რა პასუხი გასცა სტალინმა დასავლეთის სანქციებს „ცივი ომის“ დროს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანი იყო, ვისთვისაც საბჭოთა კავშირი და მასში მცხოვრები ადამიანები იყვნენ პრიორიტეტული და ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის მონოლითური სიმტკიცისთვის და ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჩერჩილმა რომ „ცივი ომი“ გამოგვიცხადა და „რკინის ფარდა“ დაუშვა, არც ჩვენ დავრჩენილვართ ვალში. ჩვენთან დაპირისპირებულ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს განადგურებას გეგმავდნენ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, იქით დავარტყით ეკონომიკურად. პირველ რიგში, გავუსამმაგეთ მათთვის საჭირო ნედლეულის ფასი, რაც ჩვენგან, სტალინის თქმისა არ იყოს, მუქთად მიჰქონდათ, იქნებოდა ეს ხე-ტყე, ფერადი და შავი ლითონი, ქვანახშირი, მანგანუმი, ნავთობი და კიდევ ბევრი რამ. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ჩვენც ასე დაგვემართა. ვაჭრობა არამც თუ არ შეუწყვეტიათ, არამედ გაძვირებული ფასებითა და უფრო მეტი რაოდენობით დაიწყეს შესყიდვა. ხოლო, რაც შეეხება ტექნოლოგიურ დარგში ურთიერთობებს, რაც მათ სრულად შეწყვიტეს, მხოლოდ ერთი წელი გაგვიჭირდა, თანაც არცთუ ისე ძალიან. ჩვენ თვითონ დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ. ბევრ დარგში გავუთანაბრდით მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს, ბევრშიც გავუსწარით და ზოგიერთში ძალიანაც წინ წავედით. ეს სტალინის მტკიცე პოზიცია იყო. ბელადმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირი არა მარტო არსებობს, არამედ ტექნლოგიურადაც ვითარდება და მყარად დგება ფეხზე. აღარაფერს ვამბობ სამხედრო მრეწველობაზე, რომელიც ისედაც ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა განვითარებული და იმავდროულად, ატომურ იარაღს ვქმნიდით, რამაც საბოლოოდ გაგვაძლიერა. მართალია, კანონმდებლობა საკმაოდ კარგი და ქმედითუნარიანი გვქონდა, მაგრამ ამ კუთხითაც ინტენსიურად ვმუშაობდით. სტალინის სპეციალური ბრძანებით, ორი კანონი მივიღეთ. პირველი – საბჭოთა კავშირში აიკრძალა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსება უცხოეთიდან. განვმარტავ, ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყველა დარგში არსებობდნენ საერთაშორისო-საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ჩვენი მოქალაქეებიც მუშაობდნენ. ხელფასს კი უცხოელები, უცხო ქვეყნები იხდიდნენ პირდაპირი წესით. კანონმა ეს აკრძალა და მართალია თანხას კვლავ ისინი იხდიდნენ, მაგრამ ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რაში იხარჯებოდა თითოეული კაპიკი. უკონტროლო თანხები, ფაქტობრივად, მეხუთე კოლონის შექმნას ნიშნავდა. სტალინმა კი ეს საშიშროება გაანეიტრალა. მართალია, ზოგიერთმა ორგანიზაციამ დატოვა ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ უმეტესობამ მუშაობა გააგრძელა. მეორე კანონი იყო საბჭოთა მოქალაქის დაცვა საზღვარგარეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუკი საბჭოთა მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ამა თუ იმ მიზეზით, რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა, მაშინ საბჭოთა მთავრობა უფლებას იტოვებდა, რომ უმკაცრესი პასუხი გაეცა იმ სახელმწიფოსთვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს სუსტი ქვეყანა იყო თუ ძლიერი, თუნდაც თვით ამერიკის შეერთებული შტატები. ასე რომ, სტალინის წინამძღოლობით, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს ყველგან, ყოველთვის, ყველანაირად ვიცავდით და არ არსებობდა ამქვეყნად ძალა, რომელიც დაგვამარცხებდა. სტალინს ძალიან სწორად მიაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირი ღირსეულად უნდა წარმოჩენილიყო, თითქოს უმნიშვნელო დეტალებშიც კი. ბელადისთვის კი უმნიშვნელო დეტალი არ არსებობდა. ერთხელ მე და სტალინი ფრანგებმა პარიზში დაგვპატიჟეს ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნივ სამხედრო აღლუმზე. მოწვევას ხელს აწერდა შარლ დე გოლი. მართალია, იმ მომენტში ლეგენდარულ გენერალს არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა (დე გოლი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტი), მაგრამ, საფრანგეთის ცოცხალი ლეგენდა იყო და მთავრობამ მას მიანდო ეს საზეიმო აღლუმი. სტალინმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა დე გოლს, თან მოუბოდიშა, რომ ვერ ჩადიოდა. წავედი მე და მართალია, მასპინძლებს ჩემთვის პატივი და ყურადღება არ მოუკლიათ, მაგრამ პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა შეცდომა დაუშვა და ადგილი ცენტრალურ ტრიბუნაზე კი არა, გვერდით გამომიყო. ეს მე ჩვენი ქვეყნის უპატივცემულობად მივიჩნიე და აღლუმი დაწყებამდე 10 წუთით ადრე დავტოვე და საბჭოთა საელჩოში დავბრუნდი. დე გოლს რომ ცენტრალურ ტირბუნაზე ვერ დავუნახივარ, თანაც უთხრეს, გვერდითი ტრიბუნიდან წავიდაო, სასწრაფოდ გამოემგზავრა ჩვენს საელჩოში, ბოდიში მომიხადა, წამიყვანა და პირადად ამიყვანა ცენტრალურ ტრიბუნაზე და პრეზიდენტის გვერდით დამსვა. შემდგომ კი აღლუმს ჩაუდგა სათავეში, რომელიც 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მოსკოვში გამომგზავრებისას დე გოლმა ბოდიში დამაბარა სტალინთან ამ უხერხულობისთვის, რომელიც მე მომადგა უნიათო ჩინოვნიკის გამო. როგორც მერე შევიტყვე, დე გოლის ძალისხმევით, პროტოკოლის უფროსი დასაჯეს და რიგით თანამშრომლად ჩამოაქვეითეს.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




