რატომ არ მისცა სტალინმა ხმა მეფის ოჯახის განადგურებას
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი რუსული რევოლუციური მოძრაობის მთავარი ფიგურა იყო, რა თქმა უნდა, ლენინთან ერთად, თუმცა, რომ არა კობა (სტალინის ისტაკქვეშა ფსევდონიმი), შესაძლოა, ლენინის ბელადობა არც კი შემდგარიყო და ბოლშევიკურ მოძრაობას ბოლოც კი მოჰღებოდა.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ტროცკისგან განსხვავებით, ლენინი დარწმუნებული იყო, რომ იოსებ სტალინი რევოლუციური მოძრაობის მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. ოქტომბრის რევოლუციის ბელადს, ლენინს, ამის თქმის მიზეზი ჰქონდა. მას მშვენივრად ახსოვდა სტალინის გადამწყვეტი როლი იმ ყრილობაზე, სადაც საბოლოოდ, ჩამოაყალიბა ბოლშევიკ რევოლუციონერთა მთავარი ბირთვი, იმ ხალხის შემადგენლობით, ვინც წლების მერე რევოლუცია მოახდინა და პირველ საბჭოთა მთავრობას ჩაუდგა სათავეში, გარდა ერთი ადამიანისა. ეს ადამიანი ლეიბა ბრონშტეინი, იგივე ტროცკი იყო... იმ ყრილობაზე მარქსისტებმა ერთმანეთს საშინლად „დააყარეს“ და უმეტესობა ლენინის წინააღმდეგ წავიდა. მათ არ მოსწონდათ მომავალი ბელადის ტაქტიკა და ის საშინელი რევოლუციური ქაოსი, რაც რუსეთში ლენინისეული გეგმის განხორციელებას მოჰყვებოდა. მარტოვისა და პლეხანოვის აზრებს ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი და სხვა ცნობილი მოღვაწეები ეთანხმებოდნენ. ყველა ისინი მზად იყვნენ, ანტილენინური გზით წასულიყვნენ. ლენინი კი აბსოლუტურ უმცირესობასა და მინუსში იყო. სტალინმა იმდენი შეძლო, რომ ზინოვიევ-კამენევის ტანდემი ლენინის მხარეზე გადაიყვანა. მათთან ერთად გადაიბირეს ბუხარინი და სხვებიც. ისე მოხდა, რომ მომავალ კენჭისყრაზე ხმები თანაბრად გაიყო. ტროცკიც კი წინააღდეგი წავიდა ლენინის მიდგომისა ამ საქმისადმი. თუმცა მოგვიანებით რადიკალურზე რადიკალურ რელსებზე გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე პერმანენტულ მსოფლიო რევოლუციას ქადაგებდა. ასეთ სიტუაციაში სტალინის ხმა გახდა გადამწყვეტი და კენჭისყრაში მონაწილეები, რომლებიც ლენინის მხარეს იდგნენ, ბოლშევიკები გახდნენ. ანტილენინელები კი – მენშევიკები. წლების მერე, როცა უკვე ბოლშევიკები ქვეყანას მართავდნენ და ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ ცხარე დებატები იმართებოდა, ტროცკი თავისი პოზიციის გასამყარებლად ყოველთვის ლენინს იშველიებდა. თუმცა, სტალინი და სხვები მას მაშინვე იმ ძველ ამბავს ახსენებდნენ – იმ ყრილობას, როცა სტალინის ძალისხმევით, ლენინურმა გზამ უმრავლესობა მოიპოვა და მისი მიმდევრები ბოლშევიკები გახდნენ, ტროცკი კი მენშევიკებთან დარჩა.
ვლადიმერ ლენინი რევოლუციის იდეით შეპყრობილი ადამიანი იყო. მას მიაჩნდა, რომ არსებული ცარიზმის წეს-წყობილება აუცილებლად შეიარაღებული გზით უნდა შეცვლილიყო და მეფე მმართველობას ჩამოშორებოდა. ლენინს საშინელი შურისძიების ჟინი ამოძრავებდა და ეს არც იყო გასაკვირი. მას რომანოვების დინასტიის გაწყვეტა სურდა და აისრულა კიდეც წადილი. რომანოვებმა ლენინის უფროსი ძმა სიკვდილით დასაჯეს და ამან წარუშლელი კვალი დატოვა მასში. ამიტომ ლენინს მოკავშირედ მიაჩნდა ყველა ის ადამიანი, ვინც მას შეიარაღებული აჯანყების მოწყობაში დაეხმარებოდა. მართალია, სტალინი ლენინს ნამდვილად დაეხმარა რევოლუციის მოწყობაში და მასთან ერთად ჩაიბარა ქვეყანა, მაგრამ, როდესაც გადამდგარი მეფის ოჯახის დახვრეტის საკითხი ხმის უმრავლესობით წყდებოდა, სტალინი ამის წინააღმდეგი წავიდა. სამაგიეროდ, ტროცკიმ დაუჭირა მხარი და ლენინთან ერთად, მეფის ოჯახის ჯალათი გახდა.
ლენინის მძღოლი, გვარად გილი, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ასეთ ამბავს ყვებოდა: „ლენინს ყოველთვის კრემლის მოსაცდელ ოთახში ველოდებოდი. ეს ოთახი იმ დარბაზის წინ მდებარეობდა, სადაც პოლიტბიუროს სხდომები იმართებოდა. იმ საღამოს, როცა ნიკოლოზ მეორესა და მის ოჯახს დახვრეტა მიუსაჯეს, კრემლში ვიყავი და მოსაწევად სპეციალურ ოთახში უნდა გავსულიყავი. დერეფანში რომ გამოვედი, პოლიტბიუროს დარბაზიდან ლენინი გამოვარდა. კედელს თავი მიადო და ატირდა. მე ილიჩთან მისვლა განვიზრახე, მაგრამ ამ დროს პოლიტბიუროს ოთახიდან სტალინი გამოვიდა, ლენინს მიუახლოვდა და უთხრა:
– ვლადიმერ ილიჩ, იქნებ გავაუქმოთ ეს დადგენილება. ხელახლა ვუყაროთ კენჭი და ნიკალაშკა და მისი ოჯახი ქვეყნიდან გავუშვათ. თქვენც სიმშვიდეს მოიპოვებთ და ისინიც, ვინც მხარი დაგიჭირათ.
ლენინმა ცრემლიანი მზერა მიაპყრო სტალინს და უთხრა:
– თქვენი აზრით, კობა, სინანულით ვტირი? ცდებით? ეს სიხარულის ცრემლებია. რომანოვებმა ძმა მომიკლეს, მე კი რომანოვებს გავწყვეტ!
სტალინს პასუხი არ გაუცია და გრძელ დერეფანს გაუყვა.“
ლენინის მძღოლის მონაყოლი ნათლად გვიჩვენებს, რომ ის არ ყოფილა ლენინივით ცივსისხლიანი ჯალათი და სასტიკი შურისმაძიებელი. არამედ იყო სამართლიანი მმართველი და აღმშენებელი.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




