ბელადები

რატომ გააფორმა სტალინმა ჰიტლერთან სამშვიდობო ხელშეკრულება

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ძალიან პრაგმატული პოლიტიკური მოღვაწე იყო. მას ჰქონდა უნარი, რომ მოსისხლე მტრებიც კი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინა და დოგმებიც კი დაერღვია...

იაკობ კედმი: „სტალინის ერთადერთი მთავარი მიზანი იყო საბჭოთა ხალხის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამისთვის საბჭოთა ბელადი ყველაფერს აკეთებდა. პირველ რიგში, სტალინმა, ასევე პრაგმატული მოსაზრებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ დოქტრინას მსოფლიო რევოლუციის შესახებ, რომელიც მავნებელმა ლევ ბრონშტეინმა (ტროცკიმ) აუწყა მთელ პლანეტას, ცვლის დოქტრინით – ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობის შესახებ. ამით სტალინმა შეასუსტა დასავლეთის ყოველმხრივი ზეწოლა საბჭოთა კავშირზე და მათი ლიდერების გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვა. ეს კი საჭირო იყო იმისთვის, რომ საბჭოთა ბელადს საშუალება მისცემოდა, მშვიდად ეშენებინა ქვეყანა და კვალიფიციური დახმარება მიეღო დასავლეთისგან. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ სტალინი თავის პრინციპებს თმობდა. პირიქით, სტალინმა იმდენი მოახერხა, რომ მოწინავე ევროპულ, კაპიტალისტურ ქვეყნებში და რაც მთავარია, ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კომუნისტური მოძრაობისთვის ჩაეყარა საფუძველი. საგულისხმო ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კომუნისტური პარტიის შექმნაში უდიდესი წვლილი იოსებ სტალინს მიუძღვის. საამისოდ კი სტალინმა არმანდ ჰამერი გამოიყენა. ეს პიროვნება ამერიკელი ბიზნესმენი იყო, თუმცა ძალიან ახალგაზრდა. 1918 წელს ეს ადამიანი რუსეთში ჩამოვიდა (საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი) და ოქტომბრის რევოლუციის ბელადს, ვლადიმერ ლენინს შეხვდა. ლენინმა ამ ახალგაზრდა კაცს (არმანდ ჰამერს) რამდენიმე კომერციული ოპერაცია ჩაატარებინა და ამერიკელი კმაყოფილი დაბრუნდა თავის სამშობლოში. თუმცა, საქმე ამის იქით აღარ წასულა. რამდენიმე წლის შემდეგ, ლენინი რომ გარდაიცვალა, სტალინმა ჰამერი პირადად მიიწვია უკვე საბჭოთა კავშირში. მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ არმანდ ჰამერმა უკვე ბევრად უფრო სარფიანი და ორივე მხარისთვის სასარგებლო საქმიანობის წამოწყება გადაწყვიტა და შეუდგა კიდეც მის განხორციელებას. სამშობლოში დაბრუნებისთანავე კი უკვე მილიონერი არმანდ ჰამერი იმ პროკომუნისტურ ჯგუფს შეუერთდა, ვინც კომუნისტურ დოქტრინას მისდევდა და ასე შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების კომუნისტური პარტია, სადაც მას მოწინავე პოზიციები ეკავა. იმ პერიოდში სტალინისადმი მტრულად განწყობილი ოპონენტები საბჭოთა ბელადს კაპიტალისტებთან ალიანსში ადანაშაულებდნენ. თუმცა, მშვენივრად უწყოდნენ, რომ ეს მტკნარი სიცრუე იყო და სტალინის მოქმედება აბსოლუტურად მართებული იყო როგორც იდეურ-პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. რომ არა სტალინის მოქნილი დიპლომატია და გონიერი გადაწყვეტილებები, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დალევდა სულს. ამერიკის კომუნისტური პარტია და პირადად ჰამერი საბჭოთა კავშირს უდიდეს დახმარებას უწევდა აღმშენებლობაში. აქ მოქმედებდა ურთიერთსარგებლიანობის პრინციპი. მილიონერი ჰამერი ძალიან დიდ მოგებას ნახულობდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა ქვეყანა კი თავის კავშირებს აფართოებდა და ყველაფერთან ერთად, უდიდეს ტექნოლოგიურ სარგებელს იღებდა, რასაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში დებდა. ასე რომ, სტალინი დასავლეთს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ქვეყნის სასიკეთოდ იყენებდა და ამას უდიდესი ეფექტი მოჰქონდა. სტალინის სწორი პოლიტიკა განხორციელდა ფაშისტური გერმანიის მიმართაც. მაშინ, როდესაც ფრანგებმა და ბრიტანელებმა ჰიტლერს ნახევარი ევროპა დაუთმეს და ყურიც კი არ ათხოვეს სტალინის წინადადებას ფაშისტების წინააღმდეგ ერთობლივად გალაშქვრის თაობაზე, საბჭოთა ბელადმა პირადად ჰიტლერთან სცადა საერთო ენის გამონახვა. გამონახა კიდეც და მასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დადო, რომელიც 21 თვის განმავლობაში მოქმედებდა და სტალინს საშუალება მიეცა, რომ ეს დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოეყენებინა დიდი ომისთვის მოსამზადებლად...

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სანამ სტალინი თავდაუსხმელობის პაქტზე ჰიტლერს შეუთანხმდებოდა, მან ჯერ ანგლო-ფრანკებს შესთავაზა, ჰიტლერი ქვეყნის ხელმძღვანელობიდან ჩამოეშორებინათ და სასტიკი უარი რომ მიიღო, მხოლოდ მას მერე გავაფორმეთ ფაშისტებთან მშვიდობიანი შეთანხმება. მე და რიბენტროპმა მოვაწერეთ ხელი ამ პაქტს მოსკოვში. მე ბერლინშიც ვიყავი, ჰიტლერსაც შევხვდი. ფიურერი აღფრთოვანებული იყო სტალინით და მას უდიდეს მმართველს უწოდებდა“.

ჰიტლერს თავის ცნობილ „ბუნკერის დღიურებშიც“ უწერია სტალინზე საქებარი სიტყვები და სინანული იმისა, რომ სტალინს კი არ უნდა დაპირისპირებოდა, არამედ კავშირი შეეკრა მასთან.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი