ცოდნას ყოველთვის დიდი წარმატებით იყენებდა. საბჭოთა ბელადმა იცოდა, როდის, სად რა ხერხი ეხმარა წარმატების მისაღწევად და არასდროს უშვებდა შეცდომას. საბჭოთა ბელადი უზადო მანიპულატორი იყო და საჭიროებისამებრაც იყენებდა ამ ყველაფერს...

ძალიან ნიშანდობლივი ისტორია განვითარდა 1919 წელს კრონშტადტში. იქაური მეზღვაურები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თავიანთი მეთაურების მიმართ და ერთი ჯგუფის წაქეზებით, მათ ტყვედ აიყვანეს მთელი უფროსობა და დახვრეტას უპირებდნენ. შეიქმნა ძალიან საშიში მდგომარეობა. არ იყო გამორიცხული, რომ ისინი პეტროგრადზე იერიშით წამოსულიყვნენ და ბევრი სისხლი დაღვრილიყო. ლენინმა სტალინს დაავალა ამ მდგომარეობის განმუხტვა და ის აჯანყებულ მეზღვაურებთან გაემართა. სტალინი მეზღვაურებმა მტრულად მიიღეს და გამაყრუებელი სტვენითა და მუქარით შეხვდნენ. იმ მოვლენის მონაწილე მიჩმანი კოვალიოვი ყვებოდა: „სტალინმა უშიშრად, სრულიად მარტომ, გაიარა აბობოქრებული მეზღვაურების რიგები, გემის ზარბაზანზე შედგა და თქვა: გმირო კონშტადტელო მეზღვაურებო ბალტიის ფლოტისა, თქვენი გმირული საქმეების მომსწრეა ეს წყალი, ეს გემი, ეს კედლები და რა თქმა უნდა, ეს ციხესიმაგრე. ამ თქვენს აჯანყებაში კი გმირულს ვერაფერს ვხედავ და თუკი თქვენს მეთაურებს სიკვდილით დასჯას უპირებთ, დე, მე ვიყო პირველი!“

სტალინმა მთელი სამხედრო ამუნიცია ძირს დაყარა და ნელი ნაბიჯით გაემართა ციხესიმაგრისკენ, იქ, სადაც დაპატიმრებული მეთაურები ჰყავდათ გამოკეტილი. ამ სვლამ გაჭრა. სტალინს ამუნიცია დაუბრუნეს. მეთაურები გაათავისუფლეს. განხორციელდა მოკვლევა და დასასჯლი დაისაჯა. სისხლისღვრა აღარ მოხდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი