ბელადები

როგორ სთავაზობდა ჟუკოვი ბერიას სამხედრო გადატრიალებას

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 19.02, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მრავალ ცოდვაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მათგანია ხელისუფლების მიტაცების სურვილი და გადატრიალების მომზადება (ვითომდა ამის გამო დაამხეს ბერია), თუმცა, საქმე სულ სხვაგვარად იყო და ამის შესახებ ამ ბოლო დროს გამომზეურებული მასალები მოგვითხრობენ.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „არქივში (რომლის წვდომის საშუალებაც მე მომცეს და არსებობს ტაბუირებული არქივიც) არის საბუთი, სადაც წერია, რომ ბერია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა. ამის შესახებ გაიგეს კომპეტენტურმა ორგანოებმა. ინფორმაცია პოლიტბიუროს წევრებს მიაწოდეს და მათ ეს დანაშაული აღკვეთესო. ეს სრული სისულელეა და „საბუთიც“თვალის ასახვევადაა შედგენილი. ბერია არც შეთქმულებას ამზადებდა და ვერანაირი „კომპეტენტური ორგანოები“ ვერ მიაწვდიდნენ ასეთ ინფორმაციას პოლიტბიუროს წევრებს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ ყოფილა.“

გენერალი ვოლკოგონოვი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს. ბერიას რომ შეთქმულების მოწყობა ნდომოდა, მას ვერანაირი „კომპეტენტური ორგანო“ ვერ გაშიფრავდა. თავად ის იყო ასეთი ორგანოების კურატორი და იმიტომ. თუმცა, კოლეგების ღალატი მაინც ვერ გაშიფრა ლავრენტი პავლოვიჩმა. სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) კი ძალიან საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებს. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა გარდაცვლილი სერგო ბერიას დღიურების ჩანაწერები, სადაც საინტერესო ფაქტებია დაფიქსირებული. სერგო ბერია წერს: „მამა საკმაოდ ზომიერი იყო დალევაში და ძირითადად, კონიაკი უყვარდა, თუმცა ნახევარ ლიტრს არასოდეს სცდებოდა. 1953 წლის მარტის მიწურული იყო. სტალინი, ალბათ, ორიოდე კვირის გარდაცვლილი იქნებოდა. საღამო ხანს მამა საკმაოდ ადრე დაბრუნდა სახლში და ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო. თუმცა ყოველთვის ცდილობდა, რომ არავის შეეტყო ეს. დედამ ჰკითხა, რა გჭირსო? მამამ თავი გააქნია და დედასაც მეტი აღარ უკითხავს. ცოტა ხნის შემდეგ კი მამამ დედას უთხრა: სტუმარი გვეყოლება, ვახშამი გაამზადეთ და საკუჭნაოდან კონიაკი „ვარციხის“ ორი ბოთლი ამოიტანეთო. შემდეგ სერგო გოგლიძეს სახლში დაურეკა, რომელიც იმ დღეებში თბილისიდან მოსკოვში იყო ჩამოსული. გენერალ გოგლიძეს მოსკოვშიც ჰქონდა ბინა. მამამ მას სთხოვა, რომ ერთ საათში სტუმრად მეწვიეო. გოგლიძე დანიშნულ დროს მოვიდა. დაახლოებით, საღამოს 9 საათი იქნებოდა, რომ მამა და გოგლიძე სუფრას მიუსხდნენ. მამას მეტი არავისთვის დაუძახია და თუკი არ იხმობდნენ ვინმეს, ვერც ვერავინ მივიდოდა. საღამოს ათი საათი რომ შესრულდა, დედამ მითხრა, მამა გეძახისო და მივედი. მამაც და გოგლიძეც საკმაოდ შექეიფიანებულიყვნენ. უკვე მესამე ბოთლს ცლიდნენ და მოსამსახურეს კიდევ ორი ბოთლი მოატანინა. მამამ სუფრასთან დამსვა და გოგლიძესთან საუბარი განაგრძო. რაც იქ მოვისმინე, შოკში ჩამაგდო. მოკლე, ძირითად შინაარს ვწერ: თურმე, მამასთან სამსახურში ჟუკოვი მისულა და არმიის რაღაც სპეციფიკურ საკითხებზე ესაუბრებოდა. ხოლო შუა საუბრის დროს მარშალ ჟუკოვს, სრულიად ფხიზელს, მამასთვის უთქვამს:

– ლავრენტი პავლოვიჩ, ფეხებზე მკიდია ეს ჩემი სიტყვები იწერება თუ არა, მე რუსი სამხედრო ვარ და რუსული პირდაპირობით ერთ რამეს გეტყვი...

ჟუკოვს პაუზა გაუკეთებია. მამას უსარგებლია ამით და უთქვამს:

– გიორგი კონსტანტინოვიჩ, აღელვებული ჩანხარ. ისე კი, რომ იცოდე, აქ არაფერი იწერება. თუმცა, სანამ ცხელ გულზე რამეს იტყოდე, დაფიქრდი.

– ლავრენტი, გეტყვი, რომ ძალაუფლება ხელში უნდა ავიღოთ. პოლიტბიუროს ეს ვირთხები ამ დიად ქვეყანას ვერ გაუძღვებიან, დაანგრევენ ამ სახელმწიფოს. პირდაპირ გეუბნები – ისინი კედელთან უნდა მიაყენო და დახვრიტო!

– რას ამბობ, გიორგი, ეს ხომ ბონაპარტიზმია?! დამშვიდდი. მოგვიანებით დავილაპარაკოთ.

ჟუკოვი ამდგარა და უხმოდ წასულა. მამა კი ადრე დაბრუნდა სახლში და გოგლიძეს იმიტომ მოუყვა ყველაფერი, რომ ის მამაჩემის უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე იყო და სრულიად ენდობოდა. გოგლიძის აზრით, ჟუკოვი შესაძლოა, მამას პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა, მაგრამ მამამ ეს უარყო და უთხრა:

– არა. ჟუკოვს მართლა უნდა გადატრიალების მოწყობა. ამიტომ, თბილისში რომ დაბრუნდები, მის ხალხზე დაკვირვება გააძლიერე, მე კი აქ ვიმოქმედებ. ჟუკოვს დიდება თავში აქვს ავარდნილი და რას მოიმოქმედებს, არ ვიციო.

გოგლიძემ მამას ჟუკოვის იზოლაცია შესთავაზა, რაც მამამ კატეგორიულად უარყო.

სამი თვის მერე კი უკვე ჟუკოვმა მოსპო მამაჩემი და ის ხრუშჩოვისეული შეთქმულების ცენტრალური ფიგურა გახდა. თუმცა, ნიკიტამ მალევე მოიშორა ბონაპარტისტი მარშალი. მე ვფიქრობ, მამას გოგლიძისთვის უნდა დაეჯერებინა.“

სერგო ბერიას ეს მონათხრობი თავდაყირა აყენებს ლავრენტი ბერიას „ღალატის“ საქმეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი