ბელადები

როგორ შეაღწია „ენკავედემ“, ბერიას გეგმით, „მოსადში“

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 16.04, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ბერია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, საოცარი შესაძლებლობების ადამიანი იყო და ამ თავის უნიკალურ თვისებებს უდიდესი წარმატებით იყენებდა იმ ფართო ფრონტზე, რომელსაც როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკა ეწოდება.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „მე ყოველთვის მაოცებდა ბერიას პიროვნების ყოვლისმომცველობა. ეს ადამიანი უშრეტ ენერგიას, ცოდნის ფართო დიაპაზონსა და სიახლეების დანერგვის უდიდეს უნარს ფლობდა. რომ დასცლოდა და ვერაგულად არ მოეკლათ, ჩვენ კი – მისი ძირითადი გუნდის წევრები, ასევე ვერაგულად არ ჩამოვეცილებინეთ ორგანოებიდან, მისი მეთაურობით, იმაზე ბევრად მეტს გავაკეთებდით ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რაც გავაკეთეთ. თუმცა, ბერიას მიერ დანერგილი სიახლეები კიდევ მრავალი წელი ეფექტურად მუშაობდა. ზოგიერთი მათგანი კი დღემდე მუშაობს. მე შევეხები ჩვენს სფეროს და ბერიას მოღვაწეობის ერთ-ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ეპიზოდს გავიხსენებ. სწორედ ბერიას ინიციატივა იყო, რომ შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, „ებრაელი შურისმაძიებლების“ ორგანიზაცია, სახელწოდებით „ნოკიმი“. ეს ხალხი ნაცისტი დამნაშავეების მოძიებითა და მათი დასჯით იყო დაკავებული და დიდი ეფექტურობით მუშაობდა. ვინაობებს არ დავასახელებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ „ნოკიმის“ ძირითად ბირთვში რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი მოღვაწეობდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები იქ ჩანერგილები კი არ იყვნენ, არამედ ერთ-ერთ შემქმნელ ბირთვს წარმოადგენდნენ. ინფორმაციებს ისინი, რა თქმა უნდა, ძირითადად, ჩვენი უწყებიდან იღებდნენ და ამიტომ ჩვენ მათი საქმიანობის ყველა დეტალი ვიცოდით. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ ამ ორგანიზაციის გარკვეული ნაწილი შემდგომ ისრაელის დაზვერვის, „მოსადის“ სტრუქტურებში გადავიდა და მათ შორის ჩვენი ხალხიც იყო. შემდგომ ამ „ჩვენმა ხალხმა“ თვით „მოსადში“ ის ადამიანები შეიყვანეს (თავად ამ შეყვანილმა ხალხმა არ იცოდა, რომ მათი ინფორმაციები ჩვენთან მოდიოდა), ვისგანაც ინფორმაციებს იღებდნენ და ამგვარად ვაკონტროლებდით ამ სპეცსამსახურს, რომელიც ძალიან მალე ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი გახდა მსოფლიოში. ეს იყო ბერიას ოსტატური კომბინაცია და რომ არა პოსტბერიული ხელმძღვანელობის უნიათობა, იმ დონეს დღემდე შევინარჩუნებდით. თუმცა, სეროვისა და ძმათა მისთა არაპროფესიონალურობამ ეს სისტემა თითქმის მთლიანად მოშალა და „მოსადში“ „ჩვენი ხალხი“ გაიშიფრა. ისინი, რა თქმა უნდა, იქიდან მოკვეთეს... არა და რამდენად უვიცი და უცოდინარი უნდა იყო, რომ ასეთი აწყობილი საქმე დაანგრიო. ბერია ამას არაფრით არ დაუშვებდა.“

ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ მართალია, „ენკავედე“ „მოსადს“ აკონტროლებდა, მაგრამ ბერიას ბრძანებით, „ენკავედეს“ მხრიდან ამ ორგანიზაციას თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია და მათ განვითარების საშუალებას აძლევდა. ზოგ შემთხვევაში ეხმარებოდა კიდეც მათ. და, საერთოდ, ბერიას კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდა როგორც ებრაული სახელმწიფოს მიმართ, ასევე, ზოგადად, ებრაელებისადმი. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი როდი იყო, რომ იმ უამრავ ბრალდებებს შორის, რაც ბერიას წაუყენეს, იყო ბრალდება სიონიზმის ხელშეწყობაში. სეროვის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება კი (პოსტბერიული „ენკავედე“) ხმებს ავრცელებდა, რომ თითქოს ბერიას ებრაელი დედა ჰყავდა. ეს კი, ებრაული ტრადიციით, ებრაელს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ბერიას ებრაელობა მოგონილი მტკნარი სიცრუე იყო და ის დედითა და მამით ქართველი იყო, მაგრამ ასე სჭირდებოდა მაშინ ხრუშჩოვისეულ პროპაგანდას.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ერთ პარადოქსს ვიტყვი და დასკვნა თქვენთვის მომინდვია. ლავრენტი ბერიას ერთნაირი „წარმატებით“ აბრალებდნენ, როგორც სიონისტობას, ასევე – ანტისემიტობას. ის არც ერთი იყო და არც – მეორე... თუმცა, ბერია დიდად აფასებდა ებრაელებს და ერთხელ მითხრა – ვიაჩესლავ, ებრაელები ისევე, როგორც ჩვენ – ქართველები დედამიწის უძველესი და უძლიერესი ერია. მთელი კაცობრიული ისტორიის განმავლობაში სულ მტრებთან გვიწევდა ომი და ხომ წარმოგიდგენია, რამხელა მადლია ჩვენზე გადმოსული, რომ ამ ისტორიულ ქარტეხილებში გენიც შევინარჩუნეთ და ენაც, ასევე სახელმწიფოც – თუმცა ებრაელობამ დროებით დაკარგა ქვეყანა, მაგრამ ხომ მაინც დაბრუნდნენ აღთქმულ მიწაზეო ეს საუბარი კუნცევოში შედგა, სტალინის აგარაკზე. ამ დროს ბელადი გასული იყო. მაგრამ ისე ჩუმად წამოგვადგა თავს, რომ თავიდან ვერ გავიგეთ. პირველმა ბერიამ შეამჩნია და დაამატა, ამხანაგ სტალინის წყალობით დაიბრუნეს ქვეყანაო. სტალინს გაეცინა და ჰკითხა:

– ლავრენტი, ვისი მადლია გადმოსულიო, რა თქვი, რას გულისხმობ?

ეშმაკობას აზრი აღარ ჰქონდა და ბერიამ მიუგო:

– ღვთის მადლი, ამხანაგო სტალინ.

ბელადს ულვაშებში ჩაეცინა და არაფერი უთქვამს. ბერია კი იყო ეშმაკი კაცი, მაგრამ იცოდა, თუ როდის გამოეყენებინა ეს და სტალინს იმიტომ უთხრა პირდაპირ ის, რასაც გულისხმობდა. სხვათა შორის, ერთადერთი ბერია იყო, ვინც სტალინს ურჩია, რომ ჩემი ებრაელი მეუღლე, პოლინა ჟემჩუჟინა არ დაეპატიმრებინა, მაგრამ სტალინმა ეს არ გააკეთა. სწორედ ბერია იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც სტალინის გარდაცვალების მერე, მაშინვე გაათავისუფლებინა ჩემი მეუღლე. ვნანობ, რომ ბერიას წინააღმდეგ წავედი.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი