როგორ შეასწავლა სტალინმა 125 მილიონ ადამიანს წერა-კითხვა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ სტალინი ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მან ააშენა უზარმაზარი, უძლიერესი სახელმწიფო და ამ მრავალეროვან ქვეყანაში სამართლიანობა დაამკვიდრა. კანონი კანონობდა და ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს გზა ხსნილი ჰქონდა ყველა სფეროს მწვერვალისკენ, რაც საბჭოთა ბელადის დამსახურება იყო.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინმა შესანიშნავად უწყოდა, თუ როდის რა ეკეთებინა, როგორი თანამიმდევრობით განეხორციელებინა თავისი სტრატეგიული გეგმა ძლევამოსილი სახელმწიფოს მშენებლობისა. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ხალხისთვის განათლების მიცემა. ნიშანდობლივია, რომ 1917 წლის მონაცემებით, ანუ მაშინ, როდესაც ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ, 150-მილიონიან რუსეთში 125 მილიონი ადამიანი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ერთი შეხედვით, ეს სტატისტიკა არარეალურად გამოიყურება იმის ფონზე, რომ პუშკინის, ლერმონტოვის, ჩეხოვის, ტოლსტოისა და სხვა კორიფეების ქვეყანაში ადამიანებს ელემენტარულად ერთი წინადადების წაკითხვა არ შეეძლოთ. ხელმოწერის ადგილზე საკუთარ სახელსა და გვარს ვერ აწერდნენ და ამის მაგივრად ჯვარს სვამდნენ. ეს ყოველივე კი ჩამორჩენილი რუსული სახელმწიფოებრივი ყოფიერებიდან გამომდინარეობდა. ამ ყოფიერებაში ერთ მუჭა მმართველებს დამონებული ჰყავდათ ათეულ მილიონობით ადამიანი და მათ თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ. ამუშავებდნენ, დოვლათს აქმნევინებდნენ და ამ დოვლათს თავად იყენებდნენ, თან თითქმის სრულად. ამ ხალხს თავიანთი ინტერესების დასაკმაყოფილებლად აომებდნენ და ამ ყველაფერს პატრიოტული მოტივებით ფუთავდნენ. ერთი სიტყვით, რუსულ მმართველ ელიტას ლაგამი ჰქონდა ამოდებული თავისი ქვეშევრდომებისთვის. განათლება კი პრივილეგირებული კასტის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, სწორედ ამ კასტის წარმომადგენლები ილაშქრებდნენ ხოლმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგივე პუშკინი, დეკაბრისტები, ულიანოვების ოჯახი (ლენინის ძმა, რომელიც სიკვდილით დასაჯეს). ეს ყოველივე შესანიშნავად ჰქონდა გააზრებული სტალინს. მან საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული სახელმწიფოს მრავალგვარი რეპრესიული სიმძიმე და ქვეყნის მეთაური რომ გახდა, რადიკალურად შეცვალა ეს ბნელი პრინციპები... ამის შესახებ შესანიშნავად მოგვითხრობს სტალინის უახლოესი თანამებრძოლი ვიაჩესლავ მოლოტოვი. სტალინზე რომ წიგნს ვწერდი და მასალებს ვაგროვებდი, სწორედ მაშინ შევხვდი მოლოტოვს და მან მითხრა: „სტალინმა თავად რუსული სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპები შეცვალა, რომელიც ასწლეულების განმავლობაში არსებობდა. მონარქიის დამხობა არ კმაროდა. საჭირო იყო მმართველობის სისტემის შეცვლა და ეკონომიკური გადაწყობა. თანაც, ეს ყოველივე სამოქალაქო ომისა და უცხოური ინტერვენციის ფონზე ხორციელდებოდა. სტალინმა ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე გამიზიარა თავისი გეგმა და მითხრა, რომ რუსეთი ზეინდუსტრიულ ქვეყნად უნდა გადაქცეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის განადგურდებოდა და სხვა ხალხებსა და ქვეყნებსაც გაიყოლებდა მოუსავლეთში. სტალინმა ასეთი ფორმულირება მისცა თავის გეგმას. მან მითხრა:
– ცარისტული რუსეთი იდეოლოგიურად იდენტური იყო სხვა, ძლიერ დომინანტ ქვეყნებთან და მათთან ნათესაური კავშირიც კი ჰქონდა. ამიტომ, ისინი ერთმანეთში საერთო ენას პოულობდნენ. თუმცა, რუსულ რესურსებს უმოწყალოდ ძარცვავდნენ. ჩვენთან კი ეს ქვეყნები ამ კუთხით საერთო ენას ვერ გამონახავენ და ყოველთვის დაგვიპირისპირდებიან. ამიტომ, ჩვენ ხალხს უნდა დავეყრდნოთ. ისინი ახალი მმართველობის სისტემაში უნდა ჩავაბათ. ამას კი განათლება, უფრო ზუსტად, ხელმისაწვდომი განათლება სჭირდება და განათლება ჩვენს სახელმწიფოში არა მარტო უფასო უნდა იყოს, არამედ, საყოველთაო.“
ერთი სიტყვით, სტალინმა ქვეყანაში საყოველთაო საშუალო განათლება დაამკვიდრა და 1937 წლისთვის მარტო 150-მილიონიან რუსეთში 125-მა მილიონმა ადამიანმა შეისწავლა წერა-კითხვა და ეს წარმოუდგენელი ნახტომი იყო ისტორიაში. არა მარტო რუსეთში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში.“
საგულიხსმოზე საგულისხმო ფაქტია ის, რომ სულ რაღაც, 20 წელიწადში მხოლოდ რუსეთში 100-მა მილიონმა ადამიანმა შეისწავლა წერა-კითხვა და ეს მხოლოდ და მხოლოდ სტალინის დამსახურება იყო. ერთი შეხედვით, სტალინის მიერ სავალდებულო საშუალო განათლება ძალადობის აქტი იყო ადამიანების მიმართ, მაგრამ სწორედ ამ „ძალადობამ“ წამოსწია რუსეთი და საბჭოთა კავშირი და უბრალო ადამიანებს განვითარების საშუალება მისცა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსეთის იმპერიაში უბრალო გლეხის შვილს არანაირი საშუალება არ გააჩნდა, განათლება მიეღო. სტალინის იმპერიაში კი სწორედ უბრალო ადამიანებმა მოახერხეს ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კულტურასა და სპორტში მსოფლიო მწვერვალების დაპყრობა და ეს სტალინის დამსახურება იყო.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




