ბელადები

როგორ გადაარჩინა ბერიამ „ენკავედე“ შესუსტებისგან

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან განათლებული, ძლიერი ნებისყოფისა და განსაკუთრებული ეშმაკობით გამორჩეული ადამიანი იყო. მას შესწევდა უნარი, მახვილგონივრული კომბინაციის მეშვეობით მიეღწია დასახული მიზნისთვის, თან ისე, რომ მთელი ამ კომბინაციის სრული შინაარსი, რესურსები და განხორციელების ატრიბუტიკა მხოლოდ მან იცოდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი პავლეს ძე რომ ხრუშჩოვმა მონსტრად შერაცხა, გაუგონარი სიცრუე და აშკარა ცილისწამებაა. თუმცა, მასის ფსიქოლოგია ისეა მომართული, რომ სწორედ სიცრუის სჯერა ყველაზე მეტად. როგორც კი ბერიამ ეჟოვის მოადგილის პოსტი მოიპოვა (ერთ თვეში სტალინმა ბერია ეჟოვის ადგილზე დანიშნა), პირველ რიგში, ციხეში მსხდომი პროფესიონალები გაგვათავისუფლა. თანაც ყველა ჩვენგანი არამც თუ თანამდებობებზე აღგვადგინა, არამედ მე, სერებრიანსკი, ეიტინგონი და სხვა ჩვენი კოლეგები დაგვაწინაურა კიდეც.“

იაკობ კედმი: „პავლე ანატოლის ძე სუდოპლატოვი სუპერკლასის პროფესიონალი იყო და მას „ჩეკაში“ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა, ისევე, როგორც ხსენებულ სერებრიანსკისა და ეიტინგონს. ეჟოვმა ეს ხალხი დასახვრეტად გაამზადა და რომ არა ლავრენტი ბერია, ახალ საბჭოთა ბერიასეულ უშიშროების სისტემას მნიშვნელოვანი ძალები მოაკლდებოდა. ბერიამ, ფაქტობრივად, გადაარჩინა „ენკავედე“ სპეცოპერაციების განყოფილების მოსპობისგან და ჯერ გააძლიერა შემდგომ კი ის უშიშროების ერთ-ერთ ბურჯად გადააქცია. საგულისხმოა ის, რომ ბერია მეტად აქტიურად იყო ჩართული ამ განყოფილების მუშაობაში და ოპერაციების შექმნის სცენარებს პირადად წერდა. ბერია თითოეულ ასეთ საქმეში კრეატივს დებდა და მისი მონაწილეები კი უმაღლეს სამხედრო აქტიორულ ხელოვნებას ავლენდნენ. მეტიც, სწორედ ბერიას მოთხოვნით ჩართეს სადაზვერვო-დივერსიულ სპეცსკოლებში აქტიორული ხელოვნების შესწავლა სავალდებულო საგნად. მსგავსი დისციპლინა შემდგომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სკოლებშიც შემოიღეს. დღესდღეობით მავანნი ბერიას მიერ მოდერნიზებულ სამსახურს საშინელ მონსტრად მოიხსენიებენ და ამით იმის თქმა უნდათ, რომ თითქოს ეს უწყება ცუდი საქმით იყო დაკავებული... კი, ბატონო, ვიზიარებ ასეთ აზრს, რომ ბერიას მიერ შექმნილი უწყება ცუდი საქმით იყო დაკავებული და ამ ცუდს მტრებს უკეთებდა. განა ეს არაა მსგავსი უწყების დანიშნულება ყველა ქვეყანაში?! და ამას ბერია შესანიშნავად ახორციელებდა.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „სხვათა შორის, რომ არა ბერიას მიერ აუცილებელ დისციპლინად კულტივირებული აქტიორული ხელოვნება, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. საქმე ისაა, რომ ბერიას დაპატიმრების მერე, მეც ციხეში ჩამსვეს და დასახვრეტი მუხლი მომიყენეს. მაშინ სწორედ ბერიას მოთხოვნით, ჩემ მიერ ათვისებულმა აქტიორულმა ხელოვნებამ მიხსნა. მე სიგიჟე გავითამაშე, შეურაცხადად მცნეს და გიჟს დახვრეტა არ ეკუთვნოდა. ჩემზე არანაკლები (მეტი თუ არა) შესანიშნავი აქტიორები იყვნენ ჩემი სხვა კოლეგებიც. ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს იაკობ სერებრიანსკიმ აქტიორული ხელოვნების უმაღლესი ოსტატობა გამოვლინა. მან ყრუ-მუნჯის როლი მოირგო, მუსლიმთა წმიდა ქალაქში ასე შეაღწია და ობიექტი უამრავი მომლოცველის თვალწინ შხამიანი ისრით მოკლა. შემდგომ კი იქიდან უსწრაფესად აორთქლდა და ვერავინ მიხვდა, რომ „ყრუ-მუნჯი მუსლიმი“ საბჭოთა ლიკვიდატორი იყო.

ბერიას უდიდეს სიამოვნებას გვრიდა ყოველი კრეატიულად განხორციელებული ოპერაცია და არც თუ ისე იშვიათად, ბერია საქმეში პროფესიულ მსახიობებს იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი კადრი იყო კინოვარსკვლავი ოლგა ჩეხოვა. ეს ულამაზესი ქალბატონი ბერლინში ცხოვრობდა. ჰიტლერის უახლოეს წრეში ტრიალებდა და ფაშისტი ფიურერი მას პატივს სცემდა. თუმცა, ჰიტლერმა რა იცოდჟ, რომ ჩეხოვა პირადად ბერიას აგენტი იყო. ის მნიშვნელოვანი ინფორმაციებით ამარაგებდა ცენტრს და რაც მთავარია, ჩეხოვას დაკისრებული ჰქონდა ლიკვიდატორის ფუნქცია – შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, მას ჰიტლერი უნდა მოეკლა. ბოლო მომენტში სტალინმა ეს ბრძანება გააუქმა. ფრონტებზე უკვე გარდატეხილი იყო სიტუაცია. „წითელი არმია“ ევროპაში შედიოდა. საბჭოთა ბელადი ევროპის „გაწითლებას“ აპირებდა და ჰიტლერის ლიკვიდაცია მას ამ საშუალებას მოუსპობდა. ბერიამ ოლგა ჩეხოვა პირადად ჰყავდა გადაბირებული და ეს კონტაქტი 1929 წელს თბილისში მოხდა. ჩეხოვა მაშინ გერმანულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს დედაქალაქში იმყოფებოდა. 30 წლის ბერია კი საქართველოს „ჩეკას“ უფროსი იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი