ბელადები

როგორ მოიშორა თავიდან ბერიამ აბაკუმოვი

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.05, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან ეშმაკი, მოხერხებული ადამიანი იყო. მას არც მტრები აკლდა და არც მოყვრები. ბერია მეგობრებს მფარველობდა, მაგრამ ვაი მას, ვინც მის მტრობას ისურვებდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „მოსკოვში გადმოსვლამდე ბერია საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ფიგურა იყო. დედაქალაქში გადმოსვლამ კი ის უფრო გააძლიერა და მისი გავლენაც გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე კი ბერია სიძლიერით თითქმის სტალინს გაუთანაბრდა და მისი გავლენა, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი გახდა.. ასეთ სიტუაციაში კი, რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, ბერიას კონკურენტობა გენერალმა ვიქტორ აბაკუმოვმა გადაწყვიტა. ის ომის დროს „სმერშის“ (სამხედრო კონტრდაზვერვა) ხელმძღვანელი იყო და თავის საქმიანობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა. ბერია პირადად კურირებდა „სმერშს“ და აბაკუმოვი სწორედ ბერიამ წამოსწია წინა პლანზე. თუმცა, ომის დამთავრებისთანავე აბაკუმოვმა საკუთარი თამაში წამოიწყო. სცადა, რომ ბერიას კურატორობისგან თავი დაეღწია და მას ძირის გამოთხრა დაუწყო. სავარაუდოდ, კონტრმზვერავ გენერალში დიდმა ამბიციებმა იმძლავრა და ბერიას ადგილის დაკავება განიზრახა. თავისი სტატუსიდან გამომდინარე, აბაკუმოვი ხშირად ხვდებოდა სტალინს, მის წინაშე საიდუმლო მოხსენებით წარდგებოდა ხოლმე. იმავდროულად კი, შიგადაშიგ, ბერიასაც გაჰკრავდა კბილს და ბელადს მასზე ჭორებს უყვებოდა. შემდგომ აბაკუმოვი უფრო რისკიან თამაშზე გადავიდა, უნდოდა, სტალინის ნდობა მოეპოვებინა, რის გამოყენებასაც შემდგომ ბერიას წინააღმდეგ აპირებდა, აბაკუმოვმა შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრა მოლოტოვის მეუღლე, პოლინა ჟემჩუჟინა და ციხეში ჩასვა. ეს კი უკვე ბერიასთვის იმის სიგნალი იყო, რომ მოქმედება დაეწყო და ბერიამაც არ დააყოვნა.“

აბაკუმოვი, რა თქმა უნდა, უჭკუო არ იყო, მაგრამ ბერიასთან ახლოს ვერ მივიდოდა. ამიტომ, მას (აბაკუმოვს) ეს ბრძოლა დასაწყისშივე ჰქონდა წაგებული. ბერიამ, თავისი აგენტურის მეშვეობით, ფერად კინოფირზე (ეს იყო სიახლე და ფერადი კინოფირი სპეციალურად დაამზადეს) გადააღებინა აბაკუმოვის ოთხ აგარაკზე მიტანილი „ნამარადიორევი“ ქონება, რაც გენერლის ბრძანებით, ოკუპირებული გერმანიიდან ეშელონებით გამოზიდეს. მეორე და მთავარი სვლა კი ის იყო, რომ ბრიტანეთში მომუშავე საბჭოთა აგენტმა, ფილბიმ „ენკავედეში“ გამოაგზავნა აბაკუმოვის უწყებიდან მოპარული საიდუმლო საბუთები. ფილბი იტყობინებოდა, რომ საბუთები განკუთვნილი იყო ბრიტანული დაზვერვისთვის და რომ მან ადრესატს იმიტომ ვერ მიაღწია, რომ ფილბის ჩაუვარდა ხელში. ფილბისვე ცნობით, საბუთების გამტაცებელი ვინმე ბოსკინი ლიკვიდირებული იყო. ბოსკინი კი აბაკუმოვთან ასოცირდებოდა. ამგვარად შეიკრა წრე. მთელი ეს მასალები სტალინის მაგიდაზე დაიდო. განრისხებულმა ბელადმა აბაკუმოვის დაპატიმრება ბრძანა და გენერალი ლეფორტოვის ციხეში ჩასვეს. ასე დასრულდა აბაკუმოვ-ბერიას დაპირისპირება და ბერიამ მორიგი მტერი მოიშორა.

იაკობ კედმი: „პირადად მე ბერიასა და აბაკუმოვის ისტორია, ამ უკანასკნელის სულელური ამბიციურობის გამოვლენად მიმაჩნია. რაც უნდა ვიმეოროთ – აბაკუმოვი ჭკვიანი და მოხერხებული იყოო, მან დიდი შეცდომა დაუშვა. ორმაგად შეცდა და ამისთვის დამსახურებული საზღაურიც მიიღო. კონტრმზვერავ გენერალს თავში აუვარდა ომის დროს მიღწეული წარმატება და დაავიწყდა, რომ ყოველივე ეს ბერიას კურატორობით ხორციელდებოდა. მან არწივობა მოინდომა და არ გამოუვიდა.“

ბერია, ისევე როგორც სტალინი, დიდად გამოწრთობილი იყო, ეგრეთ წოდებულ, აპარატულ ბრძოლებში და მას ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდა. ბერია თავის კონკურენტებს ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა და სანამ ისინი რაიმეს დააპირებდნენ, ბერია უკვე მზად იყო მათ დასახვედრად.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „პრინციპში, მართალია, რომ ბერია ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო თავის კონკურენტებზე და მათი კლანჭებისთვის მიუწვდომელი, თუმცა, როგორც ეს გამოჩნდა, მათ მახეში მაინც გაება და ეს უფრო ბედის ირონია იყო, ვიდრე კანონზომიერება.“

ლავრენტი ბერიას თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი ბრძოლა აქვს გადატანილი და ყველა მოიგო, გარდა ბოლო ბრძოლისა, რომელმაც მას სიცოცხლე მოუსწრაფა. ბერიას მარცხის ანალიზისას სხვადასხვა დასკვნები კეთდება და უმეტესობის აზრით, ბერიას წაგება მისი მოდუნებით იყო განპირობებული. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ შეთქმულების უკან სხვა ძალებიც იდგნენ და სწორედ მათ დაამარცხეს ბერია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი