ბელადები

როგორ გახდა სტალინის ძალისხმევით საბჭოთა პროდუქცია #1 მსოფლიოში

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.01

საბჭოთა ბელადი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი საბჭოთა კავშირის ბურჯი იყო. ეს ვეებერთელა ქვეყანა მის სიმტკიცესა და გონიერებაზე იდგა და საბჭოთა ბელადის ყველა ქმედება საბჭოთა ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ იყო მიმართული. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი არც თავად დუნდებოდა და არც სხვას აძლევდა ამის უფლებას. მას, შეიძლება, ითქვას, მუშაობის არაადამიანური გრაფიკი ჰქონდა და ისე თვე არ გაივლიდა, რომ თვეში სამჯერ მაინც მისი სამუშაო დღე 48 საათი არ გაგრძელებულიყო და მაინც, არაერთხელ უთქვამს სინანულით: სამუშაო დრო არ მყოფნისო. და ეს არცაა გასაკვირი. სტალინი ხომ უზარმაზარ ქვეყანას მართავდა. ყველა სფეროსა და საქმეს პირადად ეცნობოდა, თანაც დეტალურად (სტალინს ზედაპირულობა სძულდა და ამის გამო მკაცრად სჯიდა ხელქვეითებს) და ყველაფერში ძალიან მალე ერკვეოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სტალინს ოთხჯერ მეტი დრო დასჭირდებოდა სამუშაოდ, რაც შეუძლებელი იყო. სტალინი თავის სამუშაოს უმაღლესი სტანდარტით ასრულებდა და სხვებსაც ასევე სთხოვდა. და საერთოდ იოსებ ბესარიონოვიჩს ყველაფერში სტანდარტების დაწესება სჩვეოდა, თანაც ძალიან მაღალი სტანდარტების. ამიტომ, შემთხვევითი არ იყო, რომ 1925 წელს, სტალინის ბრძანებით, ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციის სახელმწიფო კომიტეტი.“

ანასტას ივანეს ძე მიქოიანი იხსენებდა: „გოსსტანდარტის“ შექმნას წინ უძღოდა სპეციალური, გაფართოებული პლენუმი, რომელსაც პოლიტბიუროს ყველა წევრის გარდა, სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილი სპეციალისტები ესწრებოდნენ. სტალინმა იქ დიდი და შინაარსიანი სიტყვა წარმოთქვა და დამსწრეებს მკაცრად გამოუცხადა: ამხანაგებო, ჩვენ ვაშენებთ უმაღლესი სტანდარტების ქვეყანას და მასში ყველაფერი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს ეხება როგორც ყველა სახის პროდუქციასა და მშენებლობებს, ასევე ყველა კატეგორიის მომსახურების სფეროს. თავმომწონე კაპიტალისტებს არაფერში უნდა დავუდოთ ტოლი. მაქსიმუმ ათ წელიწადში კი მათ ჯერ უნდა გავუტოლდეთ, შემდგომ კი ვაჯობოთ. წინ:ააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაგვსრესენ და ღირსებიც ვიქნებითო. ამ პლენუმზე ტროცკიც იყო და ის რის ტროცკი იქნებოდა, სტალინისთვის რომ არ ეკბინა. ამიტომ მან სიტყვა ითხოვა და თქვა:

– პატივცემულო გენერალურო მდივანო, ძალიან დიდ ვალდებულებებს ხომ არ აკისრებთ თითოეულ ჩვენგანს და ხომ არ გვწყევლით – გაგვსრესენო? ათი წელი არაფერია ისტორიისთვის და ჩვენ კი არარეალურ გეგმებს გვისახავთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს 50 წელი დასჭირდა, რომ ამ დონისთვის მიეღწია, როგორც ახლაა და ვფიქრობ, უტოპიაა სტალინის გეგმები. ამიტომ ზეციდან მიწაზე ჩამოვიდეთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. თუმცა, სულ დამავიწყდა, რომ ზეცა, ღვთიური უტოპია და მსგავსი სუბსტანციები სტალინთან ძალიან ახლოს დგანან, რადგან ის ხომ საეკლესიო სემინარიის არაკურსდამთავრებულია და იქ გაეცნო მსგავს იგავებსო.

სტალინი მისთვის ჩვეული ოლიმპიური სიმშვიდით უსმენდა ტროცკის. შემდგომ ტრიბუნაზე ავიდა და თქვა:

– ტროცკისთვის რომ ამერიკა იდეალია, ეს ახალი ამბავი არაა, ის ხომ რევოლუციის წინ ამერიკელმა სპონსორებმა გამოგზავნეს რუსეთში. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ. ისიც აბსოლუტური სისულელეა, რომ წყევლა-კრულვა აფუჭებს საქმეს და ეს იდიოტური ცრურწმენა ტროცკისთვის დამახასიათებელია. მახსოვს, პეტროგრადის დაცვაზე რომ ვბჭობდით, რომელიც ტროცკის მოვალეობა იყო, ის ილიჩს არწმუნებდა – ბალტიის ზღვაზე ძლიერი შტორმია. ეს ძალიან ცუდი ნიშანია, პეტროგრადი დროებით დავტოვოთ და მერე დავიბრუნოთო. მაშინ, იძულებული გავხდი, ყველაზე უხეში ფორმით ჩავრეულიყავი ამ იდიოტიზმში. ილიჩმა მე გადმომაბარა პეტროგრადის დაცვა და არა მარტო დავიცავით ის, არამედ იუდენიჩს კუდით ქვა ვასროლინეთ. ახლა მოდით, ჩემს სასულიერო სემინარიაში არაატესტირებულ სწავლას მივხედოთ. სწორედ, იქ გავეცანი რევოლუციურ იდეებს. იქ ჩამოვაყალიბე არალეგალური მარქსისტული იატაკქვეშეთი და შეგნებულად არ მივედი სახელმწიფო გამოცდაზე, რათა ბოლო კურსიდან გამოვერიცხეთ. აი, ჩემი არაატესტირებულობის მიზეზი. ტროცკის არაატესტირებულობა, მეტსაც გეტყვით, მისი მოღალატეობრივი პოზიცია აფუჭებს საქმეს და აქედან შეგვიძლია, ცალსახად დავასკვნათ, რომ ტროცკი საბჭოეთის მტერია, „საბოტაჟნიკი“ და მისი ასეთი საქმიანობა – აღსაკვეთია...

სტალინის სიტყვებმა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ტროცკიმ კი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა დარბაზი.

იმავე პლენუმზე „გოსსტანდარტის“ კურატორობა მე დამეკისრა და სტალინმა თქვა: იმედია, ჩვენი მეგობარი და კოლეგა მიქოიანი წარმატებით გაუძღვება ამ საქმესო. მე ძალ-ღონეს არ ვიშურებდი და ყოველნაირად ვცდილობდი, ეს სიტყვები გამემართლებინ და ვფიქრობ, არც თუ ისე ცუდად გამომივიდა.“

მიქოიანმა, მართლაც, წარმატებით გაართვა თავი სტანდარტიზაციის საქმეს და საბჭოთა კავშირში გამოშვებული ყველა პროდუქცია უკვე 1930 წლისთვის გაუტოლდა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. ომის დაწყების წინ კი საბჭოთა კავშირს ამ კუთხით პირველი ადგილი ეკავა მსოფლიოში და ეს სტალინის დამსახურება იყო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი