ბელადები

როგორ მოიპოვეს გერმანული ატომური პროექტის დოკუმენტაცია ბერიას მზვერავებმა

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.01

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას მიერ განხორციელებულ გრანდიოზულ პროექტთა შორის ატომურ პროექტს პირველი ადგილი უკავია. ერთი შეხედვით, ამ პროექტზე ყველაფერია ცნობილი, თუმცა ასეც არაა და ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი მოგვიანებით გამომზეურდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ატომური პროექტის საქმეში უშუალოდ ვიყავი ჩართული და მნიშვნელოვანი თანამდებობა მეკავა. ბევრი რამაა უკვე ცნობილი ჩვენი იმჟამინდელი საქმიანობის შესახებ, მაგრამ ზოგი რამ დღემდე უცნობია. სანამ ჩვენ, ეგრეთ წოდებულ, „ატომურ შპიონაჟს“ ფართო გაქანებას მივცემდით, ერთი ძალიან საინტერესო და საგულისხმო რამ მოხდა. ომი ახალი დასრულებული იყო. გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად იყო დაყოფილი. შეთანხმებისამებრ, სხვის საოკუპაციო ზონაში გადასვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალული იყო, ანუ, ვთქვათ, ამერიკელებს ჩვენს საოკუპაციო ზონაში შემოსასვლელად, ნებისმიერი საქმისთვის, ჩვენი საოკუპაციო რეჟიმის ნებართვა სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ბერიას საიდუმლო მითითებით, ჩვენი სადაზვერვო ჯგუფები წარმატებულ სამძებრო-სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდნენ დანარჩენ სამ ზონაში. გაქცეულმა ფაშისტებმა მრავალი საგულისხმო, საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ტექნოლოგიები დატოვეს, რომლებიც ოთხივე საოკუპაციო ზონაში იყო გაფანტული და სწორედ მათზე მიმდინარეობდა ინტენსიური ნადირობა. ჩვენც მსგავსი მისიით გვყავდა გაგზავნილი ჩვენი საიდუმლო ჯგუფები ყველგან. ერთ-ერთმა ასეთმა საიდუმლო მისიამ გვაცნობა, რომ ამერიკის საოკუპაციო ზონის შუაგულში ფაშისტებს ატომური ტექნოლოგია და დოკუმენტაცია ჰქონდათ დატოვებული. ეს ინფორმაცია ბერიას ვაცნობეთ და მან სასწრაფოდ გვიბრძანა იქ შეღწევა და ყველაფრის გამოზიდვა. ხოლო ამოცანა რომ გაგვადვილებოდა, ბერიამ ბერლინში მზვერავებთან ერთად რამდენიმე ფიზიკოსი მოავლინა. სწორედ მათ უნდა განესაზღვრათ ამა თუ იმ ტექნოლოგიის მნიშვნელობა და გარკვეულიყვნენ სამეცნიერო საბუთების ნიუანსებში, რაც მზვერავებს არ ხელეწიფებოდათ. ამასთანავე, ჩვენს სადაზვერვო ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ბერიასთან რაციით. ჩვენმა მზვერავებმა და ფიზიკოსებმა რომ დანიშნულ ადგილზე მშვიდობიანად ჩააღწიეს, ფიზიკოსებმა გერმანული ატომური პროექტის დოკუმენტაცია აღმოაჩინეს და ისინი სასწრაფოდ ჩამოიტანეს ბერლინში. ადგილზე მზვერავებთან ერთად მხოლოდ ერთი ფიზიკოსი დარჩა და სწორედ ამ ფიზიკოსმა აღმოაჩინა ურანიანი ქვაბი, რომელიც ატომის გახლეჩის ფუნქციას ასრულებდა. ეს იყო უზარმაზარი ნაგებობა და სპეციალური კონსტრუქციისგან შედგებოდა. ბერიას სასწრაფოდ აცნობეს ამის შესახებ. ბერიამ კი უმალვე დააბრუნა პასუხი, რომელიც ასე ჟღერდა – დაიწყეთ ამ კონსტრუქციების დემონტაჟი და გამოზიდეთ. ხოლო თუკი ხელის შემშლელი პირობები შეიქმნა, ააფეთქეთ, რომ ამერიკელებს ხელში არ ჩაუვარდეთო. დემონტაჟს ადგილზე დარჩენილი ფიზიკოსი ხელმძღვანელობდა და მეხუთედი კონსტრუქციების გამოზიდვა მოხერხდა. თუმცა, შემდგომ ამერიკული არმიის სპეციალური ნაწილები გამოჩნდნენ და ჩვენმა ამფეთქებლებმა ურანიანი ქვაბი ისე ოსტატურად ააფეთქეს, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. შემდგომში ამერიკული საოკუპაციო ზონიდან გამოზიდულმა დოკუმენტაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ატომური პროექტის წარმატებით განხორციელებაში. რა თქმა უნდა, ჩვენმა სპეციალისტებმა ძალიან იყოჩაღეს, მაგრამ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი ლავრენტი ბერია იყო.“

ამერიკელებმა სპეციალურად ამ საქმისთვის, ანუ გერმანული სამეცნიერო ალაფის მოსაპოვებლად შექმნეს მისია, სახელწოდებით „ასლოსი“. ამ მისიას წარმოშობით რუსი, მაგრამ ცხარე ანტიკომუნისტი, ვიქტორ პაში ხელმძღვანელობდა. მას, ისევე როგორც საბჭოთა ანალოგიურ მისიებს, ძალიან კვალიფიციური ხელვეითები ჰყავდა და სწორედ პაშის ჯგუფის წევრებმა, ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ რუსებმა ურანიანი ქვაბი ააფეთქეს. ამერიკელებმა პროტესტი განაცხადეს ამის გამო. თუმცა, საბჭოელები ისევ ძველ ვერსიას იმეორებდნენ და აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილეს. შემდგომში ვიქტორ პაში თავის მემუარებში აღნიშნავდა, რომ რუსებმა იმ მომენტში დიდი მზვერავული გამოცდილება და მოხერხება გამოიჩინეს, პირდაღებული დაგვტოვეს. ბერიას ხელქვეითებმა ჩემს დოყლაპიებს აჯობესო.

ბერიას სწრაფი აზროვნების უნარი ჰქონდა და რაც მთავარია, ყოველთვის საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდა. მისი მოქმედებები კი ძალიან თამამი, ზოგჯერ სარისკო, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, სწორი იყო. ბერია ბევრ ისეთ საქმეს ახორციელებდა, რასაც ბევრი ჭკვიანი და რისკიანი ადამიანი ვერც კი გაბედავდა და ბერიას ყველაფერთან ერთად უმართლებდა კიდეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული