როგორ უძღვებოდა ბერია საკავშირო მნიშვნელობის საქმეებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.10

ლავრენტი ბერია, სტალინთან ერთად, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ბურჯი იყო და მას ამ სახელმწიფოს აღორძინებასა და მოდერნიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. რომ არა ბერია, სტალინი მარტო ვერ შეძლებდა ქვეყნის ფეხზე დაყენებას და დიდი სამამულო ომის მოგებაც ძალიან გაჭირდებოდა.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერიას ძალაუფლების გენიოსი ტყუილად როდი ვუწოდე. მავანნი ძალაუფლებას ძალაუფლებისთვის ესწრაფვიან და ეს მათი თვითმიზანია. ბერიასა და მისთანებისთვის კი, რომ არაფერი ვთქვათ სტალინზე, ძალაუფლება ინსტრუმენტია დიდი საქმეების საკეთებლად და რა თქმა უნდა, ხალხის საკეთილდღეოდ. მავანთ შეიძლება, სასაცილოდაც კი მოეჩვენოთ ეს სიტყვები და სარკაზმით იკითხონ: ბერია და ხალხისთვის გაკეთებული სიკეთე?! მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, ბერიას ყველა დიდი საქმე (პატარა საქმეები მას არ უკეთებია), სწორედ რომ, ხალხისა და სახელმწიფოს სასიკეთოდ კეთდებოდა. ეს უდავო ფაქტია და წყალი არ გაუვა. განსაკუთრებული რუდუნებით იღვწოდა ბერია თავისი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის და ეს მხარე ლავრენტი პავლოვიჩმა სამოთხედ აქცია. ყოველმხრივ ცდილობდა, სიკეთე მოეტანა მისთვის. მოუტანა კიდეც. მაგრამ ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, რომ ცუდს იმახსოვრებს, კარგს კი – ძალიან ძვირად და ბერიას შემთხვევაშიც სწორედ ასეა. ხალხს მხოლოდ რეპრესიები აგონდება, რომლებიც საქართველოშიც იყო. მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბით.
ნიშანდობლივია ერთი გარემოება: ბერია რომ საქართველოში მოღვაწეობდა და ფართოდ ჰქონდა გაშლილი აღმშენებლობის პროცესი, საქართველოსკენ გამოიწიეს, ეგრეთ წოდებულმა, დამხმარე სამუშაო ძალებმა. ეს ისტორია კოლხეთის ჭაობების ათვისებისას განვითარდა. იმ პერიოდში არსებობდა საკავშირო დადგენილება, ეგრეთ წოდებული, დამხმარე სამუშაო ძალის დასაქმების თაობაზე. ეს კი ასე იშიფრებოდა: თუკი სადმე გრანდიოზული მშენებლობა მიმდინარეობდა, რაც საკავშირო მასშტაბს მოიცავდა, იქ დასასაქმებლად ცენტრიდან გზავნიდნენ დამხმარე ძალას. ძირითადად, ეს ძალა ოჯახებით ჩადიოდა ადგილზე. შემდგომ კი სახლდებოდა და მრავლდებოდა. ადგილობრივი მთვარობა კი ვალდებული იყო, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველეყო ისინი. და როდესაც ბერიამ კოლხეთის ჭაობების ათვისება დაიწყო, მოსკოვიდან საქართველოში დიდი დაფინანსება ჩამოიტანა. ცოტა ხნის შემდეგ კი სრულიად ინკოგნიტოდ, მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა ვინმე ედუარდ ლოზნოვი. ეს კაცი იყო ამ, ეგრეთ წოდებული, „დამხმარე ძალის“ კურატორი და დასაქმების შესახებ სწორედ მასთან მოდიოდა მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონიდან. ლოზნოვი საკმაოდ თავხედი ადამიანი აღმოჩნდა და რადგან მოსკოვის მანდატი ჰქონდა, უცერემონიოდ მივიდა ცენტრალური კომიტეტის შენობაში და ბერიასთან შეხვედრა მოითხოვა. მან აშკარად არ იცოდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე. ბერიამ ლოზნოვი თავაზიანად მიიღო. ვიზიტის მიზეზი ჰკითხა. თუმცა, როცა გაიგო მისი სტატუსი, თავიდანვე ყველაფერს მიხვდა. მაგრამ არ შეიმჩნია. ლოზნოვმა ბერიას განუცხადა, რომ მას მოთხოვნა აქვს დასაქმებაზე და რომ 10 ათასი ადამიანი უნდა ჩამოიყვანოს კოლხეთის ჭაობების ათვისებაზე სამუშაოდ. ამ შეხვედრას სერგო გოგლიძე ესწრებოდა, რომელიც იხსენებდა: „ბერიამ თავაზიანად გაუღიმა ლოზნოვს და უთხრა:
– ეს ლოკალური სამუშაოებია და არა საკავშირო. ჩვენი ძალებით გავუმკლავდებით.
ლოზნოვმა თავი გააქნია და თქვა:
– ამ სამუშაოებს მოსკოვი აფინანსებს. სწორედაც რომ, საკავშირო მნიშვნელობისაა, თანაც ძალიან მასშტაბური.
– გმადლობთ, კიდევ ერთხელ, მაგრამ საკუთარი ძალებით გავუმკლავდებით. ბევრად უფრო მასშტაბური მშენებლობებია სხვა რესპუბლიკებში და ეს ხალხი იქ დაახმარეთ.
ლოზნოვი ძალიან გაჯიუტდა და ბერიაზე ზეწოლა სცადა:
– მოსკოვმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ დამორჩილება გმართებთ. მე კი მეგზურობა უნდა გამიწიოთ კოლხეთის დაბლობზე, რომ იქაურობა დავათვალიერო და დამხმარე ძალისთვის საცხოვრებელი დაბა შევარჩიო.
ბერიას სწორედ ის 10 ათასი ადამიანის ჩამოსახლება არ სურდა ციმბირიდან, რომლებიც ძალიან მალე გამრავლდებოდნენ და ამიტომ ცდილობდა, ლოზნოვისთვის გადაეფიქრებინა. მაგრამ „მოსკოვის მანდატიანი“ არ ცხრებოდა. ბერიამ დააკმაყოფილა ლოზნოვის მოთხოვნა და კოლხეთის დაბლობის სამუშაოების მოსანახულებლად წაიყვანა. ლოზნოვი მეპატრონესავით თამამად და საკმაოდ ენერგიულად გადაადგილდებოდა ჭაობიან ტერიტორიაზე და თავის პროტეჟეებისთვის დასასახლებელ ტერიტორიას ეძებდა. მაგრამ ერთ-ერთი რეიდის დროს ლოზნოვი მოულოდნელად, ელვის სისწრაფით გაუჩინარდა ჭაობში და მას მერე ის არავის უნახავს. ბერიამ კი მოსკოვში თავად ჩაიტანა კოლხეთის დაბლობის ასათვისებელი სამუშაოების აღწერა. მასში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო, რომ საშიშ და უცნობ ადგილებში ადგილობრივების გარდა სხვა მუშახელი ვერ იმუშავებდა, რასაც ლოზნოვის შემთხვევაც ადასტურებდა და კიდევ, რომ ჭარბ სამუშაო ძალას (ადგილობრივს) საცხოვრებელი არ ჰყოფნიდა და თანხებს ითხოვდა. მან დაბლობზე მშვენიერი დაბები გააშენა. მოსკოვიდან კი აღარავინ ჩამოსულა ჭაობში გაუჩინარებული ლოზნოვის ნაცვლად“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან