ბელადები

როგორ წარიმართა სტალინის ესპანური კამპანია

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.04, 2023 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი წმინდა წყლის პოლიტიკოსი იყო და ამ სფეროში მას არანაირი სისუსტე არ გააჩნდა. ამიტომ ყველა თავის ქმედებას ცივი გონებით ახორციელებდა და სენტიმენტები მისთვის „უცხო ხილს“ წარმოადგენდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკაში სტალინმა დანდობა არ იცოდა და ყოველთვის ცდილობდა, მაქსიმალური შედეგი მიეღო თავისი ქვეყნის სასარგებლოდ. ნებისმიერი მისი ნაბიჯი კარგად გათვლილი და დამუშავებული იყო და ხინჯს ვერ მოუძებნიდი. ბელადს მიაჩნდა, რომ ნებისმიერ, მეგობრულ, პოლიტიკურ ქმედებასაც კი ანალოგიური ქმედება უნდა მოჰყოლოდა საპირისპირო მხრიდან და ამის ნათელი დასტურია ესპანეთთან ურთიერთობები“.

ესპანეთის სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში ჩართვაზე, მიუხედავად ამ ქვეყნის კანონიერი მთავრობის არაერთგზის დაჟინებული თხოვნისა, სტალინი თავიდან უარს აცხადებდა. ამასთან დაკავშირებით, ევროპული პრესა ჰკიცხავდა კიდეც საბჭოთა ბელადს. თუმცა, სტალინი მაინც ჩაერთო ამ კამპანიაში და ჯერ იარაღის მიწოდება დაიწყო რესპუბლიკელებისთვის, შემდგომ კი იქ სამხედრო სპეციალისტებიც გაგზავნა, აგრეთვე, დაზვერვის მოქმედების გააქტიურების ბრძანებაც გასცა.

ბორის სოკოლოვი: „ესპანეთში მთელი მსოფლიოდან უამრავი მოხალისე ჩადიოდა და რესპუბლიკების მხარეზე იბრძოდა. მათი საკმაო ნაწილი სპეცსამსახურებს წარმოადგენდნენ და თავიანთი ქვეყნების ინტერესები ამოძრავებდათ. არც სტალინი ჩამორჩა მათ და იარაღთან ერთად იქ რამდენიმე ტიპის მისია მიავლინა. იარაღის მიწოდების კუთხით სტალინი ამ დიდ ევროპულ პოლიგონზე საბჭოთა სამხედრო ტექნიკას სცდიდა გერმანული იარაღის წინააღმდეგ, რომელიც ფრანკისტებს მიეწოდებოდათ. სამხედრო მეთაურები დიდ გამოცდილებას იღებდნენ ბრძოლის ველზე. მზვერავები კი ფართო სადაზვერვო-დივერსიულ ქსელს ქმნიდნენ ესპანეთში, ესპანეთის მეშვეობით ევროპასა და ესპანურენოვან ქვეყნებში მსოფლიო მასშტაბით. ყველაზე დიდი სამხედრო-პოლიტიკური დივიდენდები ამ ომიდან სწორედ სტალინმა მიიღო. ამას კი დაემატა ის, რომ მოსკოვში იქნა ჩამოტანილი ესპანეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი, ესპანეთის სახელმწიფო ოქროს მარაგი და შემდგომ ეს ყველაფერი გაფორმდა, როგორც საზღაური, ესპანეთის მთავრობისთვის გაწეული სამხედრო-ტექნიკური დახმარებისა. საგულისხმოა ის, რომ უკვე ხელისუფლებაში მოსულმა ფრანკომაც კი ვერ მოითხოვა იმ ოქროს უკან დაბრუნება.“

დროდადრო ესპანური ოქროს საკითხი წამოიწევა ხოლმე მსოფლიო პრესაში და სტალინს ყაჩაღსა და მძარცველს უწოდებენ ამ აქტის გამო. თუმცა, დოკუმენტურად ეს ასე არაა და არაერთი მოთხოვნა (ოქროს დაბრუნებისა 60-70-იან წლებში) კრახით დასრულდა მომთხოვნისთვის. ყოველთვის მომთხოვნის ოფიციალურად გაფორმებულ საბუთს აფასებდნენ სახეზე, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე იყო შედგენილი ყველა წესის დაცვით.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის „ესპანური კამპანიის“ კიდევ ერთი წარმატება ის იყო, რომ ანტიფრანკისტები (მათი უმრავლესობა არ იყო კომუნისტი) საბჭოთა კავშირში აღმოჩნდნენ. ისინი სტალინმა ჩამოიყვანა. შემდგომ კომუნისტური იდეოლოგია აზიარა მათ და შემდგომი საერთაშორისო პოლიტიკური ბრძოლებისთვის გამოიყენა. საგულისხმო ფაქტია, რომ ფრანკოს მმართველობიდან წასვლის მერე ესპანეთში დაბრუნდა სტალინის დროს საბჭოეთში გამოწრთობილი ადამიანების ჯგუფი (სტალინი მაშინ დიდი ხნის გარდაცვლილი იყო). ამ ხალხმა თავის სამშობლოში ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა შექმნეს. პარლამენტშიაც შევიდოდნენ, რამდენიმე მინისტრის პორტფელიც მიიღეს და პროსაბჭოურ პოზიციაზე იდგნენ. ანუ სტალინის მიერ წამოწყებული საქმე ბელადის გარდაცვალების შემდეგაც წარმატებით ხორციელდებოდა და საბჭოეთის წისქვილზე ასხამდა წყალს“.

სტალინის სიკვდილის შემდეგ სტალინური საქმეები არა მარტო ესპანეთში, რომ არაფერი ვთქვათ სოციალისტურ ბლოკზე, ხორციელდებოდა წარმატებით, არამედ სხვა, განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელ ახლო და შორეულ ქვეყნებში.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინის გონება, ნებისყოფა და სხვა მისი პიროვნული თვისებებია ის ქარიზმა, რომელიც დღემდე (90-იანი წლები) არ გამქრალა და თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ, ძველ ბოლშევიკებს, დღესდღეობით (90-იანი წლები) ბევრს გვლანძღავენ და რაში აღარ გვდებენ ბრალს. ეს განსაკუთრებით საწყენი და უსამართლოა იმ ადამიანებისგან, ვისი მამები და ბაბუები მიჰყვებოდნენ სტალინის გზას და ბევრი სიკეთე მოუტანეს არა მარტო საბჭოეთს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. ამგვარად, განა სწორია იმ ადამიანის მიწასთან გასწორება, ვინც პლანეტარული სიკეთე განახორციელა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი