ბელადები

რატომ გააკეთა სტალინმა პოსტიდან გადადგომის განცხადება

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.11

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. ეს ადამიანი არასდროს ცდებოდა. არასდროს იღებდა წამგებიან გადაწყვეტილებებს და ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა. მას ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდა გათვლილი და მის უკან კი ყოველთვის აბსოლუტური უმრავლესობა იდგა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უბადლო სტრატეგი, შესანიშნავი ტაქტიკოსი და პოლიტიკის გროსმაისტერი იყო. გარდა იმისა, რომ მომავალი საბჭოთა ბელადი სუპერრევოლუციონერი იყო და ამას მისი მტრებიც აღიარებდნენ, სტალინმა ქვეყნის მმართველობის განსაკუთრებული უნარი გამოავლინა და ზესახელმწიფო ააშენა. მაგრამ, სანამ იოსებ ჯუღაშვილი ქვეყნის მმართველი გახდებოდა, მან იქამდე ძალიან რთული, ხიფათითა და ინტრიგებით სავსე გზა განვლო. დაამარცხა ყოველგვარი ოპოზიცია და ქვეყნის აღმშენებლობას შეუდგა.

სტალინმა მმართველობისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი 1921 წელს გადადგა. მას შემდეგ, რაც ლენინმა ბოლშევიკურ პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი შექმნა. ერთი შეხედვით, გენერალური მდივნობა „ქაღალდების რუტინა“ იყო და მეტი არაფერი. ამიტომ, ძველი ბოლშევიკების არცერთ წევრს არ სურდა ეს თანამდებობა და რომ იტყვიან, სტალინს „დაუთმეს“...

ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი, საზღვარგარეთ გაქცეული აბდურახმან ავტორხანოვი წერს: „ეს, ეგრეთ წოდებული, „ქაღალდების რუტინა“, ტექნიკური თანამდებობა იყო. ძველი ბოლშევიკები კი, აბა, როგორ იკადრებდნენ ასეთ შეუფერებელ საქმეს, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა. სინამდვილეში კი, სწორედ ამ პოსტში იდო ყველაზე დიდი ძალაუფლება – სწორედ გენერალურ სამდივნოში ხდებოდა საკადრო დანიშვნები როგორც რაიონებში, ასევე სამინისტროებში. ხოლო იქ დანიშნული ადამიანები კი ავტომატურად ხდებოდნენ პარტიული ყრილობის დელეგატები. პარტიული ყრილობა კი ხმების უმრავლესობით ირჩევდა ქვეყნის მმართველს. ანუ, საკმარისი იყო დანიშნულთა უმრავლესობის მხარდაჭერა გქონოდა, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ეუფლებოდი და სტალინმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა“.

აბდურახმან ავტორხანოვი აბსოლუტურად ზუსტად აღწერს იმ სქემას, რომლითაც სტალინმა მმართველობის სადავეები მოიპოვა. ამ სადავების ძირითადი ნაწილი სტალინს ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში ეპყრა ხელთ. თუმცა, მას ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდა.. ეს კი იმიტომ, რომ როდესაც სხვები მიხვდნენ, თუ რა პოსტი იყო გენერალური მდივნობა და რომ სტალინი მას არ დათმობდა, ოპონენტებმა ლენინის ავტორიტეტის გამოყენება სცადეს. ლენინის მეუღლის, ნადეჟდა კრუპსკაიას მეშვეობით, ლენინმა დაწერა წერილი, რომელშიც სტალინს უხეშობაში ადანაშაულებდა და პოლიტქბიუროს წევრებს რეკომენდაციას აძლევდა, რომ სტალინი უფრო რბილი ადამიანით უნდა შეცვლილიყო. ეს წერილი პირველად ლენინის სიკვდილის შემდეგ წაიკითხეს ყრილობაზე. როდესაც მისი შინაარსი ყრილობის დელეგატებს გააცნეს, სტალინი ტრიბუნაზე ავიდა და განცხადება გააკეთა გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ამ მომენტს ასე აღწერს ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინმა ძალიან მშვიდად, ყოველგვარი მღელვარების გარეშე თქვა, გადავდგებიო და ტრიბუნა დატოვა. თუმცა, ტრიბუნაზე სერგეი მირონის ძე კიროვი ავიდა და თქვა: ამხანაგებო, წესდების მიხედვით, გენერალური მდივნის თხოვნის დაკმაყოფილება ყრილობის გადასაწყვეტია. ამიტომ, კენჭისყრა ჩავატაროთ და ამგვარად გავარკვიოთ, დააღწევს თუ არა თავს ამ მძიმე ტვირთს ამხანაგი სტალინი. ყრილობის დელეგატთა 96 პროცენტმა სტალინი არ გაუშვა და ამით ყველაფერი ითქვა.“

ბოლშევიკთა ყრილობა, ფაქტობრივად, ლენინის წინააღმდეგ წავიდა და სტალინს დამატებითი ლეგიტიმაცია მისცა, რამაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ იმუშავა. უკვე კითხვებიც აღარ რჩებოდა. მმართველობა მყარად ჩაბარდა სტალინს და მანაც წამითაც კი არ შეანელა აღებული ტემპი.

სტალინს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უწევდა ბრძოლა. პირველი ფრონტი იყო ქვეყნის სრული აღორძინება-ინდუსტრიალიზაცია; მეორე ფრონტი – ძლიერ შიდა ოპოზიციასთან ბრძოლა; მესამე ფრონტი კი – საგარეო პოლიტიკური ასპარეზი. და სტალინმა ამ ყოველივეს შესანიშნავად გაართვა თავი. ინდუსტრიალიზაციაც განახორციელა, ოპოზიციაც დაამარცხა და საგარეო ურთიერთობაც მოაგვარა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი