ბელადები

როგორ და რატომ იხსნა სტალინმა სიკვდილისგან ნიკოლოზ მეორე

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი პრაგმატული პიროვნება იყო. იცოდა, სად, რა და როდის გაეკეთებინა. ასე იქცეოდა სტალინი როგორც რევოლუციონერობის დროს, ასევე საბჭოთა კავშირის მმართველობისას და ყოველთვის მართალი იყო, არასდროს ცდებოდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „იოსებ სტალინის პრაგმატიზმი გამომდინარეობდა პოლიტიკური სარგებლიანობიდან, ანუ იმ შედეგიდან, რაც იმ მომენტში ბოლშევიკური მოძრაობისთვის იყო მომგებიანი. შემდგომ კი – რაც საბჭოთა სახელმწიფოსთვის იყო მომგებიანი. ამ პრინციპს სტალინი არასდროს ღალატობდა და ყოველთვის სწორ გზაზე იდგა.

რასაც ახლა მოვყვები, ამას სტალინური პროპაგანდა გასაგები მიზეზების გამო მალავდა. თუმცა, საიდუმლო არქივებში ჩემმა წვდომამ ეს ინფორმაცია მომაპოვებინა. 1909 წელს სტალინმა (მაშინ „კობამ“) თავისი ინფორმატორისგან (სტალინს ყველა პარტიასა და მოძრაობაში ჰყავდა ინფორმატორი და ყველაფერი იცოდა) გაიგო, რომ „ესერები“ (ყველაზე რადიკალური პარტია. თვით ბოლშევიკებზეც კი...) იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ლიკვიდაციას გეგმავდნენ და საამისოდ ყველაფერი მზად ჰქონდათ. 7 თებერვალს იმპერატორს უნდა მოენახულებინა რუსეთის მეცნიერებათა აკადემია და მეცნიერებს შეხვედროდა. ეს ამბავი არავისთვის იყო საიდუმლო და ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე წერდნენ გაზეთებში. „ესერებმა“ გადაწყვიტეს, ამით ესარგებლათ და ეგრეთ წოდებული, „ბომბისტებისთვის“ დიდი სიმძლავრის ყუმბარები მოამზადეს, რომლებიც ფუნთუშებად იყო შენიღბული. სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში მოვაჭრეები კისერზე ჩამოკიდებული ლანგრებიდან ყიდდნენ ფუნთუშებს და ეს არავისთვის იყო უცხო და უცნაური... ორ „ესერ“ ტერორისტს, ინესა ქსეშინსკაიას და რუდოლფ პრინცერს, 20-25 მეტრიდან უნდა ეტყორცნათ 2-2 ყუმბარა იმპერატორის ეტლისთვის, როცა ის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან გაჩერდებოდა. ორივე ტერორისტი ქუჩის მოვაჭრის უნიფორმაში უნდა ყოფილიყო გამოწყობილი. ტერმინი „ბომბისტი“, ანუ ყუმბარის მტყორცნელი, „ესერების“ მიერ იყო მოფიქრებული, არაერთი ტერორისტული აქტი ჰქონდათ ჩადენილი და ამით ძალიან ამაყობდნენ... სტალინმა „ესერთა“ დეტალური გეგმის შესახებ ანტონ ბროვერმანისგან შეიტყო. ეს კაცი ქსეშინსკაიას საყვარელი იყო და „კობაზე“ (სტალინის მაშინდელი პარტიული ფსევდონიმი) მუშაობდა.

სტალინი, რომელსაც საღი გონება არასდროს ღალატობდა, საგონებელში ჩავარდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მთავრობის მხრიდან რეაქცია ჯერ კიდევ არ იყო დამცხრალი. იატაკქვეშელებზე სასტიკი ნადირობა იყო გამოცხადებული და მათ თვალსაჩინო წარმომადგენლებს ანადგურებდნენ. იმპერატორის მკვლელობა, ერთი მხრივ, უმძაფრეს პასუხს გამოიწვევდა. დაიღვრებოდა ზღვა სისხლი და გამორიცხული არ იყო, რომ ემიგრაციაში მყოფ ლიდერებსაც (ლენინი, პლეხანოვი და სხვები) მისწვდომოდნენ. რუსეთში ჩამოიყვანდნენ და ჩამოახრჩობდნენ. ან, სულაც, იქვე მოუღებდნენ ბოლოს „ოხრანკის“ ლიკვიდატორების მეშვეობით. მეორე მხრივ კი, მოკლული იმპერატორის ადგილი შესაძლოა, მასზე ბევრად ძლიერ, ჭკვიან ადამიანს დაეკავებინა და ესეც მიუღებელი იყო ბოლშევიკებისთვის. ერთი სიტყვით, სტალინს უნდა აღეკვეთა დაგეგმილი ტერორისტული აქტი, თუმცა ეს ისე უნდა მოეწყო, რომ ტერორისტები არ გაეცა... აქედან გამომდინარე, „კობამ“ ასეთი რამ მოიფიქრა, მან უშუალოდ „ესერებს“ ინკოგნიტოდ გაუგზავნა მომავალი ტერორისტული აქტის გეგმა გვარებითურთ... ამით მან ხელი ააღებინა „ესერებს“ ტერორისტულ აქტზე, ყოველ შემთხვევაში, იმ დროს... მეორე ინკოგნიტო წერილი კი კობამ უკვე ჟანდარმერიას გაუგზავნა და აუწყა, რომ იმპერატორის მკვლელობა უნდა განხორციელებულიყო მეცნიერებათა აკადემიასთან. თუმცა, არც შემსრულებლები დაუსახელებია და არც ამ აქციის დამკვეთი „ესერები“... აქედან გამომდინარე, არც „ბომბისტები“ მისულან მეცნიერებათა აკედემიასთან და ნიკოლოზ მეორის იქ მისვლაც გაუქმდა. იმპერატორიც გადარჩა და „ბომბისტებიც“.

მსგავსი პრაგმატიზმით ხელმძღვანელობდა სტალინი ბოლშევიკ მერკანოვის მიმართაც. ეს კაცი რუსეთის სახელმწიფო „დუმის“ წევრი იყო ბოლშევივკების მხრიდან. გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებითა და ცოდნით. თუმცა ის „ოხრანკაზე“ მუშაობდა. სტალინს ამისი უტყუარი ცნობები ჰქონდა. ასეთ ხალხს იატაკქვეშელები, მათ შორის, ბოლშევიკები, სიკვდილით სჯიდნენ თუმცა, სტალინი კვლავ პრაგმატულად მოიქცა და მერკანოვს ხელი არ ახლეს. ბოლშევიკებს „დუმაში“ ტრიბუნა სჭირდებოდათ და მერკანოვი ამას კარგად ართმევდა თავს. უბრალოდ, სტალინი მერკანოვს ისეთ საიდუმლოებებს აღარ ანდობდა, რასაც ბოლშევიკებისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. 1917 წელს გაშიფრული პროვოკატორი საფრანგეთში გაიქცა. მაგრამ 1927 წელს ის ნიცაში, ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი