ბელადები

როგორ გააცურეს ბერიას სასტიკი გეგმის მეშვეობით გერმანული დაზვერვა

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 02.06

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია, მართალია, ჭკვიანი, განათლებული ადამიანი იყო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში უკიდურეს სისასტიკეს იჩენდა, თუკი ეს მის მიერ დაგეგმილ საქმეს სჭირდებოდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „სპეცსამსახურების მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, უდიდეს რისკთანაა დაკავშირებული. რისკის ქვეშ უმეტესად, რა თქმა უნდა, ამ სტრუქტურის თანამშრომლები იმყოფებიან. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სასიკვდილო რისკი ამ სტრუქტურის გარეთ მყოფებსაც კი შეხებია და რბილად რომ ვთქვათ, ასეთი რამ ჩვენი მხრიდან არც თუ ისე ჰუმანური და მორალური საქციელი იყო, თუმცა, სამშობლოს ინტერესებით გამართლებული...

1941 წლის მაისი იდგა. ჩვენი სამსახური უმნიშვნელოვანესი აგენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად მოსკოვში სპეცოპერაციას ატარებდა. ეს აგენტი ბერლინიდან იყო გამოგზავნილი და ჩვენ მიერ გადაბირებულ მეორე აგენტს უნდა შეხვედროდა. მთელი ჩვენი უწყება მობილიზებული იყო და ამ შეხვედრას ფარულად თვალყურს ვადევნებდით. მაგრამ ისე მოხდა, რომ ბერლინიდან გამოგზავნილმა აგენტმა შეგვამჩნია და ცეცხლი გაგვიხსნა. შემდგომ კი ბოლო ტყვია თავისთვის დაიტოვა და თავში დაიხალა. ამგვარად ჯაჭვი გაწყდა. ერთი მხრივ, ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი გახდა, მეორე მხრივ კი, როდესაც ეს თვითმკვლელი აგენტი ბერლინს ვერ დაუკავშირდებოდა, იქ აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ მათი აგენტი გაიშიფრა და ყველაფერი ჩაიშლებოდა. შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. ბერიამ რამდენიმე ადამიანი შეგვკრიბა, მაგრად შეგვახურა და გვკითხა:

– რა ვქნათ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან?

პასუხი არავის ჰქონდა. არ ვიცოდით, რა უნდა გვეღონა და ვდუმდით. ბერიამ ყველას გამჭოლი მზერა მოგვავლო და მოულოდნელად მკითხა:

– რას იტყვით, ამხანაგო სუდოპლატოვ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

– ჩემი აზრით, ლავრენტი პავლოვიჩა ამ სიტუაციიდან გამოსავალი არაა. ჩიხში ვართ და ყველაფერი ჩაგვეშალა, – ვუპასუხე ბერიას.

– ცდებით. გამოსავალი არის, – თქვა ბერიამ და დააყოლა, – ფაშისტური დაზვერვა უნდა დავარწმუნოთ, რომ ბერლინიდან გამოგზავნილი აგენტი არ გაშიფრულა და უბრალოდ, დაიღუპა.

– როგორ? – ვთქვი მე.

– უბედური შემთხვევით, – მიპასუხა ბერიამ.

– მერე ამას ბერლინში დაიჯერებენ? – ვკითხე ბერიას.

– თუ ყველაფერს ისე დავდგამთ, როგორც საჭიროა, მაშინ დაიჯერებენ, – მიპასუხა ბერიამ და თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.

ძალიან მიმძიმს ამაზე ლაპარაკი და მოკლედ ვიტყვი: იმავე საღამოს მოსკოვში ავტოკატასტროფა მოხდა. სარეისო ავტობუსმა ხიდის ჯებირი გაარღვია და მდინარე მოსკვაში გადაიჩეხა. მყვინთავებმა მდინარის ფსკერიდან 21 ადამიანის – 6 ქალისა და 15 მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს და მათ შორის იყო სწორედ ის თვითმკვლელი აგენტიც. დანარჩენი მგზავრები კი მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პატიმრები იყვნენ... მოსკოვის რადიომ 20 ყალბი ვინაობა გამოაცხადა და მხოლოდ ბერლინელი აგენტი დაასახელეს იმ გვარით, რითაც ის მოსკოვში იყო გამოგზავნილი. ცხედრები ¹3 პროზექტურაში იყო მოთავსებული და გერმანიის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც შენიმღბულად მოძრაობდა და ჩვენ მას ვაკონტროლებდით, პროზექტურაში მოვიდა. დარწმუნდა, რომ ბერლინელი აგენტი უბედურ შემთხვევას შეეწირა და ინფორმაცია ცენტრში გაგზავნა. იქიდან კი ახალი აგენტი გამოგზავნეს და მეორედ უკვე წარმატებულად ჩავატარეთ ოპერაცია და საჭირო ინფორმაციაც შევიტყვეთ. მართალია, იმ ავტობუსში გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები და ცივსისხლიანი მკვლელები ისხდნენ და ეს იყო ამ სისასტიკის ერთადერთი გამართლება, მაგრამ მაინც საშინელება იყო და ეს ჩვენ გავაკეთეთ.“

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ბერიას „შემოქმედების“ ნაყოფია ზოგიერთი ის სისასტიკე, რასაც ოკუპირებული უკრაინასა და ბელორუსიაში ფაშისტების ფორმაგადაცმული „ენკავედეს“ სპეცჯგუფები ახორციელებდნენ გერმანული „ზონდერკომანდების“ ეგიდით. ამ რაზმებმა რამდენიმე უკრაინული და ბელორუსული სოფლების მთლიანი მოსახლეობა დახვრიტეს და ცოცხლად დაწვეს. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფი ადამიანები ფაშისტების წინააღმდეგ აემხედრებინათ და ეს მისია წარმატებით შესრულდა. სამწუხაროდ, ბერიას ხელმძღვანელობით მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურა ასეთ საშინელებებსაც სჩადიოდა. ყველაფერი კი სამშობლოს ინტერესებით ფორმდებოდა და საკმაოდ ეფექტურიც იყო, თუმცა რამდენად მორალური, ეს უკვე სხვა საკითხია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა