ბელადები

რატომ არ უბრუნებდა სტალინი იაპონიას კურილიის კუნძულებს

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 45 წუთის წინ

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

სტალინი შორსმჭვრეტელი პრაგმატიკოსი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის მრავალი ათეული წლით წინ საზღვრავდა მსოფლიო პოლიტიკას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი სიკვდილის შედეგაც კი შენარჩუნებულიყო ის მონოლითური სახელმწიფო, რომელიც მან თავისი თავდაუზოგავი ბრძოლითა და შრომით შექმნა მმართველობის 30 წლის განმავლობაში.

იაკობ კედმი: „სტალინი რომ კაცობრიული ბედნიერების იდეის განსახორციელებლად იღვწოდა, ამაზე მეტყველებს ამ ადამიანის მთელი ბიოგრაფია.

მომავალი საბჭოთა ბელადი ჯერ კიდევ იატაკქვეშა, რევოლუციური მოღვაწეობის დროს იბრძოდა ამ მიზნისთვის. და საერთოდ, პატარა სოსელოს ადრეული ბავშვობიდან ჰქონდა დასახული მიზნად კაცობრიობისთვის ბედნიერების მოტანა. ეს იდეა მკაფიოდაა გამოხატული მის საბავშვო პოეზიაში, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო საბავშვო და მოწიფული ადამიანის, პიროვნების ნაღვაწს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები 13-14 წლის ბავშვს ეკუთვნოდა. სწორედ ამ კონტრასტმა განაცვიფრა ილია ჭავჭავაძე და სტალინს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. დიდი ილია არ შემცდარა. მართალია, საქართველოს უგვირგვინო მეფე ხელოვნებას, კონკრეტულად კი, ლიტერატურას გულისხმობდა. მაგრამ, სტალინის სიდიადემ უფრო დიდი დიაპაზონი, პლანეტარული მასშტაბი შეიძინა. ჭაბუკი სტალინი, როგორც ყველა რევოლუციონერი, იდეალისტი, ყოვლად უანგაროდ, დიდსულოვნად ემსახურებოდა დასახულ მიზანს და ხშირ შემთხვევაში დანის წვერზე დადიოდა, საკუთარ სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებდა. თუმცა, მოგვიანებით დარწმუნდა იმაში, რომ სხვა კოლეგები მის ხარჯზე ცდილობდნენ წინა პლანზე გამოსვლას და სხვების სიცოცხლეს არაფრად აგდებდნენ. ცნობილი რევოლუციონერი ლადო კეცხოველი იხსენებდა: „კობა ძალიან ახალგაზრდა, ძალიან მამაცი და შეუპოვარი ადამიანი იყო. ბრძოლაში ყოველთვის პირველი მიიწევდა და უშიშრად უშვერდა თავს ტყვიებს. მახსოვს, თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო მანიფესტაცია მოვაწყვეთ. მე ათასობით მუშა გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე გამოვიყვანე და „ნამესტნიკის“ სასახლისკენ (პიონერთა სასახლე) დავიძარით, სადაც კბილებამდე შეიარაღებული კაზაკები იდგნენ. კობამ კი დეპოს მუშების მრავალათასიანი კოლონა წამოიყვანა და ერევნის (თავისუფლების) მოედნიდან მოადგა სასახლეს. სტალინის გვერდით სპანდარიანი მოაბიჯებდა და როდესაც კაზაკები ცხენებით დემონსტრანტებისკენ დაიძრნენ და ჩეხვა დაიწყეს, კობა მედგრად ეკვეთა მათ. სპანდარიანმა კი ხელი ჰკრა კობას და ამით კაზაკის ამოწვდილ ხიშტს მიაგდო. თავად კი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. კობამ თავისი მოხერხებულობის წყალობით, სასწაულებრივად აიცილა მომარჯვებული იარაღი და კაზაკი ცხენიდან ჩამოაგდო. ხელჩართული ბრძოლა კი ზღვა სისხლითა და ქუჩაში დაყრილი, დახოცილ-დაჩეხილი ადამიანებით დასრულდა. მეორე დღეს, როცა ფარული შეკრება გავმართეთ და წინა დღის პერიპეტიებს ვარჩევდით, შევატყვე, რომ კობა სპანდარიანის მაგალითზე მიხვდა, თუ რა დაუნდობელი ბრძოლა მოელოდა თავის კოლეგებთან და რომ ის მენტალურად შეიცვალა“.

კეცხოველის მოგონება იმის აშკარა დასტურია, თუ როგორ გახდა იდეალისტი იატაკქვეშელი რევოლუციონერი კობა, პრაგმატიკოს სტალინად... შემდგომ, სტალინი მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი პრაგმატიზმით ხელმძღვანელობდა და რევოლუციური იდეალიზმი წარსულს ჩაბარდა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი რომ გავიცანი, ის უკვე მკაცრი პრაგმატიკოსი იყო და მისი რევოლუციური იდეალიზმიდან აღარაფერი იყო დარჩენილი. მართალია, ჯერ კიდევ იატაკქვეშელები ვიყავით ჯერ კიდევ ცარიზმს ვებრძოდით, მაგრამ კობა უკვე აღარ ზიდავდა ცეცხლიდან წაბლს სხვებისთვის, ანუ ტყუილად აღარ რისკავდა და ნებისმიერ სიტუაციაში პრაგმატიზმით ხელმძღვანელობდა. მაგალითად, 1945 წელს, როდესაც იაპონიას ოთხი კუნძული ჩამოვართვით, ეს გახდა სადავო საკითხი. იაპონია ათას ნოტასა და შუამავალს გვიგზავნიდა. სტალინმა კი მათ უთხრა, რომ იმ ოთხ კუნძულს იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა მათ, თუკი იაპონიიდან ამერიკული სამხედრო ბაზები გავიდოდნენ. იაპონია ამაზე თანახმა იყო. თუმცა, ამერიკის მთავრობა მათ მორიგი ატომური ბომბარდირებით დაემუქრა და ბაზების გაყვანის მოთხოვნაც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჩვენ კი ამერიკული ბაზების საპირწონე სამხედრო ბანაკები სწორედ იმ ოთხ კუნძულზე განვალაგეთ და სამხედრო პარიტეტი დაცული იქნა. სტალინი იმ ოთხ კუნძულს იაპონიის ტერიტორიად მიიჩნევდა. მაგრამ, პოლიტიკური პრაგმატიზმით ხელმძღვანელობდა და ამიტომაც არ უბრუნებდა მათ.“

მოლოტოვის მონათხრობი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ სტალინი შორს იყო ყოველგვარი პოლიტიკური სენტიმენტალიზმისგან და ხელმძღვანელობდა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, რაც ყოველთვის ამართლებდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი