რა როლი მიუძღვის ბერიას ბრიტანული სამხედრო გემის ძარცვაში
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:01
ლავრენტი ბერიას ბიოგრაფია ისევე მრავალფეროვანია და სავსე თავგადასავლებით, ხიფათით, როგორც სტალინის. მართალია, მას არ გაუვლია იატაკქვეშა რევოლუციონერის გრძელი გზა, როგორც ამას ძველი ბოლშევივკები, ძველი ლენინური გვარდია აკეთებდა, რადგან ბერია 1899 წელს იყო დაბადებული, თუმცა, საბჭოთა უშიშროების მომავალ შეფს მაინც ხვდა წილად ძველი ბოლშევიკების მარაქაში გარეულიყო და სრულიად ნორჩი ეხმარებოდა მათ. კოლოსალური გამოცდილება დააგროვა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზატორი და შემსრულებელი გახდა.
იაკობ კედმი: „ლევრენტი ბერია ნიჭის, ეშმაკობისა და ინოვატორობის ძვირფასი შენადნობი იყო. მისი ბიოგრაფიის დეტალები დროდადრო ნახულობდნენ დღის სინათლეს და თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა.
ბოლშევიკები ყოველთვის მალავდნენ თავიანთ კავშირებს კრიმინალურ სამყაროსთან და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, ცოცხლად არ ტოვებდნენ იმ მოწმეებს, რომლებსაც შეეძლოთ, ამა თუ იმ დანაშაულში უკვე ხელისუფლებაში მყოფი ბოლშევიკი მმართველების მხილება. გამონაკლისი არც ბერია იყო და როგორც ირკვევა, ის სრულიად ნორჩი ასაკიდან იყო დაკავშირებული კავკასიის კრიმინალურ სამყაროსთან. ეს ეხება ბაქოს პერიოდს, როცა ბერია იქ სწავლა-განათლებას იღებდა... ჟანდარმერიის ძველი არქივებიდან გადარჩა ერთი საქმე (ბაქოს ბოლშევიკური აჯანყების დროს იქ ჟანდარმერიის მთელი არქივი დაიწვა), რომელიც მოგვითხრობს ერთ კრიმინალურ ისტორიას, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.
1914 წელს ბაქოს პორტს მიადგა ბრიტანური გემი, სახელწოდებით – „ვიქტორია“. ეს იყო ნახევრად სამხედრო ხომალდი და მისი დანიშნულება იყო, როგორც „ვიპ“ პერსონების ტრანსპორტირება ძლიერი დაცვის თანხლებით, ასევე, ფულის, ძვირფასი ქვებისა და ძვირფასი ლითონების გადატანა. „ვიქტორიაზე“ იმყოფებოდა საუცხოოდ მომზადებული, კბილებამდე შეიარაღებული ბრიტანელი სამხედროების 40-კაციანი რაზმი. ამას ემატებოდა გემის ეკიპაჟიც... ერთი სიტყვით, „ვიქტორია“ შეუვალი, მცურავი ციხესიმაგრე იყო. ბაქოში გემმა 500 კილოგრამი ოქროს ზოდები, 200 ცალი მსხვილი ბრილიანტი და მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩამოიტანა. ეს იყო ბაქოს ნავთობსარეწებიდან ამოქაჩული და გატანილი ნავთობპროდუქტების საფასური. ყველაფერი ეს ბაქოს ცენტრალური ბანკის სარდაფში უნდა მიეტანათ და საცავში ჩაეკეტათ. ბანკის აქციათა 85 პროცენტი ცნობილ ნავთობმაგნატს, მირზა ბაირამოვს ეკუთვნოდა. ბაირამოვი ნავთობს, ძირითადად, ბრიტანელებზე ყიდდა და ეს თანხა, ოქრო და ბრილიანტები მას ეკუთვნოდა. ნავთობმაგნატს კონტრაქტში ეწერა, რომ მას ნავთობპროდუქტების საფასურს სწორედ ასეთი ფორმით გადაუხდიდნენ – ფულით, ოქროთი და ბრილიანტებით... 1914 წლის 31 მარტს, ანუ იმ დღეს, როცა ლავრენტი ბერიას 15 წელი შეუსრულდა, „ვიქტორიას“ ძვირფასი ტვირთი გაქრა... ბაქოს ჟანდარმერიის არქივში აღმოჩნდა გამომძიებელ საიდ ალი-ზადეს პატაკი, რომელშიც ვკითხულობთ: „გემი „ვიქტორია“ ბაქოს პორტში საღამოს 9 საათზე შემოვიდა. საბაჟო სამსახურს ის არ შეუმოწმებია, რადგან არსებობს ხელშეკრულება, რომ ბრიტანულ გემებს, რომლებსაც სპეცდანიშნულება აქვთ, არ ამოწმებენ. „ვიქტორიაც“ ამ სტატსუსით სარგებლობს. ზუსტად 9 საათსა და 40 წუთზე გემბანზე ოთხი ყუთი შუშხუნა, წითელი შამპანური აიტანეს და გემის კაპიტანს ეცნობა, რომ ეს მირზა ბაირამოვის საჩუქარი იყო ბრიტანელებისთვის; რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო და მისი სადღეგრძელო შეესვათ. მოიტანეს, აგრეთვე, „ზაკუსკა“ და აზერბაიჯანული ფლავი. სუფრა გემბანზევე გაშალეს იმპროვიზებულად. კაპიტანმა მთელი ეკიპაჟი და სამხედრო რაზმი შეკრიბა და წითელი შამპანურით აზერბაიჯანელი ნავთობმაგნატის სადღეგრძელო შესვეს. ათი წუთის შემდეგ გემის მთელ ეკიპაჟს ეძინა. გაღვიძებულებს კი სეიფი, რომელშიც ძვირფასეულობა იყო ჩაკეტილი, ცარიელი დახვდათ.“
ამ პატაკში მოხსენიებული იყო მიმტანების (ვინც შამპანური და „ზაკუსკა“ მიიტანა ფლავთან ერთად) აღწერილობა (ისინი სამნი იყვნენ): ორი მაღალი და ათლეტური გარეგნობის წვერულვაშიანი, საწვიმარ ლაბადაში გამოწყობილი მამაკაცი და ერთიც საშუალო სიმაღლის, გამხდარი ახალგაზრდა. მას აპრეხილი ულვაშები ჰქონდა და პალტოში იყო გამოწყობილი. ყელზე გრძელი კაშნე ჰქონდა შემოხვეული და ინგლისურად სუფთად ლაპარაკობდა... ულვაშაპრეხილი 15 წლის ბერია იყო. მაღლები კი – ბერიას თანაკურსელები: ანტონ ვორონცოვი და ილჰამ ალესკეროვი. შემდგომში, 1936 წელს, ვორონცოვი და ალესკეროვი ბაქოში დაუდგენელმა პირებმა მოკლეს. ორივე „ჩეკას“ თანამშრომელი იყო.
სეიფიდან ძვირფასეულობა თბილისურმა საბრძოლო ჯგუფმა გაიტანა და საიდუმლოდ გადამალა. შემდგომ კი ბოლშევიკთა ყულაბაში შეიტანეს. როგორც ჩანს, ბერიას არცთუ ისეთი რიგითი როლი ჰქონდა ამ საქმეში და სავარაუდოდ, გეგმის დეტალებიც კი მოიფიქრა და შეასრულა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



