რატომ მიანიჭა სტალინმა ბერიას მარშლობა
ავტორი: ნიკა ლაშაური 58 წუთის წინ
ლავრენტი პავლეს ძე ბერია საბჭოთა სპეცსამსახურების მამა იყო. ტყუილად როდი უწოდა მას „ცეერუს“ ლეგენდარულმა შეფმა, ალენ დალესმა, „დაზვერვის გენია“.
პოლკოვნიკი ვლადიმირ მაქსიმოვი: „ლავრენტი ბერია უნიკალური პიროვნება იყო და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის დიდი სამამულო ომის მოგებაში. ბერიას გონება, ნებისყოფა და ორგანიზატორული ნიჭი უდიდეს შედეგებს იძლეოდა ყველა იმ საქმეში, რასაც მარშალი ბერია ხელს მოჰკიდებდა. ბერია ხელიდან არ უშვებდა ნებისმიერ, ყველაზე მცირე შანსსაც კი და საქმის სასიკეთოდ იყენებდა და საოცარია, მაგრამ წაგებული სიტუაციის მოსაგებად გამოყენებასაც კი ახერხებდა. 1941 წლის ბოლომდე, ვიდრე ფაშისტებს მოსკოვის მისადგომებიდან გამორეკავდნენ, ფაშისტებმა საბჭოთა არმიის ათეულ ათასობით მეომარი ჩაიგდეს ხელში. ჭკვიანმა ბერიამ ეს საშინელი მომენტი სამომავლო პლუსად გადააქცია. დაიგეგმა სტრატეგიული ოპერაცია, რომელსაც სარგებელი უახლოეს მომავალში უნდა მოეტანა. ბერიას გეგმით, ფაშისტურ ტყვეობაში ხვდებოდნენ უმაღლეს დონეზე მომზადებული საბჭოთა მზვევრავები, ოღონდ, როგორც რიგითი წითელარმიელები. ხოლო, როდესაც მათ გადაიბირებდნენ ხოლმე ფაშისტები, სადაზვერვო სკოლებში გზავნიდნენ, ამზადებდნენ და საბჭოთა კავშირში უშვებდნენ საჯაშუშოდ. ფაშისტური სპეცსამსახურების კოშმარიც მაშინ იწყებოდა. ჯერ ერთი, რომ 1943 წლისთვის საბჭოთა დაზვერვამ იცოდა ფაშისტური გერმანიის ყველა სადაზვერვო სკოლის მდებარეობა და თითოეული მათგანის სრული შემადგენლობა. ეს კი მათი კონტროლის უნიკალური საშუალება იყო. საბჭოთა კავშირში შემოგზავნილი აგენტურა კი ცენტრში, ბერლინში სტრატეგიულ დეზინფორმაციას გადასცემდა და უდიდეს ზიანს აყენებდა მათ. ნიშანდობლივია, რომ ლავრენტი ბერია უშუალოდ მონაწილეობდა ამ ოპერაციების დაგეგმვაში და პირადად იცნობდა თითოეულ ასეთ აგენტს. ლავრენტი პავლეს ძე ძალიან გონიერი ადამიანი იყო. გამორიცხავდა ყოველგვარ სისუსტეს მზვერავის მხრიდან და თითოეულ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალსაც კი დიდ ყურადღებას აქცევდა. ბერიას უყვარდა ეს ფრაზა: დაზვერვაში, ისევე როგორც ნებისმიერ საქმეში, უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს და ყველაფერი მნიშვნელოვანიაო.
ბერიას ახასიათებდა არაორდინარული, ერთი შეხედვით, შეუძლებელი სვლების გაკეთება. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიამ თეირანში ბავშვების დახმარებით შეძლო ფაშისტური ოპერაცია „ირმის ნახტომის“ განეიტრალება. ეს ოპერაცია სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის მკვლელობას ისახავდა მიზნად. მისი განმახორციელებელი კი ჰიტლერის ნომერ პირველი დივერსანტი, ოტო სკორცენი იყო. თეირანში საკმაოდ დიდი სომხური დიასპორა იყო და სწორედ ამ დიასპორის წარმომადგენლები 12-14 წლის ბავშვები უთვალთვალებდნენ ოტო სკორცენის დივერსიული ჯგუფის წევრებს. შემდეგ კი ამ ინფორმაციებს საბჭოთა ოპერატიულ მზვერავებს გადასცემდნენ. შემდგომში ამ ბავშვების ნაწილი ცნობილი საბჭოთა მზვევრავები გახდა. ისინი წარმატებით მუშაობდნენ სხვადასხვა მიმართულებით.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ლავრენტი ბერიას ჰქონდა უნიკალური უნარი, ადამიანში მომავალი მზვერავი დაენახა და მისთვის საჭირო მიმართულება მიეცა. ბერია თითოეულ საზღვარგარეთ გასაგზავნ მზვერავს პირადად ხვდებოდა. დაწვრილებით სწვდებოდა მისი დავალების არსში და საფუძვლიან ანალიზს უკეთებდა ყველაფერს. და საერთოდ, ლავრენტი ბერია თავს ევლებოდა თითოეულ თავის თანამშრომელს და, რომ იტყვიან, კბილებით იცავდა მათ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბერიას სტრატეგიულ აგენტთა ქსელი, რომელიც ბერიას მთელ მსოფლიოში ჰქონდა მოფენილი. და სწორედ ამ ხალხის მეშვეობით მოხერხდა დასავლეთის ატომური აგრესიის შეჩერება მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირს ჯერ არ გააჩნდა ატომური ბომბი და ამერიკა და მისი მოკავშირეები საბჭოეთის განადგურებას ლამობდნენ. ბერია ამ ომში დასავლეთთან ურთიერთობისას უდიდესი სიმტკიცითა და გონიერებით გამოირჩეოდა. მას ამ პერიოდში ისეთი ტიტანური დატვირთვით უწევდა მუშაობა, როგორიც მეორე მსოფლიო ომშიც კი არ დასჭირვებია. ბერია ცივი ომის პერიოდში, ფაქტობრივად, ყველა სტრატეგიულ ფრონტზე მოქმედებდა. თუკი ომის დროს მას დაზვერვა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ებარა, ცივი ომის დროს ეს მოვალეობები გაფართოვდა, თანაც, სხვა დარგებიც დაემატა და ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა და ენერგია იყო საჭირო. სწორედ ამიტომ მიანიჭა სტალინმა ბერიას მარშლის წოდება და ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეცსამსახურის უფროსს უმაღლესი სამხედრო წოდება ჰქონდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


