რა მიზნით შექმნა ბერიამ ებრაული კორპუსი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00
ლავრენტი ბერია განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი იყო. ის ინტელექტით მთელ სტალინურ პოლიტბიუროს ყველა წევრზე (გარდა სტალინისა) მაღლა იდგა. ბერია ადვილად ახერხებდა ისეთი რამის მოფიქრებასა და განხორციელებას, რასაც საქმეში დიდი წარმატება მოჰქონდა. ამასთან, გარკვეული დროის მერე თავისუფლად ხერხდებოდა ბერიას მიერ შექმნილი სისტემების ტრანსფორმირება და იმ საქმის განხორციელება, რომელიც შესაბამის პერიოდში იყო საჭირო.
იაკობ კედმი: „როგორც ვიცით, ლავრენტი ბერია დიდებული გონების ადამიანი იყო. მას მრავალი მეცნიერება ჰქონდა შესწავლილი. მათ შორის საუცხოოდ ერკვეოდა ფსიქოლოგიაში და აქედან გამომდინარე, სრულიად თავისუფლად შეეძლო კონკრეტული პიროვნებისა თუ პიროვნებების ჯგუფებზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომ ადვილი შესაძლებელი ყოფილიყო მათი გამოყენება უკვე მოფიქრებულ და დაგეგმილ საქმესა თუ ოპერაციებში.. ერთ-ერთი ასეთი ქმედება იყო „ენკავედეში“ ებრაული კორპუსის შექმნა. ეს იყო, მხოლოდ და მხოლოდ, ებრაელებისგან ფორმირებული ძალა. ისინი მოქმედებდნენ ფაშისტების ღრმა ზურგში, ბერლინში, მიუნხენში, ოკუპირებულ პარიზში. ამ ჯგუფებში შემავალი ადამიანები უკიდურესი თავდადებით გამოირჩეოდნენ და მათი მოქმედების პერიოდში არცერთი მათგანი არ ჩავარდნია ტყვედ მოწინააღმდეგეებს. მათი თავგანწირულობა და შეიძლება ითქვას, თავზე ხელაღებულობა, „ენკავედეში“ მომზადების შედეგი იყო. ამ ებრაელ მებრძოლებს, გარდა იმისა, რომ სადაზვერვო-დივერსიულ საქმეს ასწავლიდნენ, იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურად ამუშავებდნენ. მათ უყვებოდნენ, აკითხებდნენ და რაც მთავარია, სურათებისა და კინოფირების მეშეობით აჩვენებდნენ იმ საშინელებებს, რასაც ფაშისტები ებრაელების მიმართ სჩადიოდნენ. ასეთი დამუშავების მერე თითოეული მებრძოლი, ფაქტობრივად, კამიკაძე ხდებოდა და ებრაელების გადარჩენისა და შურისძიების ეგიდით, შეეძლოთ, ბომბებშებმულებს აეფეთქებინათ ფაშისტებით სავსე შენობა და თავადაც დაღუპულიყვნენ. ეს ადამიანები ფაშისტების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და დანდობა არ იცოდნენ. მათ ისიც ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში სიკვდილზე უარესი რამ ელოდათ – ტანჯვა-წამება და უკიდურესი დამცირება. ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ, ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ და საშინელი სისასტიკითა და თავგანწირვით მოქმედებდნენ. ასეთი პრინციპი მოქმედებაში პირადად ბერიამ დაამკვიდრა და უდიდესი ეფექტიც მიიღო. ფაშისტები შოკირებული იყვნენ ებრაული კორპუსის მოქმედებებისგან და მათზე ტოტალური ნადირობა იყო გამოცდადებული, მაგრამ შედეგი ნულს უდრიდა. სამაგიეროდ, მონადირეების მხრიდან იყო დიდი მსხვერპლი და ფაშისტთა ზონდერჯგუფები მაინცდამაინც დიდ ენთუზიაზმს არ იჩენდნენ ასეთ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებაზე. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ კორპუსის საქმეების მასალებზე ააგო ცნობილმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თავისი ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“.
საგულისხმოა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე ეს კორპუსი „ენკავედეს“ სტრუქტურაში გააუქმეს. თუმცა, ადამიანები არსად გამქრალან და რადგან საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას ახლო აღმოსავლეთში, ამ კორპუსის ნაწილი ებრაელებს მიახმარეს, როგორც ინსტრუქტორები. და გარდა იმისა, რომ ეს ხალხი თავის თანამოძმეებს წვრთნიდნენ, თავადაც მონაწილეობდნენ, ეგრეთ წოდებულ, ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში. ებრაული კორპუსი უკვე პალესტინაში მოქმედებდა და თუკი ადრე ფაშისტების რისხვა იყო, შემდგომ მისი წევრები ბრიტანელებს უშრობდნენ სისხლს – აფეთქებდნენ მათ ყაზარმებს, იტაცებდნენ მაღალჩინოსან ოფიცრებს, არ ახარებდნენ პალესტინელებს და საბოლოო ჯამში, ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსი პალესტინიდან განდევნეს. ამგვარად, ლავრენტი ბერიას მიერ შექმნილი ზეეფექტური სამხედრო-დივერსიული სტრუქტურა უკვე პალესტინაში ფუნქციონირებდა და ლომის წილი დადო ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. შემდგომ ეს სტრუქტურა ისრაელის დაზვერვის, „მოსადის“, ერთ-ერთი მთავარი ბურჯი გახდა და ეფექტური საქმიანობა შესაბამისი კანონმდებლობის ჩარჩოებში განაგრძო. ეს განყოფილება ახორციელებდა შურისძიების აქტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სწორედ ამ სტრუქტურის თანამშრომლებმა გაანადგურეს ყველა ის ტერორისტი, ვინც 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე ებრაელი სპორტსმენები დახოცა. ბერიას მიერ შექმნილი ამ სტრუქტურის წევრები დღესაც დიდი ეფექტურობით მოქმედებენ და ებრაულ საქმეს აკეთებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ ებრაული კორპუსის წიაღიდან გამოსულმა მებრძოლებმა გაანადგურეს ირანული ატომური პროექტის მეცნიერთა 75 პროცენტი და ამ სტრუქტურის ფუნქციონირება კვლავ გრძელდება.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



