ბელადები

რატომ აძლევდა სტალინი ბერიას დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია მრავალმხრივი ნიჭისა და უნარის ადამიანი იყო. გარდა სპეცსამსახურების ორგანიზებისა და გრანდიოზული პროექტების შესრულებისა, მას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაც შეეძლო და ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც უფლება ჰქონდა, სტალინისთვის პოლიტიკური რჩევები მიეცა.

პროფესორი ანტონ პავლოვი: „დაუჯერებელია, რომ სტალინის სიცოცხლეში მის რომელიმე ხელქვეითს დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ეს მართლაც ასე იყო. ბერია ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა. მას საამისოდ სტალინის ნებართვა ჰქონდა და საბჭოთა ბელადის არაოფიციალური მრჩეველიც იყო ყველა საკითხში, მათ შორის, პოლიტიკურშიც. არადა, სტალინი საგარეო პოლიტიკას არავის აკარებდა. თვით საგარეო-საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვიც კი მხოლოდ და მხოლოდ ბელადის მითითებებს ასრულებდა და დამოუკიდებლად ნახევარ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამდა. ბერია კი სტალინმა არა მარტო ახლოს მიუშვა საგარეო პოლიტიკასთან, არამედ უფლება მისცა, ექსტრემალურ სიტუაციებში დამოუკიდებლად ემოქმედა. პირველი ასეთი შემთხვევა ჯერ კიდევ 30-იან წლებში მოხდა. თბილისში გერმანული ბანკის მმართველი კლაუს გოტი იყო ჩამოსული, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად. გერმანელების ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ფანტასტიკური მიღწევების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. დელეგაციაში შელენბერგის (გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი) უწყების ორი თანამშრომელიც იყო. მათ აინტერესებდათ საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და ინტენსიურად მუშაობდნენ ინფორმაციების მოსაპოვებლად. ერთ-ერთი მათგანი, ვილი კაიზერი, ორმაგი აგენტი იყო და თურქეთზეც მუშაობდა.

კაიზერი ჯერ კიდევ ლავრენტი ბერიას საქართველოს „ჩეკას“ უფროსობის ჟამს, ერთ-ერთი ოპერაციის დროს გაშიფრეს და კომპრომატი შეინახეს. ხოლო წლების მერე, კაიზერი რომ საქართველოში უკვე საჯაშუშოდ ამოვიდა, ბერიამ ის პირადად გადაიბირა და საბჭოთა დაზვერვაზე ამუშავებდა...

დავუბრუნდეთ ბანკის მმართველ გოტს, ამ კაცს ისე მოეწონა ქართული გამოცდილება, რომ ბერიას სარფიანი გარიგება შესთავაზა. ბანკის მმართველო საქართველოს ცეკას პირველ მდივანს სთავაზობდა 50-მილიონიან ინვესტიციას ქართულ სოფლის მეურნეობაში ჩასადებად. სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ საქართველოს მხოლოდ გერმანიისთვის უნდა მიეყიდა ძალიან სარფიან ფასად მოცემული პროდუქციის 75 პროცენტი, ანუ სამი მეოთხედი. ეს ძალიან მომგებიანი წინადადება იყო. მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვდა და პირადად სტალინის ვიზა სჭირდებოდა. არადა, დრო არ ითმენდა. გოტმა ეს ბოლო მომენტში, გამგზავრებამდე 4 საათით ადრე, შესთავაზა ბერიას. ერთი წუთით გადაცილებაც კი გამორიცხული იყო, რადგან ეს ფაშისტურ გერმანიაში ლამის ღალატად მიიჩნეოდა. ყველაფერი წუთებში იყო გათვლილი, თანაც, გერმანელთა დელეგაცია თბილისში ზღვით შემოვიდა და ზღვითვე უნდა გამგზავრებულიყო. შეთავაზება ბათუმში მოხდა. ბერიამ იქიდან სასწრაფოდ სტალინს დაურეკა, მაგრამ პოსკრებიშევმა უთხრა, რომ ბელადი ციმბირში მიემგზავრებოდა და მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, რადგან თვითმფრინავმა, ალბათ, უკვე ურალს გადაუფრინა და ჰაერშიაო. ბერიამ გარისკა და ხელშეკრულებას სტალინთან შეუთანხმებლად მოაწერა ხელი. ორი დღის მერე კი ბერია მოსკოვში ჩაფრინდა და ბელადს დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. არც იმის თქმა დავიწყებია, თუ როგორ გადაიბირა ფაშისტების მზვერავი. სტალინს უთქვამს: სწორად მოქცეულხარ და ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში ყოველთვის ასე იმოქმედეო. ეს იყო ერთგვარი ვიზა სტალინისა ბერიას მიმართ. თუმცა, ეშმაკი ბერია არასდროს იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, თუკი საშუალება იყო, რომ სტალინთან გაევლო კონსულტაცია. მაგრამ, ყოველ ასეთ შემთხვევაში სტალინი ბერიას წინადადებას იღებდა და ბერიას მოქმედების საშუალებას აძლევდა. იყო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევაც. როდესაც „წითელმა არმიამ“ იაპონიას დაარტყა, ბერიაც იქ იმყოფებოდა და პირადად ხელმძღვანელობდა „ჩეკისტურ“ საქმიანობას. ერთ-ერთი რეიდის დროს ხელქვეითებმა ბერიას შეატყობინეს, რომ იაპონიის ოქროს მარაგის მნიშვნელოვან ნაწილს მიაგნეს და ჰკითხეს, რა ექნათ. ბერიამ მაშინვე უბრძანა, რომ ყველაფერი გემზე დაეტვირთათ და საბჭოთა კავშირში გაძლიერებული დაცვის ქვეშ წაეღოთ. ბერიამ სტალინს შეგნებულად არ დაურეკა და არ აუწყა ეს ამბავი, რადგან იფიქრა, ამერიკელებმა ან ინგლისელებმა არ მოისმინონ და სირთულეები არ შეგვიქმნანო. რადგან მაშინ იმ მიმართულებით დაცული სატელეფონო ხაზი არ არსებობდა... სტალინს ბერია კვლავ შეუქია ასეთი სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისთვის. იაპონური ოქრო კი სახელმწიფო ბანკის საცავებში მოათავსეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი