ბელადები

როგორ ჩამოახრჩობინა ბერიამ ფაშისტებს თავიანთი სტრატეგიული აგენტი

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.04

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია დაზვერვის ნამდვილი გენია იყო. ეს ეპითეტი საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელს ალენ დალესმა ტყუილად როდი შეურჩია. ბერია ისეთ რთულ კომბინაციებს ხლართავდა, რომ მტერ კოლეგებს თავგზას უბნევდა და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი ბერია დაზვერვის გროსმაისტერი იყო და ამ რთულ თამაშში ისეთ ოსტატობას ავლენდა, როგორც დიდი, გამოცდილი და წაუგებელი მოჭადრაკე. მას (ბერიას) ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც „მზვერავთა თამაშებშია“ საჭირო – ნათელი გონება, ეშმაკობა, ნებისყოფა და რკინისებური დისციპლინა, ფოლადისებურ სიმტკიცესთან ერთად. 1943 წელს საბჭოთა კონტრდაზვერვამ გაშიფრა „წითელი არმიის“ სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი ევგენი ვასინი. როგორც აღმოჩნდა, ვასინი ფაშისტური დაზვერვის ოფიცერი ვალტერ შოლცი იყო. ის ჯერ კიდევ 20-იან წლებში ჩანერგეს „წითელ არმიაში“ და მან ბრწყინველე კარიერა გაიკეთა. ხელმძღვანელობაში დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ვასინი დიდი სამამულო ომის სტრატეგიულ ინფორმაციებს ბერლინში გადასცემდა, რითაც დიდი სარგებლობა მოჰქონდა ფაშისტებისთვის და მის შესახებ თავად ჰიტლერიც კი იყო ინფორმირებული... პოლკოვნიკი რომ კონტრდაზვერვამ გაშიფრა და შესაბამისი დოკუმენტებიც მოიპოვა, მე ბერიას ვეახელი კაბინეტში და ვასინის შესახებ მოვახსენე. ბერია პირადად იცნობდა მას და მითხრა:

– ხომ არაფერი გეშლებათ, ნუთუ ეს სიმართლეა?!

მე საქაღალდე დავუდე წინ და ვუთხარი:

– ლავრენტი პავლოვიჩ, აქ ყველა დამადასტურებელი საბუთია. გაეცანით და დარწმუნდებით.

ბერია გულდასმით გაეცნო საბუთებს და პაუზის შემდეგ თქვა:

– სამწუხაროა. როგორ გამოგვეპარა. ხომ არ დაგიპატიმრებიათ?

– ჯერ არა. თქვენს ნებართვას ველოდებით.

– ხელი არ ახლოთ. მას ჩვენ ძალიან საჭირო საქმისთვის გამოვიყენებთ. ვინც მის შესახებ იცის, მკაცრად გააფრთხილეთ, რომ პოლკოვნიკს არაფერი აგრძნობინოს.

– გასაგებია, – ვუთხარი ბერიას და წასასვლელად მოვემზადე. მან კი შემაჩერა და მითხრა:

– ხვალ, საღამოს 8 საათზე, საგანგებო თათბირს ვატარებ და ვასინიც მოიწვიეთ.

– დღევანდელი გადაიდო?

– არა. დღეს ნამდვილი თათბირი იქნება და ხვალ კი ვასინისთვის უნდა დავდგათ სცენა. ერთ საათში მოდი, ფიტინთან ერთად, დავილაპარაკოთ.

ფიტინი საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო. მე – მისი მოადგილე. ფიტინიც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო ვასინის შესახებ. როდესაც მას ბერიასთან საუბრის შინაარსი გადავეცი, მითხრა:

– როგორც ეტყობა, ხვალინდელ ცრუ თათბირზე ვასინს სტრატეგიული დეზინფორმაცია უნდა შევტენოთ და ამის შესათანხმებლად გვიბარებს.

– მეც მასე ვფიქრობ, – დავეთანხმე ფიტინს.

ბერიას ვეახელით. შევათანხმეთ ხვალინდელი დეზინფორმაციის დეტალები და, რომ იტყვიან, გენერალური რეპეტიცია გავიარეთ. მეორე დღეს კი ვასინს ვაცნობეთ მომავალი ოპერაციის, „ბაგრატიონის“, შებრუნებული ვარიანტი. ეს დეზინფორმაცია იმგვარად იყო დამუშავებული, რომ ფაშისტები შეტევისთვის დიდძალი საჯარისო დაჯგუფებებით ბელორუსიაში უნდა კონცენტრირებულიყვნენ. ეს კი ხაფანგი იყო. ვასინმა იმავე ღამეს გადასცა ბერლინში შიფროგრამა, რომლის გასაღებიც გვქონდა და ბოლოში ეწერა: ეს ისეთი ზესაიდუმლო ინფორმაციაა, რომ როდესაც ჩვენ იმ ბრძოლას მოვიგებთ, კონტრდაზვერვა აუცილებლად ჩემზე გამოვა და ჩამომახრჩობენ. ამიტომ, ნება დამრთეთ, ბერლინში ჩამოვიდეო. ბერლინმა ვასინს ნება დართო და ბერიამაც ბრძანა: გაუშვით. მისი დაპატიმრება ფაშისტებში ეჭვს გამოიწვევს და შეიძლება, ყველაფერი წყალში ჩაგვეყაროს. მას თავადვე თავისიანები ჩამოახრჩობენო. ვასინი, სინამდვილეში კი, ვალტერ შოლცი, გავუშვით და ის მშვიდობიანად ჩავიდა ბერლინში. გერმანელებმა იჩქარეს და ჰიტლერმა ის რაიხსკანცელარიაში რკინის ჯვრით დააჯილდოვა. მაგრამ, როდესაც ოპერაცია „ბაგრატიონი“ დაიწყო და 470 ათასი, რკალში მოქცეული ფაშისტური არმიები გაიჟლიტნენ და საბჭოთა მიწა-წყალი მათგან გაიწმინდა, შოლცი „გესტაპომ“ დააპატიმრა. სასტიკად აწამეს და შემდგომ ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში მყოფი, ჩამოახრჩვეს.

ამ ბრწყინვალედ შესრულებულმა ოპერაციამ საბოლოოდ გატეხა წელში ფაშისტები და ამის მერე მათი ტოტალური უკუსვლა დაიწყო. ჩვენ, „ჩეკისტებს“, კი თავდაჯერებულობა მოგვემატა და ყოველივე ეს ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო.“

გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „ოპერაცია „ბაგრატიონი“ პირადად სტალინის მიერ შედგენილი გეგმა იყო. და, როდესაც „ჩეკისტებმაც“ დიდი წვლილი შევიტანეთ მასში, ბელადი უზომოდ გახარებული იყო. სტალინმა მადლობები პირადად გადაგვიხადა ყველას, დაგვაჯილდოვა რიგგრარეშე ჩინებითა და ორდენებით. ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ კი უფრო მეტად აიმაღლა პრესტიჟი ბელადის წინაშე და უკვე მერამდენეჯერ დაამტკიცა, რომ მას ასეთ საქმეებში ბადალი არ ჰყავდა. ამის მერე ბერიამ კიდევ არაერთი დიდი საიდუმლო პროექტი განახორციელა უბადლოდ და ბრწყინვალედ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი