ბელადები

რა ისტორიულ-პოლიტიკური ნაშრომი შექმნა ბერიამ სტალინზე

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც სტალინთან ერთად ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაში. თუკი სტალინი სისტემის დამგეგმავი იყო, ბერია ამ სისტემის ჩამოყალიბებისა და წარმატებული მუშაობის მთავარ და უალტერნატივო შემოქმედად გვევლინება. არ არსებობდა პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც ბერიას არ შეეძლო და საბჭოთა ბელადის, სტალინის ნებისმიერ დავალებას ის მაღალხარისხოვნად ასრულებდა. საქართველოში კი ბერიას იმდენი სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული, რომ სტალინზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

პროფესორი იური ვორობიოვი: „უცნაურია არა, რომ სტალინური ეპოქის პერიოდში სტალინის ხელქვეითს ბელადზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა? ეს მართლაც ასე იყო და ეს ბერიასა და სტალინის სამშობლოში, საქართველოში ხდებოდა. ბერია ამ ამბავს ყველანაირად ებრძოდა. იცოდა, რომ ამას მისი მტრები მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ. ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი იყო ის, რომ ბერიას აკრძალული ჰქონდა თავისი პორტრეტების გამოფენა. ისევე, როგორც პოლიტბიუროს სხვა წევრებისა. ამიტომ, საქართველოში მხოლოდ ორი ბელადის კულტი არსებობდა – ლენინისა და სტალინის. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ბერიას ინიციატივა იყო იოსებ სტალინის რევოლუციური ბიოგრაფიის ფართოდ აფიშირება. ბერიამ, ისტორიკოს-მეცნიერთა დახმარებით, ამის შესაბამისი სქელტანიანი ნაშრომი დაწერა, რომელიც შემდგომ წიგნად გამოიცა. ითარგმნა საბჭოთა კავშირის ყველა ენაზე და მილიონობით ტირაჟით გავრცელდა. თავდაპირველად ბერიამ ეს ნაშრომი პარტიულ კონფერენციაზე წაიკითხა, რისთვისაც ორი დღე დასჭირდა. წიგნად გამოცემამდე ეს ნაშრომი საბჭოთა კავშირის ყველა მოწინავე გაზეთმა დაბეჭდა და საამისოდ 6 ნომერი და გაათმაგებული ფურცლები დასჭირდათ. ბერია ეშმაკი, ჭკვიანი კაცი იყო და ამ ქმედებით ხალხთან სიმართლე მიიტანა, თან სტალინის გულიც მოიგო. ნიშანდობლივია, რომ ბერიას ამ საქციელს მტრულად შეხვდნენ ძველი ბოლშევიკების ერთი დაჯგუფება. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სტალინზე არანაკლებნი იყვნენ, რაც აბსურდი იყო. ბერიას კი მლიქვნელობაში დასდეს ბრალი. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა სერგო ორჯონიკიძის ძმა, პაპულია. ბერიას ის ქედმაღლურად ექცეოდა და საქართველოსა და ამიერკავკასიის ცეკას პირველ მდივანს იმით აშინებდა, რომ სერგო ორჯონიკიძე სტალინის უახლოესი მეგობარი იყო. ერთი სიტყვით, სტალინი საფრთხობელად ჰყავდა გამოყვანილი. სამაგიეროდ, თავის ვიწრო წრეში სტალინს ლანძღავდა. აგინებდა და მეძავი კეკეს ნაბიჭვარ შვილს უწოდებდა. ბერიამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა. საქმე ის იყო, რომ „ჩეკისტი“ ბერიას ხელქვეითები ყველაფერს მაგნიტოფირზე აფიქსირებდნენ. მოსმენის სამსახური ბერიას უმაღლეს დონეზე ჰქონდა ორგანიზებული. ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელობის პერიოდში თბილისის ფუნიკულიორზე, ანუ იოსებ სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, მან (ბერია) სერგო გოგლიძეს რადიოლოკაციური, საიდუმლო სადგური ააშენებინა და იქიდან ყველა საჭირო ბინა და სამთავრობო თუ საუწყებო კაბინეტები ისმინებოდა (ეს შენობა იმ ადგილზე იდგა, სადაც დღეს თბილისის ტელეანძა მდებარეობს). საბოლოოდ, ნაყოფი მას შემდეგ მომწიფდა, როდესაც ბერიას ცნობილ დირიჟორთან, ევგენი მიქელაძესთან მოუვიდა კონფლიქტი. დეტალებს არ დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ მიქელაძემ ბერიას ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა ცოლ-შვილის წინ, რასაც არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ მოითმენდა, მით უმეტეს, ქართველი... ამის მერე უტყუარი მამტკიცებელი საბუთებითა და ჩანაწერებით ლავრენტი ბერია მოსკოვში ჩაფრინდა. სტალინმა ის კუნცევოს აგარაკზე მიიღო და ვიზიტის მიზეზი ჰკითხა. ბერიამ მას კომპრომატები დაუდო წინ. ჩანაწერებში, ის ადგილები, სადაც კეკეს ლანძღავდნენ წაშალეს, მაგრამ, კონტექსტიდან გამომდინარე, ყველაფერი ნათელი იყო... მოგვიანებით ნიკოლაი ვლასიკი ასე იხსენებდა იმ დღეს: „ბერია მოსკოვში დაბრუნდა. სტალინმა მაგნიტოფონი მომატანინა. შემდეგ სულ რაღაც ერთი საათით განმარტოვდა კაბინეტში და ჩანაწერებს უსმენდა. კვლავ მე მიხმო. ერთი ბოთლი „ხვანჭკარა“ მომატანინა და ისევ განმარტოვდა. იმ დღეს სტალინს არავინ მიუღია და ყველა ვიზიტიორი უკან გააბრუნა. შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ მიხმო და თამბაქო მიმატანინა. რომ შევათვალიერე, უკიდურესად დადარდიანებული და გაბრაზებული ჩანდა. მეორე დილით კი, უთენია, სასტუმროში დამარეკინა. ბერია იხმო და ის 9 საათზე მოვიდა. ორივე განმარტოვდნენ და მეორე დღის გამთენიამდე საუბრობდნენ. ბოლოს, სტალინმა ბერია მანქანამდე მიაცილა, რაც ერთადერთი შემთხვევა იყო. ბერია კი აეროდრომზე გაემგზავრა და საქართველოს დედაქალაქში გაფრინდა.“

ამ დღის შემდეგ ორ კვირაში „ჩეკამ“ პაპულია ორჯონიკიძე და სხვა ძველი ბოლშევიკები დააპატიმრა. შემდგომ ისინი გაასამართლეს და დახვრიტეს. ფილიპე მახარაძე კი ჩამომხრჩვალი იპოვეს და ამ ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა. რეპრესიები შეეხო ევგენი მიქელაძესა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლებს. ბერიამ თავისი ძალაუფლება განიმტკიცა და საქციელიც გაიმკაცრა. ქვეყანაში რკინისებური დისციპლინა დამყარდა... აშკარა იყო, რომ ლავრენტი ბერიამ მოქმედების უფლება პირადად სტალინისგან მიიღო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი