როგორ შეანარჩუნებინა სტალინმა ძალაუფლება ბოლშევიკებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
სტალინი საკუთარ თავს ლენინის მოწაფედ მიიჩნევდა და მისი სახელი უკვდავყო, კომუნისტურ ხატად გადააქცია, თუმცა, თავად მასზე ბევრად დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო და ეს მსოფლიო ასპარეზზე მისმა ძალისხმევამ გამოავლინა.
მწერალი ედვარდ რაძინსკი: „ლენინი სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემოქმედად და მამად, მაგრამ ერთია ძალაუფლებას დაეუფლო და მეორე კი – ეს ძალაუფლება შეინარჩუნო. მართალია, ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები იყვნენ, მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა ლენინის დამსახურება. ეს არც ტროცკის დამსახურება იყო და სტალინი გახლდათ ის ერთადერთი, ვინც ბოლშევიკებს ძალაუფლება არ დააკარგვინა. სერგო ორჯონიკიძე თავის დღიურებში წერდა: „1918 წელი ჩვენთვის (იგულისხმება ბოლშევიკური მთავრობა) ურთულესი იყო. პეტროგრადს ყოველი მხრიდან უტევდა „თეთრი გვარდია“. ლენინი და ტროცკი თანახმანი იყვნენ, დაეთმოთ დედაქალაქი (მაშინ პეტროგრადი იყო დედაქალაქი) და ყოველგვარი ბრძოლის გარეშე გაქცეულიყვნენ. მათ ამ იდეას მხარს უჭერდა მთელი პოლიტბიურო, გარდა კობასი (სტალინს ძველი თანამებრძოლები კობას ეძეახდნენ). მან მხურვალე სიტყვა წარმოთქვა და ლენინს კაპიტულაცია გადააფიქრებინა. ტროცკი კი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ სტალინმა მას დამცინავად უთხრა: ტროცკის ეტყობა, რომ სურს ბრესტ-ლიტოვსკის ტრიუმფი გაიმეოროსო... ამ სიტყვებმა ტროცკი გაამწარა. ხელახალმა კენჭისყრამ კი სტალინის სასარგებლოდ ჩაიარა. გადაწყდა პეტროგრადის დაცვა და ამ ოპერაციას პირადად სტალინი ჩაუდგა სათავეში. კობამ დიდი წარმატებით შეასრულა ეს მისია. პეტროგრადი ორჯერ დაიცვა თეთრი გვარდიის შემოტევისგან. შემდგომ კი, მისივე წინადადებით, დედაქალაქი პეტროგრადიდან მოსკოვში გადაიტანეს, რათა ბოლშევიკური ხელისუფლების დამხობა ნაკლებად შესაძლებელი ყოფილიყო.“
ორჯონიკიძის ჩანაწერებიდან ნათელია, რომ სტალინს უდიდესი წვლილი მიუძღვოდა ბოლშევიკური მთავრობის შენარჩუნებასა და მის ნაყოფიერად მუშაობაში და ღირსეულადაც გახდა შემდგომ პარტიისა და ქვეყნის ლიდერი და უპირობო მმართველი. არადა ამ პოზიციის დასაკავებლად ბოლშევიკურ პარტიაში, როგორც მინიმუმ, ოთხი ადამიანი იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ სტალინის კონკურენტებმა იმდენი მოახერხეს, რომ ლენინს სტალინთან ურთიერთობების გაწყვეტის წერილი მიაწერინეს. იმავე სერგო ორჯონიკიძის დღიურებში ვკითხულობთ: „ლენინის გორკაში გადასვლისა და საექიმო ზედამხედველობის დაწესების შემდეგ პოლიტბიურომ ამისი კონტროლი კობას (სტალინს) დააკისრა. და, ის (სტალინი) მთელი მონდომებით ახორციელებდა ამას. რა რეკომენდაციასაც დაადგენდნენ ექიმები, სტალინი ამას უმკაცრესად ასრულებდა. ილიჩს (ლენინი) აკრძალული ჰქონდა ტვინის გადატვირთვა. მას მხოლოდ 15 წუთი ეძლეოდა საწერად და საკითხავად. თანაც, პოლიტიკა ეკრძალებოდა. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა ვინმესთან ხანგრძლივი შეხვედრები და მით უმეტეს, პოლიტიკაზე საუბარი. ლენინს თავზე ადგნენ მისი მეუღლე, ნადეჟდა კრუპსკაია და მარია ულიანოვა. სტალინი უმკაცრესად აკონტროლებდა გორკას და იქ „ჩეკისტები“ მორიგეობდნენ ეჟოვის მეთაურობით. თუმცა კრუპსკაიამ რამდენჯერმე მოახერხა და ლენინს ოპოზიციონერები შეახვედრა, რომლებმაც ილიჩს დაძაბული საუბარი გაუბეს. ამის შედეგად ლენინს ჯანმრთელობა გაუუარესდა. და, როცა ამის შესახებ სტალინს შეატყობინეს, მან კრუპსკაიას საკმაოდ მკაცრად, უხეშადაც კი მოსთხოვა პასუხი. კრუპსკაიამ ამის შესახებ ლენინს მოუყვა და გაცოფებულმა ილიჩმა სტალინს წერილი მისწერა ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. ლენინმა ეს, ერთი მხრივ, კრუპსკაიას ზეწოლის შედეგად, მეორე მხრივ კი, გამწვავებული ავადმყოფობის გამო ჩაიდინა. სტალინი გონიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი იყო. მან იცოდა, რომ ლენინთან ურთიერთობის გაფუჭება პარტიაში განხეთქილებას გამოიწვევდა. პარტიაში განხეთქილება კი ქვეყანაში არეულობის საწინდარი იქნებოდა. ამიტომ, სტალინმა ტაქტიკური სვლა გააკეთა და კრუპსკაიას ბოდიში მოუხადა. ამან კი ლენინთან ურთიერთობა აღადგინა.“
ორჯონიკიძის ჩანაწერები კომუნისტური პარტიის ისტორიის მნიშვნელოვან დეტალებზე მოგვითხრობს. იმ პერიოდში ძალაუფლებისთვის ბრძოლა პიკს აღწევდა და ყველა ცდილობდა ლენინის მიმხრობას და ამ ბრძოლაში მისი სახელის გამოყენებას. თუმცა, ლენინი უკვე საკმაოდ დაძაბუნებული იყო. მას ეს გარეგნულადაც ეტყობოდა. აქედან გამომდინარე, სტალინმა, ეშმაკობა იხმარა. მხატვარ ანენკოვს ლენინის პორტრეტი დაახატვინა. თან, ფოტოსურათებიც გადააღებინა და ეს ყველაფერი არქივში შეინახა, დათარიღებული. ამ ყველაფრის მიზანი ის იყო, რომ თუკი ვინმე იმ პერიოდის ლენინს მხარდამჭერად მოიყვანდა, ამ ფოტოებისა და მოწმეთა მონათხრობების მიხედვით, იოლად დაამტკიცებდა, რომ ოქტომბრის რევოლუციის ბელადი შეურაცხადი იყო და რომ მის სიტყვებს ძალა არ გააჩნდა. ასეთ ისტორიულ ვითარებაში ისმება კითხვა: ვინ იყო ქვეყნის რეალური მმართველი, რომელსაც ჭკუა ეკითხებოდა? პასუხიც მზადაა – სტალინი... მართალია, სტალინს არასდროს დაუყენებია საკუთარი თავი ლენინზე წინ, მაგრამ ეს ისტორიამ გააკეთა. ლენინმა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში 7 წელი იცხოვრა, მაგრამ სტალინის საქმეებთან მისი საქმეები ახლოს მოსატანიც არაა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




