ბელადები

როგორ გახდა ბერიას წყალობით საბჭოთა უშიშროება მსოფლიოს #1 სპეცსამსახური

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.11

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

მიუხედავად ყველა იმ ბრალდებისა, რომლებიც დღემდე არ გაბათილებულა და ლავრენტი პავლეს ძე ბერიას წინააღმდეგ კვლავ „შავი ფიარი“ მუშაობს, ეს არაორდინარული ადამიანი უცილობლად რჩება არა ერთი საბჭოთა სახელმწიფო ინსტიტუტის ფუძემდებლად და რეფორმატორად... საბჭოთა კავშირის გმირი, უშიშროების პოლკოვნიკი გევორქ ვართანიანი ვიწრო წრეში ყვებოდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო და დარჩება საბჭოთა დაზვერვის, მთელი საბჭოთა უშიშროების სულისჩამდგმელად. ბერია რომ გავიცანი 19 წლის ვიყავი. ეს მოხდა 1943 წელს თეირანში, ცნობილი კონფერენციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ბერია საიდუმლოდ იყო ჩამოსული ირანის დედაქალაქში და ჩვენი მზვერავების ჯგუფის მასთან შეხვედრა ღრმა იატაკქვეშეთში განხორციელდა. ბერიამ ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და აშკარად ეტყობოდა, რომ არაორდინარული, უნიჭიერესი და იმავდროულად, ძალიან საქმიანი ადამიანი იყო. მან მკაფიო მიზნები დაგვისახა და ჩვენ ეს მიზანი შევასრულეთ. მიზანი კი „დიდი სამეულის“ ლიდერებზე განსახორციელებელი თავდასხმის ჩაშლა იყო და ჩავშალეთ კიდეც. ამაში კი ბერიას მითითებები დიდად დაგვეხმარა.

„დიდი სამეულის“ გადარჩენის ოპერაცია მხოლოდ ერთი ეპიზოდია ბერიას ბიოგრაფიიდან. მართალია, უმნიშვნელოვანესი და ის სამართლიანადაა შესული მსოფლიო დაზვერვის სასწავლო ანთოლოგიაში. აქ უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ ბერიამ გამოიყენა მანამდე არნახული ინოვაცია. კონკრეტულად კი თეირანში მოქმედებდა 11-14 წლის ბავშვების სადაზვერვო ჯგუფი და სწორედ, მათ აღმოაჩინეს დივერსანტი, რომელსაც „დიდი სამეულის“ ლიდერებზე უნდა განეხორციელებინა თავდასხმა. ბერიამ კი „საბავშვო ჯგუფის“ შექმნის გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, როდესაც საფუძვლიანად გაეცნო თეირანის სპეციფიკას და ამან 100 პროცენტით გაამართლა კიდეც...

გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი): „ბერია 1938 წლის დეკემბერში დაინიშნა საბჭოთა უშიშროების უფროსად და მაშინვე შეუდგა რეფორმების განხორციელებას. რეფორმები გარე და შიდა მიმართულებებით ხორციელდებოდა. ამ რეფორმებს კი წინ უძღოდა ჩვენი უსამართლოდ რეპრესირებული კოლეგების საპყრობილეებიდან გათავისუფლება და უწყებაში დაბრუნება. შიდა რეფორმა მოიცავდა ყველა თანამშრომლის ატესტაციას, ანუ, მათი გონებრივ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემოწმებას და ამ საქმეში იყვნენ ჩართულები (მოწმდებოდნენ) როგორც დაბალჩინოსნები, ასევე მაღალჩინოსანი გენერლები. ვინც ტესტირებას ვერ გაივლიდა, მათ სამსახურიდან არ ათავისუფლებდნენ, მაგრამ გადაჰყავდათ „მოქმედ რეზერვში“, ეგრეთ წოდებულ, „ოდერებად“ და სხვადასხვა უწყებებში აწყობდნენ სამუშაოდ, სადაც ისინი უშიშროების თვალები და ყურები იყვნენ. ტერმინი „ოდერი“ – ანუ მოქმედი რეზერვის ოფიცერი, ბერიამ მოიფიქრა და უშიშროების სქემაში ჩასვა. ბერიას რეფორმატორული მოღვაწეობის მთავარი ბურჯი იყო თანამშრომელთა ფინანსური და ყოფა-ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ბერიამ თანამშრომლებს ხელფასები გაუორმაგა. აგრეთვე, აუშენა უწყებრივი სახლები და ბინებიც დაურიგა. 1940 წლისთვის ბერიას ძალისხმევით საბჭოთა უშიშროება უმძლავრესი, სამაგალითო ორგანო გახდა, რომელიც ფხიზლად იდგა სამშობლოს სადარაჯოზე...“

პავლე ფიტინი თითქმის არაფერს ამბობს ბერიასეულ საგარეო რეფორმაზე. არადა, სწორედ, ამ ქვედანაყოფში განხორციელდა ისეთი რადიკალური ცვლილებები, რასაც სავარაუდოდ, თვით ფელიქს ძერჟინსკიც კი ვერ გაბედავდა. ბერიას მთავარი საგარეო რეფორმები იყო: პირველი – საზღვარგარეთ მოქმედ არალეგალებს ნება დაერთოთ მსხვილ ბიზნესსაქმიანობაზე, ამით, ფაქტობრივად, თვითდაფინანსება ხორციელდებოდა. და მეორე – საბჭოთა არალეგალი მზვერავების გარკვეული ნაწილი საერთაშორისო დანაშაულებრივ სინდიკატებში ჩანერგეს. ერთი მხრივ, მათ ამ დაჯგუფებების კონტროლი ევალებოდათ. მეორე მხრივ კი, ნარკოვაჭრობისგან, იარაღით ვაჭრობისგან და სხვა მსხვილი, არალეგალური დანაშაულებრივი საქმიანობისგან შემოსული უზარმაზარი თანხები საბჭოთა სადაზვერვო, ზოგ შემთხვევაში კი, დივერსიულ საქმიანობას ხმარდებოდა. ნიშანდობლივია ის, რომ საბჭოთა არალეგალი მზვერავები ცნობილი საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფებების მმართველობაში იმყოფებოდნენ... ერთი სიტყვით, ბერიას ამ რეფორმატორულმა საქმიანობამ გადააქცია საბჭოთა დაზვერვა მსოფლიოს #1 სპეცსამსახურად“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...