ბელადები

ბერიას რომელი ტაქტიკა სცემდა შიშის ზარს ფაშისტებს

№38

ავტორი: ნიკა ლაშაური 47 წუთის წინ

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც სტალინი, რომ იტყვიან, ჭკუას ეკითხებოდა.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „სტალინურ პოლიტბიუროში სწორედ ბერია იყო ერთადერთი ადამიანი, ვის სიტყვასაც საბჭოთა ბელადი დიდად აფასებდა და მის აზრს არასდროს უგულვებელყოფდა და ხშირადაც იყენებდა. სწორედ ამიტომ დააწინაურა ბელადმა თავისი თანამემამულე და დიდი ომის წინ მას ყველაზე საპასუხისმგებლო სფერო ჩააბარა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. ზოგადად, სტალინი ყოველგვარ შემთხვევითობებს კატეგორიულად გამორიცხავდა. ის ნებისმიერ კადრს, ყველაზე უღიმღამოსაც კი (მაგალითად, ხრუშჩოვისნაირს), იმ პოზიციაზე განაწესებდა და ამუშავებდა მაქსიმალური ეფექტით, რომელიც იმ მომენტში ბელადისთვის და რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის იყო საჭირო. ამასთან, სტალინს კადრების ამუშავებისა და მაქსიმალური გამოყენების განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. სტალინმა ისიც კარგად იცოდა, რომ ყველა ადამიანი მაქსიმალური ძალისხმევითა და მოქმედებითაც კი ვერ გაუძღვებოდა ზოგიერთ პოსტს, ანუ, მაგალითად, ხრუშჩოვი „ენკავედეს“ უფროსობას ვერ გაუმკლავდებოდა. ამ პოსტს ბერია სჭირდებოდა და ბერია ბელადმა „ენკავედეს“ შეფად გაამწესა...

გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას მოსვლამ ჩვენი უწყება იმთავითვე პროგრესის გზაზე დააყენა, სულ მოკლე ხანში „ენკავედეში“ ისეთი რადიკალურად სასარგებლო რეფორმები უმოკლეს დროში უდიდესი წარმატებით განხორციელდა. დავიწყებ იმით, რომ ბერია ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მას, ამასთანავე, ცოცხალი გონება ჰქონდა და ამის წყალობით, შეეძლო ისეთ საკითხებს ჩასწვდომოდა, რომლებიც არასდროს ჰქონია შესწავლილი.

ასეთ ამბავს გავიხსენებ: ნოემბრის მიწურული იყო. ბერიამ გამომიძახა. ხელი მაგრად ჩამომართვა და მითხრა:.

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ თქვენი პირადი საქმე გულდასმით შევისწავლე და ასი პროცენტით დავრწმუნდი ციხეში აბსოლუტურად ტყუილად, პირადი შურისა და სიძულვილის გამო ჩაგსვეს. ამიტომაა, რომ ის ნაძირლები უკვე ციხეში სხედან და გარწმუნებთ, რომ უმკაცრესად დაისჯებიან.

ბერიას მხედველობაში ჰყავდა ეჟოვი და მისი უახლოესი ადამიანები, რომლებიც დახვრიტეს.

– დიახ, ამხანაგო ბერია, ტყუილად ჩამსვეს ციხეში. მე ყოველთვის უღალატოდ, ერთგულად ვემსახურებოდი სამშობლოს და ყოველთვის ასე იქნება.

– პაველ ანატოლიევიჩ, თქვენ უკრაინის საკითხებში ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ხართ. ესეც თქვენი საქმის გაცნობისას შევიტყვე.

– დიახ, ამხანაგო ბერია. დაპატიმრებამდე უკრაინელ ნაციონალისტებზე ვნადირობდი.

ბერიას გაეცინა და მითხრა:

– და, როგორც ვნახე, დიდი წარმატებით. ეს ნადირობა უნდა გაგრძელდეს მეტი ინტენსივობით. დიდი ომის წინ, გერმანული მიმართულებების შემდეგ, ეს ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენთვის. მე საფრთხეების სია შევადგინე და ამ სიაში უკრაინული საკითხი მეორე ადგილზეა.

– გასაგებია. მე რა უნდა გავაკეთო? – ვკითხე ბერიას.

– ამ საღამოს ამხანაგ სტალინთან უნდა ვიყოთ და დანარჩენს იქ ვილაპარაკებთ.

საღამოს ცხრა საათზე მე და ბერია უკვე სტალინთან ვიყავით. ეს იყო ჩემი პირველი აუდიენცია საბჭოთა ბელადთან და დაწვრილებით განვიხილეთ ყველაფერი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინული საფრთხის გასანეიტრალებლად საჭირო იყო მათი ლიდერების ლიკვიდირება. პირველი ამ სიაში ვიქტორ კონოვალეცი იყო.“

ვიქტორ კონოვალეცი ორგანიზაცია „ოუნის“ ლიდერი იყო, რომლის სახელწოდება ასე იშიფრებოდა – უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია. ამ კაცს (კონოვალეცს) სუდოპლატოვი ციხეში მოხვედრამდე იცნობდა. სწორედ ამიტომ დანიშნა ბერიამ პავლე სუდოპლატოვი უშუალო შემსრულებლად. საამისოდ კი „ენკავედეს“ ტექნიკურ სპეცლაბორატორიაში შექმნეს ასაფეთქებელი, რომელიც შოკოლადის კანფეტების ყუთში იყო ჩამონტაჟებული. ეს ტერორისტული აქტი კი პავლე სუდოპლატოვმა ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში, ერთ-ერთ კაფეში განახორციელა. ასე გაანეიტრალეს „ოუნის“ ლიდერი. ამის შემდეგ ლავრენტი ბერიამ პავლე სუდოპლატოვი მეოთხე განყოფილების უფროსად დანიშნა და სწორედ ეს განყოფილება იყო დაკავებული საბჭოეთის ყველაზე მოსისხლე მტრების ლიკვიდაციით. და ბერიას მიერ განხორციელებულმა ამ სტრუქტურულმა სიახლემ არაერთი პოლიტიკური წარმატება მოუტანა ქვეყანას. სწორედ ამ განყოფილებაში მომუშავე ადამიანები სცემდნენ შიშის ზარს ფაშისტ ოკუპანტებს უკრაინასა და ბელორუსიაში. ეს ყოველივე კი ბერიას გენიალური გათვლების შედეგი იყო. „ენკავედეს“ უფროსს არ გასჭირვებია იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მონსტრის თავის მოკვეთა ბევრად უფრო ეფექტური საქმე იყო, ვიდრე მის ხელქვეითთა მთელი არმიის ლიკვიდაცია... ნიშანდობლივია, რომ ამ განყოფილების თანამშრომელთაგან 30-ზე მეტმა ადამიანმა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღო. ეს კი ბერიას დამსახურება იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი