ბელადები

როგორ გადააქცია ბერიამ კავკასია სტრატეგიულ ცენტრად

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას საბრალდებო დასკვნაში თეთრზე შავად წერია, რომ ეს ადამიანი უკიდურესი ნაციონალისტი იყო და საქართველოსა და ქართველ ხალხს დანარჩენებზე წინ აყენებდაო. ეს შესაძლოა, ერთადერთი ბრალდებაა, რაც სიმართლეს შეეფერება ბერიას მიმართ წაყენებულ უამრავ ბრალდებას შორის.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „საკუთარი ერისა და სამშობლოს სიყვარული არც სტალინურ სახელმწიფოში მიიჩნეოდა დანაშაულად. თუმცა, ხრუშჩოვისეულმა სასამართლომ ამ ყველაფერს გაუკუღმართებული ფორმა მისცა. არადა, ბერია მართლაც პატრიოტი ადამიანი იყო. არა მარტო საქართველოსი, რაც სულაც არაა გასაკვირი, არამედ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა ხალხისთვისაც ბევრს აკეთებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბერია ამდენ სიკეთეს ვერ მოუტანდა ამ უზარმაზარ ქვეყანას.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო ბერიას სისუსტე იყო. ბერიამ საქართველოს უამრავი სიკეთე გაუკეთა. მარტო ის რად ღირს, რომ ბერიამ საქართველო კავკასიის სტრატეგიულ ცენტრად აქცია, ხოლო კავკასია კი, მისი ძალისხმევით, არა მარტო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ცენტრი გახდა, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული რეგიონი. ლავრენტი ბერიას წყალობით, თბილისში მდებარეობდა ამიერკავკასიის ჯარების შტაბი. თბილისში იყო განლაგებული რამდენიმე საიდუმლო სამხედრო საწარმო, რომელიც საბჭოთა კავშირის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო. შემთხვევითი არ ყოფილა აფხაზეთში ეშერის ზესაიდუმლო მიწისქვეშა ლაბორატორიის გახსნა – ესეც ბერიას დამსახურებაა. ამ ლაბორატორიაში დღემდე ტარდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ექსპერიმენტები. ასევე, აქედანაა შესაძლებელი სრული კონტროლი მთელი შავი ზღვის აკვატორიისა და უფრო შორეული ტერიტორიებისაც.

ბერია უჭკვიანესი ადამიანი იყო. მან ძალიან ნიჭიერი, მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანების დიდი ჯგუფი შეკრიბა და ჯერ კიდევ მრავალი ათეული წლის წინ გათვალა, რომ ის, რასაც იმ პერიოდში საქართველოში ახორციელებდა, მრავალი წლის მერე გამოადგებოდა თავის სამშობლოს. ანუ ბერიამ ინფრასტრუქტურულად ისე მოაწყო საქართველო, რომ სრულად დაცული ყოფილიყო გლობალური ომის დროს და რომ არა საბჭოეთის დაშლა და საქართველოს სხეულიდან აფხაზეთის მოწყვეტა, ეს ტერიტორია საქართველოსთვის ერთიანი თავდაცვის სისტემის ნაწილი იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ სისტემის დარღვევას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას ხელი შეუწყვეს როგორც საქართველოს მმართველებმა, ასევე რუსეთის ხელისუფლებამაც. პირველებმა, ალბათ, იმიტომ, რომ სრულად არ იცოდნენ ამ სისტემის შესახებ ან ეგონათ, რომ რუსეთთან კავშირის გაწყვეტით დამოუკიდებელ სისტემას შექმნიდნენ, რაც აბსურდი იყო. ხოლო რუსეთის ხელისუფლებმა კი, ერთი მხრივ, დასაჯეს საქართველო ურჩობისთვის, მეორე მხრივ კი, ეს რეგიონი რუსეთის უსაფრთხოების სისტემას მიაბეს, რაც შესანიშნავად მუშაობს. აბა, რას წარმოიდგენდა ლავრენტი პავლოვიჩი, რომ საათივით აწყობილ საბჭოთა მექანიზმს ჯერ ხრუშჩოვი დაუწყებდა რღვევას, ხოლო გორბაჩოვი კი საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს...

სხვათა შორის, ძალიან სერიოზული დასავლელი ექსპერტები და მკვლევრები ახორციელებდნენ პოსტ-სტალინური პერიოდის იმ 100 დღის მოდელირებას, როდესაც ბერია, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველი იყო და უსწრაფესი რეფორმატორული მოღვაწეობა გააჩაღა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. ეს მოდელირება უჩვენებს შემდეგს: პირველი – ლავრენტი ბერია რომ ცოცხალი გადარჩენილიყო, მას უნდა მოეთხოვა ყველა პოსტის დატოვება ჯანმრთელობის გაუარესების გამო და პოლიტბიუროს წევრობის მანდატის გაუქმება. და მხოლოდ რომელიმე მეორეხარისხოვანი დარგის მინისტრად დარჩენილიყო. მოდელიორ-მკვლევრების აზრით, ამ შემთხვევაში შეთქმულები ბერიას უკვე აღარ მიიჩნევდნენ საშიშად და მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის აუცილებლობა აღარ იქნებოდა. ძალიან საინტერესოა მეორე მოდელირების შინაარსი, რომელიც ამგვარად გამოიყურება – სტალინის დაკრძალვიდან, მაქსიმუმ, ერთ კვირაში, ბერიას უნდა დაეპატიმრებინა ხრუშჩოვი, მალენკოვი, ბულგანინი, ჟუკოვი, მოლოტოვი და ძალოვანი უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანი. ისინი სტალინის სიკვდილში დაედანაშაულებინა, გაესამართლებინა და სიკვდილით დაესაჯა. ასეთ შემთხვევაში ბერია სიცოცხლესაც შეინარჩუნებდა, ძალაუფლებასაც განამტკიცებდა და საბჭოთა კავშირსაც ისე გააძლიერებდა, რომ არ დაიშლებოდა. ბერიას საამისოდ ყველა რესურსი ჰქონდა. მაგრამ ის ამ გზით არ წავიდა და წააგო კიდეც თავი. როგორც იგივე ექსპერტ-მკვლევრები მიიჩნევენ, ბერია დასავლეთისთვის მიუღებელი იყო და ბერიას განადგურებაში იქაურ წარმომადგენლებსაც მიუძღვით წვლილი, მაგრამ ბერიას რომ დასწრებაზე ეთამაშა და მეორე ვარიანტი განეხორციელებინა, დასავლეთი და ბერია ერთმანეთთან საერთო სასიკეთო ენას გამონახავდნენო.

სავარაუდოდ, ბერიას სჯეროდა, რომ სტალინის შემდეგ მისი რეფორმატორული საქმიანობა სასიკეთო შედეგს გამოიღებდა და მას მხარს დაუჭერდნენ, თუმცა სრულიად საპირისპირო რამ მოხდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი