ბელადები

როგორ მოუპოვა ბერიამ რუსეთს ზღაპრული სიმდიდრეები

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 01.12

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას (სტალინთან ერთად) იმაზე მეტი აქვს გაკეთებული რუსეთის სიძლიერისთვის, ვიდრე რუსეთის ყველა მმართველს, ერთად აღებულს. მიუხედავად ამისა, ბერიას სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და ისეთი რაღაცები დააბრალეს, რაც არასდროს ჩაუდენია.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „აბსოლუტურ სირცხვილად მიმაჩნია თანამედროვე რუსეთის სახელმწიფოსთვის ის, რომ არ განხორციელდა ლავრენტი პავლეს ძე ბერიას რეაბილიტაცია. თუმცა, ეს საკითხი იდგა დღის წესრიგში, მაგრამ შესაბამისმა ორგანომ უარყო და ბერიას დამნაშავის სტატუსი შეუნარჩუნდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია რუსეთში მოღალატედაა შერაცხილი და „კაციჭამიათა“ სიაში პირველ ნომრად წერია. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ბერია, ჰიტლერს ომს, ალბათ, ვერ მოვუგებდით. ვერ მოვუგებდით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ განხორციელდებოდა მთელი ეკონომიკურ-სამრეწველო სისტემის ურალს მთებს მიღმა გადატანა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ბერიას დამსახურებაა. ვერ მოვიპოვებდით ისეთი სტრატეგიული დანიშნულების ინფორმაციებს, რამაც ჰიტლერის დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. და ბოლოს – ვერ შევქმნიდით ატომურ ბომბს და ამერიკის შეერთებული შტატები მიწასთან გაგვასწორებდა.“

იაკობ კედმი: „ნუთუ რუს ხალხს ისეთი მოკლე ისტორიული მეხსიერება აქვთ, რომ უახლოესი წარსულის მოვლენები არ ახსოვთ ან სწორ შეფასებას ვერ აკეთებენ? ნიშანდობლივია ერთი მომენტი ამ უახლოესი წარსულის ისტორიიდან, რაც კონკრეტულად რუსებს, რუსი ეროვნების ადამიანებს ეხებათ: სტალინგრადის ოპერაციის ჩატარების საკითხი იხილებოდა თავდაცვის საბჭოზე, რომლის წევრიც, რა თქმა უნდა, ბერია იყო. ჟუკოვმა წარმოადგინა გეგმა ფაშისტური ძალების განადგურების თაობაზე. მომავალი „გამარჯვების მარშალი“ სტალინს შესანიშნავ პერსპექტივას უშლიდა წინ“.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჟუკოვმა დეტალურად აუხსნა სტალინს ყველაფერი და უთხრა:

– ამხანაგო სტალინ, ამ ოპერაციის შემდეგ სტალინგრადი ფაშისტებისგან გაიწმინდება და ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ამ ომში.

სტალინმა ირგვლივ მყოფებს გადმოგვხედა და ტრადიციული ფრაზა წარმოთქვა:

– ამხანაგებო, შეკითხვა ან შენიშვნა ხომ არ გაქვთ ამხანაგ ჟუკოვის გამოსვლის მიმართ?

ყველანი ვდუმდით. ბერია წამოდგა და თქვა:

– მე მაქვს შენიშვნა, ამხანაგო სტალინ.

– თქვით, – მიუგო სტალინმა და ჟუკოვს გადახედა, რომელიც უსიამოვნოდ შეიშმუშნა.

ბერიამ ჟუკოვს ჰკითხა:

– ამხანაგო ჟუკოვ, თქვენი გეგმის მიხედვით ჩვენი მხრიდან 300 ათასი მებრძოლი დაიღუპება და რამდენად მიზანშეწონილია ასეთი მსხვერპლი იმ დროს, როცა შეიძლება, ალყაში მოვაქციოთ მტერი და მაქსიმუმ, ერთ თვეში კაპიტულაცია გამოვაცხადებინოთ?

ჟუკოვმა კოპები შეკრა და თქვა:

– ნუ გავიწყდებათ, ამხანაგო ბერია, რომ ომში ვართ. ომი კი მსხვერპლს მოითხოვს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, რომ ჩემი გეგმით, მტრის მთელი ძალა განადგურდება, რაც ორჯერ მეტი იქნება ჩვენს მსხვერპლზე.

– ამხანაგო ჟუკოვ, ჩვენ ხომ მსხვერპლის რაოდენობაში არ გვაქვს შეჯიბრება? – თქვა ბერიამ და დაამატა, – თანაც ექვსასი ათას მოკლულ ფაშისტსა და სამასი ათას ჩვენიანს დამარხვა ხომ უნდა?

– ომში უარესებიც ხდება, – თქვა ჟუკოვმა.

– ჩვენ კი ეს უარესი არ უნდა დავუშვათ. იმ სამასი ათას ჩვენიანს შორის ორას ორმოცდაათი ათასი რუსი იქნება და თუ სხვები არ გადარდებთ, თქვენი თანამემამულეები მაინც შეიცოდეთ.

– ომი ულმობელია! – არ ცხრებოდა ჟუკოვი.

– სამაგიეროდ, ჩვენ უნდა ვიყოთ ლმობიერები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენიანების მიმართ. თქვენ კი სასტიკი მეთოდებით ცდილობთ წარმატების მიღწევას, რაც ყოველმხრივ მიუღებელია.

ჟუკოვის გეგმა ბერიამ ჩააგდო და სტალინგრადში მოხდა ის, რაც მოხდა. სამაგიეროდ, ჟუკოვმა გულში ჩაიდო ბერიას ეს მოქმედება და სწორედ მან, ჩვენი სანქციით, დააპატიმრა ბერია, რაც ჩემი აზრით, უდიდესი დანაშაული იყო ჩვენი მხრიდან.“

მართალია, გვიან, მაგრამ ბოლოს ხომ მაინც აღიარა მოლოტოვმა, რომ ბერია არ იყო ასე ვერაგულად გასაწირი ადამიანი და რომ სტალინის სიკვდილის მერე კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებდა საბჭოთა კავშირისთვის და რა თქმა უნდა, რუსეთისთვის.

სწორედ, ბერიას დამსახურებაა ის, რომ დღევანდელი რუსეთის სამეცნიერო და სამხედრო ექსპედიციები იმყოფებიან არქტიკასა და ანტარქტიდაში, სადაც აურაცხელი სიმდიდრეა და რუსეთი თამამად აცხადებს პრეტენზიას მათზე. ეს ხომ რუსეთის განვითარებისთვის ძალიან დიდი რესურსია და ამ ყველაფერს რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სიმდიდრეები დავამატოთ, გამოდის, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი სახელმწიფოა და ამაში ლომის წილი ბერიას მიუძღვის. შედარებისთვის ასე ვიტყვი: თუკი დიდ რუს იმპერატორად შერაცხილმა ეკატერინე მეორემ ამერიკელებს უმდიდრესი ალასკა გადასცა, ქართველი ეროვნების „მოღალატე“ ბერიამ რუსეთს ანტარქტიდულ-არქტიკული სიმდიდრეები მოაპოვებინა და ვინ ვინაა, აქედანაც მშვენივრად ჩანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა