ბელადები

როგორ გაუბა ბერიამ ფაშისტებს დეზინფორმაციული ქსელი

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 27.11, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას თავისი კარიერის განმავლობაში მხოლოდ „ჩეკისტური“ თანამდებობები არ ეკავა, მას, ერთი შეხედვით, „არაჩეკისტურ“ გარემოშიც უწევდა მუშაობა და დიდ წარმატებასაც აღწევდა, ის ყოველთვის და ყველგან „ჩეკისტური“ შემართებით მოქმედებდა და მისი წარმატების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ერთხელ მკითხეს, ბერიას როგორ დაახასიათებდითო და მე დაფიქრებლად ვუპასუხე: ის „ჩეკისტი“ იყო-მეთქი. ბერაის „ჩეკისტობა“ არავისთვის ყოფილა საიდუმლო. მე ამ დახასიათებაში იმ აზრს ვდებდი, რომ ბერია „ჩეკისტი“ არა მარტო „ჩეკაში“ მუშაობისას იყო, არამედ ყველგან, სადაც მას უმოღვაწია, თუნდაც, ჩემი სფერო ავიღოთ. ბერიამ ჩვენთან დიპლომატიურ სამსახურშიც ძალიან ღრმად შემოაღწია. ზუსტ რაოდენობას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩემი უწყების მაღალჩინოსანთა სამოცდაათი პროცენტი, მეტი თუ არა, „ენკავედეს“ საიდუმლო თანამშრომელი იყო. შედარებით დაბალ რგოლებში კი ეს მაჩვენებელი – გაცილებით მეტი... ბერიამ შესანიშნავად იცოდა, თუ რა ხდებოდა ჩვენს „შიდა სამზარეულოში“. ამ ცნობებს კი ის ორი გზით იღებდა. პირველი – დასმენებით, საიდუმლო პაკეტებით. მეორე – მოსმენებით, მიყურადებით, რადგან ყველა კაბინეტი, მათ შორის, ჩემიც და ჩვენი ბინებიც, ეგრეთ წოდებული, „ჟუჩოკებით“ იყო მოფენილი. ამაში მე მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ერთ-ერთი თათბირის დასრულების შემდეგ მე და ბერია კაბინეტიდან ერთად გამოვედით და მან ყურში ჩამჩურჩულა: „არ გეკადრებათ, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ჩვენს უწყებაზე ასეთი ტერმინების მიკერება. ჩვენ „შპიკების“ გროვა კი არ ვართ, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კომპეტენტური ორგანოებიო. პენსნედან ცივი მზერა შემავლო და წავიდა. წინა დღეს ჩემს კაბინეტში ჩემი მოადგილე ვორონცოვი იმყოფებოდა და საუბრის დროს სწორედ მას ვუთხარი: სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან „შპიკების გროვა“ არის-მეთქი. ვორონცოვზე ეჭვი არც მიმიტანია, რადგან ის ჩემი კაბინეტიდან პირდაპირ აეროდრომისკენ გაემგზავრა და შვედეთში გაფრინდა. თანაც, ის „ენკავედესთან“ „შეკრული“ ნამდვილად არ ყოფილა. ესე იგი, ეს საუბარი ბერიას მოასმენინეს. ამის მერე, რომ იტყვიან, „ლაყბობას“ ვერიდებოდი. ბერია ელჩების დანიშვნაშიც აქტიურად ერეოდა და ცდილობდა ამ ადგილებზე „ჩეკისტები“ გაეყვანა. ამის ნათელი მაგალითი ვლადიმირ დეკანოზოვია.“

ეს სიტყვები საუკუნეს მიტანებულმა მოლოტოვმა „პერესტროიკის“ დროს წარმოთქვა. მას, ალბათ, ჯერაც არ ჰქონდა მონელებული თითქმის ნახევარი საუკუნის წინ განცდილი წყენა, როდესაც გერმანიაში ელჩად ალექსანდრე შკვარცევის ნაცვლად ვლადიმირ დეკანოზოვი დაინიშნა. შკვარცევი მოლოტოვის ფავორიტი იყო, მან ეს კაცი მოლოტოვმა ცოლის თხოვნით „გაქაჩა“. ბერიას კი დიდი ომის წინ გერმანიაში თავისი გამოცდილი კადრი სჭირდებოდა. ეს დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო. სტალინმა სწორად შეაფასა ბერიას თხოვნა დეკანოზოვის ელჩად დანიშვნის შესახებ და გაამართლა კიდეც. „ენკავედეს“ მესამე რანგის კომისარი (გენერალი) ვლადიმირ დეკანოზოვი, იმავდროულად, „ენკავედეში“ ბერიას მოადგილედაც რჩებოდა და მან ელჩობის მცირე პერიოდში შრომატევადი და სასარგებლო საქმიანობა გააჩაღა.“

საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „გერმანიაში დეკანოზოვმა სულ რაღაც შვიდი თვე იმუშავა და ომი რომ დაიწყო უკან დაბრუნდა. მაგრამ ამ უმოკლეს დროში იმ გამოცდილმა „ჩეკისტმა“ იქ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მძლავრი სადაზვერვო ქსელი შექმნა, ასევე, ორი მძლავრი დივერსიული დაჯგუფება. მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩვენი უწყების გამართულ ფუნქციონირებაში. მოიპოვებდნენ ძვირფას ინფორმაციებს, ასევე, ასრულებდნენ ძალიან სარისკო დივერსიულ ოპერაციებს მტრის ზურგში. ეს ყველაფერი კი ვლადიმირ დეკანოზოვის ნიჭითა და ბერიას გეგმით ხორციელდებოდა. ამ გეგმის ნაწილი იყო დეკანოზოვის „ვერბოვკა“ ფაშისტების მხრიდან. ბერიას დავალებით, დეკანოზოვი ამ „ვერბოვკას“ დათანხმდა და ვითომ ფაშისტებზე ამუშავდა. სინამდვილეში კი მათ დეზინფორმაციებს აწვდიდა. ასე გაგრძელდა მოსკოვში დაბრუნების მერეც, ომის დროსაც. ბერიას მითითებით, დეკანოზოვი ფაშისტ მეკავშირეებს კარგად დამუშავებულ დეზინფორმაციებს გადასცემდა. ასე რომ, ბერიამ ფაშისტებს დეზინფორმაციული ქსელი დიდი წარმატებით გაუბა.“

სამწუხაროდ, დეკანოზოვი სწორედ ბერიასთან თანამშრომლობისთვის დახვრიტეს. ბრალად კი ფაშისტების „შპიონობა“ დასდეს. ეს კი ისეთივე სასაცილო იყო, როგორც ბერიასთვის მიკერებული „ბრიტანეთის შპიონის“ იარლიყი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი