ბელადები

სად და რატომ შეხვდა ბერია ვალტერ შელენბერგს

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.01, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია კომუნისტური ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო და მოწინააღმდეგეებთან შეურიგებელი ბრძოლა ევალებოდა, ეს ადამიანი მტრებთანაც ახერხებდა საერთო ენის გამონახვას საქმის ინტერესებიდან გამომდინარე...

გენერალი ალექსეი კლიმოვი: „ბერია პროფესიონალი იყო. მან მშვენივრად იცოდა საქმიანი ურთიერთობების ფასი და თავის გრძნობებსა და იდეოლოგიურ კლიშეებს არასდროს გადააყოლებდა საქმის ინტერესებს. რომ იტყვიან, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ბერია თვით ეშმაკთანაც კი დადებდა ხელშეკრულებას და ეს ასეც იყო. 1944-1945 წლებში დაზვერვის მეკავშირე ოფიცერი ვიყავი და ბერიას პირად დავალებას ვასრულებდი. ამ როლზე კი იმიტომ ამირჩია, რომ სადაზვერვო სკოლა მქონდა დამთავრებული და გერმანულ ენას შესანიშნავად ვფლობდი. 1945 წლის დასაწყისში ბერიასთან მიმიყვანეს და მან ვალტერ შელენბერგთან კავშირის დასამყარებლად გამგზავნა. შელენბერგი ფაშისტური გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო. მე მისთვის ბერიას დანაბარები უნდა გადამეცა და მათი კონფიდენციალური შეხვედრისთვის ნიადაგი მომემზადებინა. საამისოდ, შესაბამისად გამომაწყვეს და 16 იანვარს საიდუმლოდ ბერლინში გადამისროლეს. შელენბერგთან შეხვედრაზე ჩავეწერე როგორც რიგითი თანამშრომელი და მისსავე კაბინეტში შევხვდი - ჩემი ვიზიტის ნამდვილი მიზანი წერილობით გავაცანი, რადგან მოსმენის საშიშროება არსებობდა. ეს წერილი კი ჩემი ხელით დავწერე შელენბერგის მისაღებში. მან წერილი წაიკითხა და ღიმილით მითხრა: ჩემი კაბინეტი არ ისმინება. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ისე კი უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგით მოსვლით. დავფიქრდები და პასუხს ხვალ დილით, აქ გაგცემთ. თქვენზე საშვი იქნება გამოწერილი და თავისუფლად შემოხვალთო.

მეორე დღეს შელენბერგმა დალუქული წერილი გადმომცა და მითხრა: ძირითადი აქ წერია. ბატონ ბერიას კი ჩემგან სიტყვასიტყვით გადაეცით, რომ მისი პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ და დიდ პატივს ვცემო.

24 საათში წერილი ბერიას მივუტანე მოსკოვში და შელენბერგის სიტყვებიც გადავეცი, რაზედაც ბერიას გაეღიმა...

ბერიასა და შელენბერგის შეხვედრა 2 კვირის შემდეგ შვედეთში, გრაფ ბერნადოცის ვილაში შედგა. ბერიამ თავის ფაშისტ კოლეგას სრული ხელშეუხებლობა შესთავაზა, სამაგიეროდ, მას და მის ჯგუფს ხელი უნდა აეღოთ სეპარატული მოლაპარაკებებისგან ანგლო-ამერიკელებთან. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დათანხმებოდნენ მათთან თანამშრომლობას საბჭოეთის წინააღმდეგ, თუკი ასეთი შემოთავაზება იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერია შელენბერგს დაემუქრა, რომ მის მაკოპრომატირებელ მასალებს ჰიტლერს გაუგზავნიდა. საქმის ასეთი შემობრუნება შელენბერგს არანაირად არ აწყობდა და ბერიას დაეთანხმა.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერია სიტყვის კაცი იყო და შელენბერგს სიცოცხლე შეუნარჩუნა. თუმცა, რომ იტყვიან: არა ლამაზი თვალების გამო... არამედ იმიტომ, რომ უამრავ საიდუმლოს მფლობდა და ომის მერე ძალიან გამოგვადგებოდა. ასეც მოხდა. შელენბერგმა დიდი სამსახური გაგვიწია, როგორც ჩვენი პროფილით, ასევე სამეცნიერო-ტექნიკური კუთხითაც. ერთი სიტყვით, ბერიას გათვლამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ასი პროცენტით გაამართლა...“

შელენბერგმა საბჭოთა დაზვერვას ის აგენტურული ქსელი გაუმხილა, რომელიც ანგლო-ამერიკელებისთვის მუშაობდა საბჭოთა კავშირში და ფაშისტური დაზვერვა ამის საქმის კურსში იყო. არანაკლები სამსახური გაუწია შელენბერგმა საბჭოეთს, როდესაც გერმანული სამხედრო ტექნოლოგიები გადასცა ბერიას და ესენია: სარაკეტო (შემდგომში კოსმოსური) სატანკო-საჯავშნო, აგრეთვე, მედიცინისა და ბიოლოგიის სფეროში. ფაშისტები ამ კუთხით მრავალ საიდუმლო (ხშირ შემთხვევაში აკრძალულ) ექსპერიმენტს ატარებდნენ და ძალიან წინ იყვნენ წაწეული. სამაგიეროდ, ბერიამ შელენბერგი ეგრეთ წოდებული „ებრაელი მონადირეებისგან“ დაიცვა, რომლებიც ფაშისტ მაღალჩინოსნებზე ნადირობდნენ ომის მერე. შელენბერგს ააცილა ასევე, ნიურნბერგის მკაცრი სასჯელიც...

გენერალი პავლე ფიტინი: „შელენბერგზე ვერ ვიტყვი, რომ ის ჩვენი აგენტი იყო - ეს ტყუილი იქნება. უბრალოდ, ბერიამ თავისი მოხერხებისა და წინდახედულობის უნარის სწალობით, ეს ადამიანი ნებისმიერ აგენტზე უკეთ გამოიყენა და თავადაც გამოადგა.“

შელენბერგი 42 წლის ასაკში მძიმე დაავადებისგან მილანში გარდაიცვალა მას მერე, რაც ციროზის დიაგნოზი დაუდგინდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი