ბელადები

როგორი იყო 1936 წლის „სტალინური კონსტიტუცია“ და რატომ მოიწონა ის დასავლეთმა

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.08

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

მავანნი სტალინს დიქტატორს და სტალინურ სახელმწიფოს კი არათავისუფალს უწოდებდნენ, რაც მთლად ასე არ იყო და მისი ჭეშმარიტი არსი 1936 წლის კონსტიტუციაშია ასახული, რომელიც „სტალინური კონსტიტუციის“ სახელითაა ცნობილი... ისტორიკოს-პუბლიცისტი ალისა ვოლკოვა წერს:

„ეგრეთ წოდებული, „სტალინური კონსტიტუცია“ 1936 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში და 1977 წლის 7 ოქტომბრამდე მოქმედებდა. ანუ ის ქმედითი იყო 41 წლის განმავლობაში და სრულად პასუხობდა ყველა საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს. სხვათა შორის, მომდევნო, ეგრეთ წოდებული, „ბრეჟნევის კონსტიტუცია“ ბევრად უარესი იყო წინამორბედზე და თუკი მას იურიდიულ-პროცედურული კუთხით განვიხილავთ, დარღვეული იყო მთელი რიგი საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები. „სტალინურ კონსტიტუციაში“ აღიარებული იყო ადამიანის ყველა ძირითადი უფლება და ისინი საკმაოდ მაღალ დონეზეც სრულდებოდა. კონსტიტუციაში თეთრზე შავად ეწერა, რომ კავშირში შემავალ ნებისმიერ რესპუბლიკას აქვს უფლება, დატოვოს კავშირი. მართალია, საერთო-საკავშირო ენად რუსული იყო დამტკიცებული, მაგრამ კონკრეტული რესპუბლიკების პრიორიტეტულ ენებად მშობლიური ენა (საქართველოში – ქართული, აზარბაიჯანში – აზერბაიჯანული, სომხეთში – სომხური და ასე შემდეგ) იყო აღიარებული და რუსულს მეორე ადგილი ეკავა. „ბრეჟნევის კონსტიტუციაში“ კი მშობლიური ენების რუსულით ჩანაცვლება უნდოდათ, რაც არ გამოუვიდათ (გაიხსენეთ 14 აპრილის თბილისური გამოსვლები). „სტალინური კონსტიტუციით“ საბჭოთა კავშირში თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და თითქმის ყველა ქვედა რგოლში, ადამიანებს მართლაც რომ, დემოკრატიულად, ფარული კენჭისყრით ირჩევდნენ. ერთი სიტყვით, როდესაც „აგრესიული დასავლეთის“ „კბილებალესილი დამკვირვებლები“ ამ კონსტიტუციის პროექტს გაეცნენ, შემდგომ მისი გაუმჯობესებულად შესწორებული ვარიანტი შევიდა ძალაში და ბოლოს იხილეს თუ როგორ სრულდებოდა „სტალინური კონსტიტუცია“, რადიკალურად შეეცვალათ აზრი სტალინსა და საბჭოთა კავშირზე. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „არსებობს აზრი, რომ სტალინმა 1936 წელს კონსტიტუცია ასეთი სახით იმიტომ მიიღო, რომ დასავლეთის ყურადღება მიეპყრო და კაპიტალისტებს საბჭოთა კავშირზე გული მობრუნებოდათ. კი ბატონო, ეს სულაც არაა გამორიცხული. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბელადმა ასეთი ნაბიჯი ამიტომ გადადგა, თუმცა, ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რომ ახალი კონსტიტუცია თავის მოვალეობას სრული დატვირთვით ახორციელებდა და საბჭოთა ადამიანები ბევრად უფრო დაცულები და უზრუნველყოფილები იყვნენ, ვიდრე მანამდე. არ ვიცი, რამდენად შესრულდებოდა კონსტიტუცია, რომელიმე რესპუბლიკას საბჭოთა კავშირიდან გასვლის სურვილი რომ გამოეთქვა (ალბათ, არ შესრულდებოდა), მაგრამ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა ვითარდებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტალინს ასეთი დემოკრატიზაცია დასავლეთის გულის მოსაგებად სჭირდებოდაო. ჰოდა, შეასრულა კიდეც თავისი მისია კონსტიტუციის მიღებისთანავე, საბჭოეთში მსხვილი დასავლური ინვესტიციები წამოვიდა, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ქვეყნის სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და ფეხზე დადგომას. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ 1936 წელს უკვე ყველა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდი ომი გარდაუვალი იყო და სტალინი როდესაც 1936 წლის კონსტიტუციას წერდა, ამაზეც აკეთებდა აქცენტს. ერთი სიტყვით, იოსებ ბესარიონის ძეს ნამდვილად არაფერი შეშლია. უდიდესი პოლიტიკური წინსვლა განახორციელა და ამან გაამართლა კიდეც...“

სტალინს რომ პოლიტიკა არ ეშლებოდა, სვლებს წინასწარ ითვლიდა და ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებდა, ცნობილია. „სტალინურ კონსტიტუციაზე“ ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს, მთავარი აქ ისაა, რომ მისი ყოველი პუნქტი სრულდებოდა და ყველა ეჭვსა და ანტისტალინურ ვარაუდს აქ უნდა დავუსვათ წერტილი. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ კავშირიდან გასვლის მუხლი უბრალო, ფორმალური ჩანაწერი იყოო, მოდით, ასე ვთქვათ – შეერთებული შტატების რომელიმე შტატმა რომ მოინდომოს გასვლა, გავა? ან გერმანიის, ან უფრო მეტი – დიდი ბრიტანეთის სამეფოს დატოვებს რომელიმე ქვეყანა? ერთი სიტყვით, მთავარი აქ ისაა, რომ სტალინი თავისი ქმედებებით (ეს დადასტურებულია) ცდილობდა, რომ ისეთი პირობები შეექმნა ყველა რესპუბლიკისთვის, რომ მათ საბჭოთა სახელმწიფოდან გასვლა არ მონდომებოდათ, ხოლო კანონის კუთხით კი, მას 1936 წლის „სტალინური კონსტიტუცია“ ამაგრებდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...