როდის დაიწყო ატომურ იარაღზე ნადირობა, ბერიას ბრძანებით
ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 18.04
ლავრენტი პავლეს ძე ბერიას პოსტსტალინისტური და პოსტბერიული, ხრუშჩოვისეული პროპაგანდა სისხლისმსმელ მონსტრად და სამშობლოს მოღალატედ რაცხდა, რაც მტკნარი სიცრუე, ცილისწამება და აბსოლუტური სისულელეა. სინამდვილეში ბერია მკაცრი მმართველი, საქმის უბადლო შემსრულებელი, პატრიოტი პიროვნება და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, გენიალური მენეჯერი იყო.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერიას გამოჩენა კრემლში, ანუ საბჭოთა მმართველობის უმაღლეს ეშელონში, ბევრისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. მაგრამ ეს იყო იმ ეპოქის კანონზომიერება და სტალინმა საუცხოოდ უწყოდა, რომ „ეჟოვშჩინისა“ და „ტროცკიზმის“ ჭირისა და უბედურების მერე, დიდი ომის წინ, საჭირო იყო ქვეყნის გამონოლითება და ამ საქმის ავანგარდად საბჭოთა ბელადს სპეცსამსახურები ესახებოდა. და სწორედ ამიტომ იხმო მოსკოვში ბერია და ამ საქმის მოგვარება მას დაავალა.
1938 წლის დეკემბერი იდგა. ბერია ეჟოვის მოადგილედ არც ისე დიდი ხნის დანიშნული იყო და სტალინმა ის მოულოდნელად კუნცევოს აგარაკზე გამოიძახა. სტალინის დაცვის უფროსი ნიკოლაი სიდორის ძე ვლასიკი ასეთ რამეს იხსენებს: „ბერია რომ აგარაკზე მოვიდა, სტალინმა ის უზარმაზარ სასადილოში მიიღო. სუფრა წინასწარ იყო გაწყობილი და მრავალფეროვანი კერძებით სავსე. ბოთლებში სპეციალური ჩამოსხმის „საფერავი“ ესხა და ინკრუსტრირებული ბროლის ჭიქები ელაგა. ბერია მაშინ გამხდარი, სამხედრო „გიმნასტიორკაში“გამოწყობილი, პენსნეიანი ახალგაზრდა კაცი იყო, მხედრული „ვიპრავკით“. ოთახში მე შევუძეხი. სტალინი მას შუა ოთახში შეეგება. გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და ჩემდა გასაკვირად, ქართულად (სტალინი, ძირითადად, რუსულ ენაზე მეტყველებდა ქართული აქცენტით და შემდგომ ბერიას თუ დაელაპარაკებოდა ხოლმე მშობლიურ ენაზე) უთხრა: კეთილი იყოს შენი აქ მობრძანებაო (შინაარსი მე მოგვიანებით შევიტყვე). საღამოს 8 საათი იყო. მე წავედი. ისინი კი სუფრას მიუსხდნენ და მთელი ღამე გაათენეს. რაზე ილაპარაკეს, უცნობია. თუმცა, იმავე საღამოს (ანუ მეორე დღეს, როცა ბერია მოსკოვში დაბრუნდა) ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სტალინის ბრძანებით, „ენკავედეს“ ხელმძღვანელად დაინიშნა“.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიასთან პირველი შეხება 1928 წელს მქონდა. მას მე თბილისში შევხვდი. მაშინ ჩვენი საზღვარგარეთული განყოფილება ოპერაციას ატარებდა თურქი აგენტის გამოვლენა-ნეიტრალიზაციაში. ბერია კი საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელობდა და მისმა მახვილგონივრულმა რჩევამ ეს ოპერაცია წარმატებით განგვახორციელებინა... როგორც კი ბერია ჩვენი უწყების პირველი პირი გახდა, სანამ გაფართოებულ თათბირს გამართავდა, მე და საგარეო დაზვერვის უფროსი პავლე ფიტინი დაგვიბარა. გვესაუბრა და მოითხოვა დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და ფაშისტური გერმანიიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი რეზიდენტებისგან გამოგზავნილი ინფორმაციები მიგვეტანა... რაში სჭირდებოდა, არ ვიცოდით. მივუტანეთ და წამოვედით. იმავე საღამოს გაფართოებულ თათბირს დავესწარით, რომელიც ღამის 2 საათზე დასრულდა. მაგრამ, ბერიამ მე და ფიტინი დაგვტოვა და გვითხრა:
– ამხანაგებო, ამ რეზიდენტურის ცნობებში ერთი სიტყვაც კი არაა ნათქვამი ამ ქვეყნების ფიზიკოსებზე. მათ მიერ წარმოებულ საიდუმლო ექსპერიმენტებზე.
– რას გულისხმობთ, ამხანაგო ბერია? – იკითხა პავლე ფიტინმა.
– ამხანაგებო, არსებობს ინფორმაცია, რომ გერმანელი ფიზიკოსი ჰაიზენბერგი ატომური იარაღის სამხედრო მიზნებით გამოყენებაზე მუშაობს. გამორიცხული არაა, რომ დანარჩენ სამ ქვეყანაშიც ასეთი ექსპერიმენტები ან უკვე ტარდება, ან იწყებენ ჩატარებას და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა.
შემდგომ ამ ოთხ ქვეყანას იაპონიაც დაემატა და ჩვენმა რეზიდენტურებმა ამ ხუთივე ქვეყანაში ატომურ საიდუმლოებებზე დაიწყეს ნადირობა.“
ბორის სოკოლოვი: „სუდოპლატოვის მონათხრობი იმიტომ გამოვიყენე, რომ ხაზი გავუსვა ლავრენტი ბერიას ინფორმირებასა და გათვითცნობიერებულობას. მასში მზვერავის ალღოს არსებობას. ოფიციალური რუსული დოკუმენტალისტიკა ატომურ პროექტებზე ნადირობის დაწყების თარიღად (საბჭოთა დაზვერვის მხრიდან) 1943 წელს ასახელებს, თუმცა, ნამდვილი თარიღი 1938 წლის დეკემბერია. ბერიას ჯერ კიდევ 1929 წელს, იყო რა ის (ბერია) საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელი, გერმანიაში, „ენკავედეს“ საკავშირო უწყების გვერდის ავლით, გაგზავნილი ჰყავდა აგენტი „სირიუსი“ (პავლე ჩხაიძე), რომელიც პირდაპირ კავშირზე იყო ბერიასთან და სწორედ მისგან მიიღო ინფორმაცია ჰაიზენბერგის ექსპერიმენტების შესახებ. „სირიუსი“ თავის ინფორმაციაში ასახელებდა საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს და იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში ჰაიზენბერგის დონის მეცნიერ-ფიზიკოსები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ამიტომ, გამორიცხული არ იყო, რომ მსგავს სამუშაოებს ამ ქვეყნების მთავრობებიც ახორციელებდნენ. სწორედ 1938 წლის მიწურულს დაიწყო საბჭოთა აგენტების ჩანერგვის პროცესი ამ ქვეყნებში და არასრულ 11 წელიწადში, ბერიას წყალობით, საბჭოთა კავშირი ბირთვული სახელმწიფო გახდა. 1940 წელს ჩხაიძემ ბერლინიდან სავალალო ინფორმაცია გადასცა ბერიას. მასში ნათქვამი იყო, რომ ჰაიზენბერგი ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ. რომ შექმნა ურანის ქვაბი და რომ ატომური იარაღის შექმნა რეალური და ძალიან სახიფათო იყო. მაშინ, ბერიას ბრძანებით, ბერლინში დივერსიული ჯგუფი გაიგზავნა და მათ ეს ქვაბი ააფეთქეს. მაგრამ, ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ თითქმის ეს ავარია იყო და თან, ჰაიზენბერგის შეცდომა. ჰიტლერმა ექსპერიმენტებს დაფინანსება შეუკვეცა. ურანის ქვაბის შექმნა შეცდომად დასახელდა. დაიკარგა დრო და ჰიტლერს წაერთვა შანსი, რომ ატომურ იარაღს დაუფლებოდა. ეს კი ბერიას დამსახურება იყო.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


