ბელადები

როგორ აღკვეთა სტალინმა ამერიკის ერთპიროვნული მსოფლიო მმართველობა

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ძალიან მოქნილი გონების მქონე და ეშმაკი ადამიანი იყო, თავის კოლეგებთან ურთიერთობებში არასოდეს ტყუოდა და არც ოპონენტს ატყუებინებდა თავს. თუმცა, ყოველთვის თავისი პრინციპები გაჰქონდა და არ არსებობდა ძალა, რომელიც მას წინ დაუდგებოდა.

იაკობ კედმი: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინის დაუძინებელი მტერი და მთავარი მეტოქე, ლევ ბრონშტეინი (ტროცკი), მას ათას სიბინძურესა და ტყუილს აბრალებდა, ზოგჯერ სიმართლესაც ამბობდა ხოლმე. ტროცკი აღნიშნავდა რა, საბჭოთა ბელადის ფოლადისებურ ნებისყოფას, იქვე დასძენდა: „სტალინი ძალიან ეშმაკი ადამიანი იყო. თავს არავის მოატყუებინებდა. თავად კი ნებისმიერს შეაცდენდა. მას ლავირების უნიკალური უნარი ჰქონდა. ლენინი მასში ამ თვისებებს ძალიან აფასებდა. ამიტომაც იყო, რომ ყველა რთულ მოლაპარაკებებზე სწორედ სტალინს აგზავნიდა. სტალინი კი მოლავირეებს შორის ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში და ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა, რადგან თავად იყო ყველაზე დიდი მოლავირე.“

საბჭოთა ბელადს თანდაყოლილი დიპლომატიის ნიჭი ჰქონდა. მას არასდროს მიუღია ამ პროფილის განათლება. არ უსწავლია დიპლომატიაში მიღებული წესები. ის ბუნებრივად ფლობდა ამ უნარებს და ხშირ შემთხვევაში თავადაც ამკვიდრებდა თამაშის წესებს. სტალინი ყოველთვის კარგად შედგენილ, თანამიმდევრულ გეგმას სახავდა ნებისმიერ შემთხვეავასა თუ კონფერენციაზე. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც საბჭოთა ბელადი ამ გეგმებს ცვლიდა, მაგრამ ცვლიდა თავის სასარგებლოდ. ამასთანავე, სტალინი ყოველთვის სათავისოდ იყენებდა ოპონენტის შეცდომას, თვალთმაქცობასა თუ თვალთმაქცობის მცდელობას.

1945 წელს, ყირიმის კონფერენციის წინ, უინსტონ ჩერჩილმა სტალინს კონფიდენციალური, პირისპირ შეხვედრა სთხოვა. ჩერჩილს სტალინთან რუზველტის გარეშე სურდა შეხვედრა, რათა საბჭოთა ბელადს გავლენების სფეროების გადანაწილებაზე შეთანხმებოდა და შეერთებული შტატები კი, ფაქტობრივად, ხახამშრალი დაეტოვებინათ. სტალინმა „ბრიტანელ ლომს“ მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა: „ჩვენ, რუსები, პარტნიორებისა და მოკავშირეების ზურგსუკან არასდროს ვმოქმედებთ“. შემდგომ საბჭოთა ბელადმა ეს ინფორმაცია სრულად მიიტანა შეერთებული შტატების პრეზიდენტამდე. სამაგიეროდ, იალტის კონფერენციაზე რუზველტმა სტალინის ყველა მოთხოვნას მხარი დაუჭირა. საბჭოთა ბელადმა კი თავისი გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. შემდგომ უინსტონ ჩერჩილი თავის მემუარებში აღიარებდა, შევცდიო. სტალინს კი უწოდებდა პოლიტიკოსს, რომელიც მცირედ შანსსაც კი არ უშვებდა ხელიდან, რომ ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინის ტრიუმფის განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო და ადგილი იყო კონფერენციები: 1943 წელს თეირანში, 1945 წელს – იალტაში და 1945 წელს პოტსდამში. თეირანში სტალინმა მოკავშირეებს მომავალი მსოფლიოს ჩონჩხი ააგებინა და აქედან ყველაზე მეტი სარგებელი საბჭოთა კავშირმა ნახა. 1945 წელს ყირიმში სტალინმა უკვე გარანტირებულად მიიღო ევროპის სასურველი ტერიტორიები. პოტსდამში კი მყარ მსოფლიო წესრიგს ჩაეყარა საფუძველი და მეოცე საუკუნემ მშვიდობიანად, დიდი ომის გარეშე ჩაიარა.“

მოლოტოვმა რომ ეს სიტყვები თქვა, მეოცე საუკუნე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და სწორედ მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე მოხდა სტალინის ინიციატივით დამყარებული გლობალური მშვიდობის რღვევა. ამას კი თან ერთვოდა საბჭოთა ბელადისთვის ჩირქის მოცხების ფართომასშტაბიანი კამპანია. სტალინი დღემდე რჩება დასავლეთისთვის ყველაზე საძულველ პიროვნებად, რამეთუ სწორედ საბჭოთა ბელადმა ჩაშალა მათი გეგმები და მსოფლიოში ერთპიროვნული პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო ცენტრის არსებობა არ დაუშვა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ამერიკის შეერთებული შტატების ოცნება იყო ერთპოლისიანი მსოფლიოს ჩამოყალიბება და რომ სწორედ ის ყოფილიყო ამ ცენტრის მმართველი. ამერიკის შეერთებული შტატები ამის გაკეთებას ეკონომიკური და სამხედრო ბერკეტებით ცდილობდა. პირველი ნაბიჯი იყო მთელი მსოფლიოს ჩამოკიდება დოლარზე. თუმცა, ჩვენთან მიმართებაში მას ეს არ გამოუვიდა და ეს გეგმა ვერ შეასრულა. შეიძლება, მავანმა თქვას, რომ სამხედრო გზით გამოუვიდა და 4 წელი ამერიკა ერთპიროვნული მსოფლიო მმართველი იყოო, რადგან ატომურ ბომბს ფლობდა. თუმცა, არც ესაა სიმართლე. ასეთი უპირატესობის მიუხედავად, სტალინი საშუალებას არ აძლევდა ამერიკას, რომ ერთპიროვნული მსოფლიო მმართველობა განეხორციელებინა, ხოლო 1949 წელს კი ჩვენც გავაკეთეთ ბომბი და ამერიკული ატომური უპირატესობა გაქრა“.

ერთი სიტყვით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ შეჯიბრებაში, თითქმის ის მეორდება, რაც ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო. შეერთებული შტატები ისევ ცდილობს მსოფლიოს იმგვარად არევას, რომ ქაოსის მომწესრიგებლად თავად გამოვიდეს და ერთპიროვნული მმართველი გახდეს.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი