ბელადები

როგორ ამზადებდნენ, ბერიას ბრძანებით, აგენტ-უნივერსალებს

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 57 წუთის წინ

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას წვლილი საბჭოთა უშიშროების მოდერნიზაციაში უზომოა. მას ეკუთვნის უამრავი სიახლე, რომლებმაც ეს საბჭოთა სპეციალური სტრუქტურა მსოფლიოში პირველ და მრავალფეროვან სამსახურად გადააქცია.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ბერია გენიალური ინოვატორი იყო. საბჭოთა უშიშროებაში ბერიას მიერ დანერგილი მეთოდები უაღრესად ქმედითი და ეფექტური იყო. მსგავსი სტრუქტურები სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა მხოლოდ წლების შემდეგ შექმნეს. მაშინ კი ისინი კლასითა და განვითარებით ძალიან ჩამორჩებოდნენ საბჭოთა უშიშროების სპეცსამსახურს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, ბერიას მიერ შექმნილი სტრუქტურებიდან თუნდაც მხოლოდ ის გავიხსენოთ, თუ როგორ იყენებდა საბჭოთა სპეცსამსახური ქალებს. ბერიას სწორად მიაჩნდა, რომ გარკვეულ შემთხვევაში, ზოგიერთი ტიპის ოპერაციას კაც აგენტზე ბევრად უკეთ ქალი აგენტი განახორციელებდა. საჭირო იყო მხოლოდ ქალი აგენტის მომზადება. სწორედ ბერიას მითითებით შეიქმნა „ენკავედეში“ აგენტ ქალთა მომზადების სპეციალური სკოლა. მათ ისევე ამზადებდნენ, როგორც მამაკაც აგენტებს. თანაც მათ დამატებით დისციპლინებიც ჰქონდათ, ისეთი დისციპლინები, რაც კაცს არ სჭირდებოდა და ქალურია. თანაც, ამ სკოლაშიც, ისევე როგორც სხვა სკოლებში, შერჩევის კრიტერიუმი უმაღლესი იყო. გარდა უზადო გარეგნობისა, კურსანტი აბსოლუტურად ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო და საშუალოზე მაღალი ინტელექტი ჰქონოდა. შინაურულად ქალთა სპეცსკოლას „კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტს“ უწოდებდნენ. ამ სკოლის კურსდამთავრებული ქალი, ყველაფერთან ერთად, საუკეთესო საყვარელი იყო და მათ მუშაობაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ სექსზე კეთდებოდა. სწორედ ამ სკოლადამთავრებულმა სპეცაგენტმა ქალმა, რომლის ნამდვილ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, მოახერხა და დაუახლოვდა ვერნერ ფონ ბრაუნს, შემდგომ კი მის საიდუმლო სეიფს გასაღები მოარგო და იქიდან პერიოდულად იღებდა ამერიკული სარაკეტო-კოსმოსური პროექტის დოკუმენტაციას, აკოპირებდა და მოსკოვში აგზავნიდა. ბერიას ბრძანებით, ანალოგიური მიმართულების მამაკაც აგენტებსაც ამზადებდნენ და მანვე (ბერია) შეურჩია სახელი მომზადების ამ პროგრამას და „კაზანოვა“ უწოდა. ამ პროგრამით მომზადებული აგენტები, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო თუ სამხედრო მაღალჩინოსნების ცოლებთან მუშაობდნენ. მათი საყვარლები ხდებოდნენ და მათი მეშვეობით იგებდნენ საბჭოთა უშიშროებისთვის საინტერესო საიდუმლოებებს. ასეთი მიმართულების სკოლებში ასწავლიდნენ ძველინდური წარმომავლობის „კამასუტრას“ ხელოვნებას. უჩვენებდნენ პორნოგრაფიულ ფილმებს, რომლებიც იმ პერიოდში მხოლოდ ზოგიერთ საზღვარგარეთულ ქვეყანაში იწარმოებოდა და მათი შოვნა საკმაოდ რთული იყო. „კაზანოვას“ პროექტმა საკმაოდ გაამართლა და საბჭოთა მზვერავები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ დასავლეთის ქვეყნებში. სხვათა შორის, ტროცკის ლიკვიდაციის მრავალსაფეხურიან ოპერაციაშიც აგენტი „კაზანოვა“ იყო ჩართული. მეხიკოს ციხესიმაგრედ გადაქცეულ, ტროცკის მიუდგომელ ვილაში ლიკვიდატორმა მდივანი ქალის მეშვეობით შეაღწია, რომელიც „შებმული“ ჰყავდა და ტროცკი მოკლა.

ბერიას მიერ დანერგილი ეს მეთოდი შემდგომ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმაც გადაიღეს და იმედი ჰქონდათ, რომ წარმატებით გამოიყენებდნენ უშუალოდ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწიეს. იყო ამის ერთეული შემთხვევები და მოსალოდნელ ეფექტს ვერც კი მიუახლოვდნენ. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოთა უშიშროებას (ასევე, ბერიას მითითებით) ჰქონდა გრძელი სია იმ საბჭოთა ჩინოვნიკებისა და მათი ოჯახებისა, ვისთანაც შეიძლება, ეცადათ ასეთი მეთოდების გამოყენება. ამიტომ, ამ ადამიანებს საბჭოთა უშიშროების გამოცდილი სპეციალისტები, ძირითადად, ფსიქოლოგები, გასაუბრებაზე იბარებდნენ და პრევენციულ საუბრებს უტარებდნენ. საზღვარგარეთის ქვეყნებში კი ქალთა სქესი ბევრად უფრო თამამი და თავნება იყო. თანაც, ბერიას „კაზანოვების“ მომზადებაც გაცილებით მაღალი იყო და შედეგიც არ აყოვნებდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პროექტ „კაზანოვაში“ ბერიამ ერთი კორექტივი შეიტანა. თუკი საბჭოთა აგენტი „კაზანოვა“ მხოლოდ კაზანოვა იყო, ახალი პროგრამა მას „კაზანოვა-უნივერსალად“ ამზადებდა. ანუ, ახალი პროგრამით მომზადებულ აგენტს ქალის ცდუნებასთან ერთად, შეეძლო შეესრულებინა სტრატეგიული აგენტის ფუნქცია, რაც საკმაოდ მაღალ ინტელექტს მოითხოვდა, ასევე, ოპერატიული აგენტის ფუნქციაც, რასაც დიდი დინამიკა ახასიათებს და ის ძალიან მოძრავია. ერთი სიტყვით, ახალი პროგრამით მომზადებული კონტინგენტი იყვნენ საბჭოთა „ჯეიმს ბონდები“ და ისინი უფრო ადრე ფუნქციონირებდნენ, ვიდრე მწერალი იან ფლემინგი ამ ლიტერატურულ პერსონაჟს წარმოაჩენდა. ბერიამ უნივერსალური საბჭოთა აგენტის რეალური სახე შექმნა და ეს წარმატების მომტანი სიახლე აღმოჩნდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი