ბელადები

როგორ გადაიქცა ბერია კავკასიის გათავისუფლების სიმბოლოდ

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 18 წუთის წინ

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ლომის წილი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში. სტალინთან ერთად, სწორედ ბერია იყო ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვინც ჰიტლერი დაამარცხა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში მთავარი როლი შეასრულა.

იური პეტროვი (ისტორიკოსი): „ლავრენტი ბერიას დამსახურება მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით არ შემოიფარგლება. ბერიას, როგორც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრს, სტალინმა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა, როცა დაავალა მთელი სამხედრო მრეწველობის ურალის მთებს მიღმა გადატანა. ბერიამ ამ ამოცანას, სულ რაღაც, 61 დღეში გაართვა თავი და საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილებიდან მთელი მრეწველობა უსაფრთხო ადგილზე გადაიტანა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჰარიმანი წერდა: „მე აღფრთოვანებული ვარ რუსების ქმედებით. 17 მილიონმა ადამიანმა ძალიან მოკლე დროში მოახერხა ევროპული ნაწილიდან ურალში ევაკუაცია. და განსაცვიფრებელი ის იყო, რომ სამხედრო ქარხნების აწყობა ღია ცის ქვეშ ხდებოდა და ქარხნებს ჯერ კიდევ სახურავი არ ჰქონდათ, რომ უკვე სამხედრო ტექნიკას ქმნიდნენ, მზა პროდუქციას ფრონტზე უშვებდნენ, იქ კი მამაცი მეომრები ფაშისტებს ანადგურებდნენ.“

ავრელ ჰარიმანი ბერიას სწორედ ამ ევაკუაციის დროს ეახლა ურალში და თავისი შთაბეჭდილებები სწორედ ამ ვოიაჟის დროს შეექმნა. მოგვიანებით ჰარიმანი პირდაპირ ეუბნებოდა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს: ჯობია, ამ ხალხთან ითანამშრომლო, იმეგობრო და არა იომო. მათი დამარცხება შეუძლებელია და დამიჯერეთო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისიც კარგად უწყოდა, რომ სტალინის ყველაზე საიმედო საყრდენი ქვეყნის მართვაში ლავრენტი ბერია იყო. ამერიკელი დიპლომატი აღფრთოვანებული იყო ბერიას გვერდით გატარებული იმ ორი კვირით, რომლის დროსაც ევაკუაციის ერთ-ერთი ეტაპი ხორციელდებოდა.

სტალინი რომ ბერიას თავის მთავარ დასაყრდენად მიიჩნევდა იმაშიც ჩანს, რომ კავკასიის დაცვის საქმე სწორედ ლავრენტი ბერიას დაავალა. კავკასია უსტრატეგიულესი წერტილი იყო. ჰიტლერს იმიტომ სურდა ასე სწრაფად და საფუძვლიანად დაუფლებოდა ამ რეგიონს, რომ უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული რესურსები მიეღო. და ჰიტლერი თუ ამას შეძლებდა, მაშინ საბჭოთა კავშირს ეს ენერგეტიკული რესურსები ხელიდან გამოეცლებოდა და ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდა.

გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „თბილისში შებინდებისას ჩავფრინდით. აეროდრომზე საქართველოსა და ამიერუკავკასიის სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელები დაგვხვდნენ. ყველა მათგანს ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. ლავრენტი პავლოვიჩმა თვალი შეავლო მათ, მაგრამ არაფერი უთქვამს და ჩვენი კორტეჟი თბილისისკენ დაიძრა. ამასობაში დაღამდა და გზას ძლივს ვიკვლევდით. ეს სიბნელე შუქშენიღბვას დავაბრალეთ, მაგრამ როდესაც ქალაქში არც დღისით იყო ელექტროენერგია და თბილისი მთლიანად ჩამკვდარი იყო, ბერია აფეთქდა. სასწრაფოდ აამუშავებინა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური, საიდანაც დენს მთელი ამიერკავკასია იღებდა. თბილისში ტრამვაის მოძრაობა აღადგინა და კინოთეატრების ფუნქციონირებაც კი განაახლა. საქართველოს დედაქალაქში სახლებში შეყუჟული მოქალაქეებიც ქუჩებში გამოვიდნენ და თბილისი გაცოცხლდა. ამის მერე ბერიამ კავკასიონის წინა ხაზზე დაიწყო ვოიაჟი და პირადად ამოწმებდა როგორც საცეცხლე წერტილებს, ასევე მთელი ზურგის სამსახურს. ფაშისტურ სამთო დივიზია „ედელვაისს“ სტრატეგიული სიმაღლეები ჰქონდა დაკავებული. ბერიამ უმოკლეს დროში შექმნა ალპინისტთა შეიარაღებული სპეცრაზმები და მათ უმოკლეს დროშივე დაამარცხეს ფაშისტთა რჩეული სამხედრო შენაერთები. ბერიამ თავისი სამშობლო, რომ იტყვიან, კბილებით დაიცვა, გაათავისუფლა და ფაშისტები ისე განადგურდნენ, რომ არც კი უცდიათ განმეორებითი შეტევა. ამგვარად, ლავრენტი ბერია კავკასიას გათავისუფლების ცოცხალ ლეგენდად, სიმბოლოდ გადაიქცა და ამით ჰიტლერთან ომში საბჭოეთმა პირველი სერიოზული გამარჯვება მოიპოვა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი