ბელადები

როგორ გააძლიერა ბერიამ თურქული მიმართულება

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 21 წუთის წინ

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოეთის მოდერნიზაციაში. მიუხედავად ამისა, ფალსიფიცირებულ სასამართლოზე მას ქვეყნის ღალატსა და ნაციონალიზმში დასდეს ბრალი.

პროფესორი ოლეგ ვოლხოვი: „ბერიას სასამართლო რომ თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული იყო, ამის უამრავი ფაქტი არსებობს და წყალი არ გაუვა. ერთ-ერთი ბრალდება კი, რომელიც ბერიას წაუყენეს, ნაციონალიზმი იყო და სხვა ცრუ ბრალდებებთან შედარებით, აქ სიმართლის მარცვალი იდო. საქმე ეხებოდა ბერიას საქართველოში მოღვაწეობის პერიოდს. იმ დროს, როცა ბერია საქართველოსა და ამიერკავკასიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. ამ ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ბერიას სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ თავისი მცირე სამშობლოს (საქართველოს) სასარგებლოდ. თუმცა, ბერია სულაც არ მიიჩნევდა საქართველოს მცირე სამშობლოდ და ეს პატარა ქვეყანა მისი ერთადერთი სამშობლო იყო, რასაც სტალინთანაც კი არ მალავდა.

აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე იხსენებდა: „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ თარგმანს ვასრულებდი და ინტენსიურად ვმუშაობდი. სტალინმა მოსკოვში მიხმო და იქ გასამგზავრებლად თავისი თვითმფრინავი გამომიგზავნა. მაშინ ბერია, ჯერ კიდევ, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო. მას კარგად ვიცნობდი. კრემლში რომ მივედი, ბერიაც იქ დამხვდა და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. სტალინმა ხელი ჩამომართვა. მთხოვა, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თავის თავისი თარგმანი შემემოწმებინა. მოგვიანებით, ბერიას დაჟინებული თხოვნით, ეს თარგმანი ჩემი იმ თავის თარგმანის ნაცვლად ჩავრთე პოემაში. ამან კი სტალინი, ცოტა არ იყოს, გააბრაზა. თუმცა, მე და ბერიამ ბელადი დავარწმუნეთ, რომ მისი თარგმანი სჯობდა ჩემსას და სტალინს აღარაფერი უთქვამს. ბერიამ კი „ვეფხისტყაოსნის“ ჩემი რუსული თარგმანი საუკეთესო პოლიგრაფიული ხარისხით გამოაცემინა და პირველი ეგზემპლარი, ჩემი წარწერით, სწორედ მას და სტალინს ვაჩუქე. იმ შეხვედრიდან კი მე და ბერია ერთად დავბრუნდით თბილისში. ბერია მთელი გზა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე მელაპარაკებოდა და მითხრა, რომ ამ სფეროს წამოწევა ჰქონდა გადაწყვეტილი და ასეც მოიქცა. სწორედ ბერიას უშუალო დამსახურებით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, შეიქმნა და გამოიცა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები. ბერიამ ქართველ მოქანდაკეებს საქართველოს გამოჩენილი ისტორიული პერსონების ქანდაკებების ნიმუშები შეაქმნევინა და აპირებდა, მათი ძეგლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაედგა. თუმცა, ამის განხორციელებაში ომმა შეუშალა ხელი. ერთი სიტყვით, ბერია თავდაუზოგავად იღვწოდა თავისი სამშობლოს საკეთილდღეოდ და სწორედ ეს ჩაუთვალეს ნაციონალიზმად“.

ლავრენტი ბერიამ, ჯერ კიდევ, 20-იან წლებში დაიწყო საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლა. გახდა თუ არა საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელი, მან გააძლიერა, ეგრეთ წოდებული, თურქული მიმართულება. სპეციალური აგენტების მეშვეობით, თურქეთში შექმნა რელიგიურ მოღვაწეთა ფართო ქსელი, რომლებისგანაც ბერია სტრატეგიულ ინფორმაციებს იღებდა და აკონტროლებდა მათ საქმიანობას საქართველოს მიმართ.

გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „ჰიტლერთან ომის პერიოდში, ეგრეთ წოდებული, თურქული მიმართულება ძალიან გამოგვადგა. თურქები, როგორც ცნობილია, ჰიტლერის მხარეზე იბრძოდნენ და საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდნენ. ბერიას რელიგიურმა აგენტურამ კი ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია და მათი მეშვეობით არაერთი სპეცოპერაცია ჩავატარეთ როგორც თურქეთში, ასევე კავკასიაში, ევროპასა და თავად გერმანიაში. ერთი სიტყვით, ბერიას თავისი აგენტურა ჰყავდა როგორც აზიაში, ასევე ევროპაში და ოკეანის გაღმაც“.

პავლე სუდოპლატოვის მონათხრობი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბერიას მიერ შექმნილი სადაზვერვო-დივერსიული სისტემა გლობალურ ამოცანებს წყვეტდა. მასში ჩართული ადამიანები კი ისე იყვნენ მომზადებული და მოტივირებული, რომ ჩავარდნა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. მეტიც, ბერიას მიერ მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში შექმნილი სადაზვერვო ქსელები დღემდე მოქმედებს დინასტიური პრინციპით და მართალია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ემსახურება როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე გლობალურ მსოფლიოს ბირთვულ მშვიდობას. ეს კი იმიტომაა ასე, რომ ბერიამ მათ სწორედ ასეთი მიზანი დაუსახა – დედამიწაზე მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და არა ბირთვული ომი!.. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე ერთი სახელმწიფოს სამსახური და ბერიამ ამას დიდი წარმატებით მიაღწია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი