ბელადები

როგორ დაეხმარა ძერჟინსკი სტალინს ძალაუფლების შენარჩუნებაში

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.09, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გენიალობის ერთ-ერთი მკაფიო დასტური ისაა, რომ საბჭოთა ბელადი სწორუპოვარი ტაქტიკოსი იყო და არასოდეს უსწრებდა მოვლენებს წინ. ხშირ შემთხვევაში კი, სწორედ, თავად სტალინი ქმნიდა ამ მოვლენებს... როი მედვედევი:

„სტალინი ისეთ პერიოდში გახდა სახელმწიფოს პირველი პირი და მით უმეტეს, ისეთ დროს შეინარჩუნა ძალაუფლება, თითქმის ვერავინ რომ ვერ მოახერხებდა. სტალინმა კი ეს შეძლო. აი, სწორედ, აქ გამოჩნდა მისი გენიალური პოლიტიკოსობა და მოთმინების უნარი, რაც მისი ტიტანური ნებისყოფიდან და გონიერებიდან მომდინარეობდა... თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკი, „ჩეკას“ მრისხანე შეფი, რომელიც იმავდროულად, იოსებ სტალინის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო. სწორედ, ძერჟინსკის მიუძღვის საკმაოდ დიდი წვლილი სტალინის ძალაუფლების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. ძერჟინსკის მეუღლემ სოფია ძერჟინსკაია-მუშკატმა 1964 წელს გამოაქვეყნა მოგონებების წიგნი სახელწოდებით – „დიადი ბრძოლების წლებში“. თუმცა ყველაზე საინტერესკლო მონაკვეთები მასში არ შესულა. ხელნაწერები „კაგებემ“ წაიღო. გთავაზობთ რამდენიმე პასაჟს ამ მოგონებებიდან. სოფია მუშკატი: „ფელიქსისგან (ძერჟინსკი) ვიცოდი, რომ არსებობდა კომპრომატები თვით ლენინზე და ტროცკიზე. ისინი ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე მოიპოვა „ჩეკას“ საზღვარგარეთულმა (საგარეო დაზვერვა) განყოფილებამ. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჯერ კიდევ 1921 წელს გერმანიაში მოქმედმა საბჭოთა რეზიდენტურამ შეაღწია გერმანიის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო არქივში და გაიტაცეს საბუთები, სადაც მტკიცდებოდა, რომ ლენინი გერმანიის დაზვერვის ფულით ფინანსდებოდა და სწორედ, ამის მეშვეობით განახორციელა ოქტომბრის გადატრიალება, რასაც შემდგომ რევოლუცია ეწოდა...“ როი მედვედევი: „ძალიან ნიშანდობლივი, საგულისხმო ფაქტია ის, რომ თავად ბოლშევიკების ლიდერები უწოდებდნენ 1917 წლის 25 ოქტომბრის (7 ნოემბრის) მოვლენებს გადატრიალებას და მოგვიანებით სტალინმა შეაცვლევინა ეს ტერმინი რევოლუციით...“ სოფია მუშკატი: „ჰოდა, ეს საბუთები ფელიქსმა სტალინს მიუტანა და უთხრა (მათ დიალოგს ფელიქსის გადმოცემით სიტყვასიტყვით აღვადგენ):

– აი, კობა, იმის ნათელი დასტური, რასაც 1917 წელს კერენსკის პრესა წერდა (ლაპარაკია იმაზე, რომ ლენინი გერმანიის აგენტი იყო).

სტალინს ყურადღებით წაუკითხავს მოპოვებული დედნები და ფელიქსისთვის უპასუხია:

– გერმანიის აგენტობა გადაჭარბებული შეფასებაა. თუმცა გადატრიალება მართლაც გერმანული ფულით მოვახდინეთ. უნდა გითხრა, რომ ილიჩისთვის სულ ერთი იყო, ფული საიდან მოვიდოდა და მან მთავარი ამოცანა შეასრულა – ნიკოლოზი დაამხო და ძალაუფლება მოიპოვა.

– ამ კომპრომატს რა ვუყო, – იკითხა ფელიქსმა. სტალინმა კი მიუგო:

– მე შევინახავ. მომავალში გამოდგება.

იმ პერიოდში ფელიქსის „ბიჭებმა“ (მზვერავებმა) მსგავსი ორიგინალები ნიუ-იორკიდანაც გამოგზავნეს. იქ იმის დამამტკიცებელი საბუთები იყო, რომ ლევ ტროცკი ამერიკელმა ბანკირმა იაკობ შიფმა გამოგზავნა რუსეთში და ხელგაშლილად აფინანსებდა მას. ტროცკის ის ხელისუფლებაში მოსაყვანად ამზადებდა, რომ შემდგომ რუსულ სიმდიდრეებს დაუფლებოდა. სტალინმა ეს საბუთებიც შეინახა...“

როი მედვედევი: „მოგვიანებით, უკვე 20-იანი წლების მიწურულს, სტალინმა ორივე მსხვილი კომპრომატი გამოიყენა და ძალაუფლება არამც თუ შეინარჩუნა, განიმტკიცა კიდეც... ეს კი ასე განხორციელდა: პოლიტბიუროში ტროცკის უმრავლესობა ჰყავდა. ამასთან, მან მიიმხრო ლენინის ქვრივი, ნადეჟდა კრუპსკაია. მათ პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინის გადაყენების საკითხი უნდა დაესვათ და იქვე ახალი გენმდივანი უნდა აერჩიათ, რომელიც, რა თქმა უნდა, ტროცკი იქნებოდა... სტალინმა ამის შესახებ წინასწარ შეიტყო და სხდომის წინა ღამეს ტროცკის სახლში დაადგა, კომპრომატები უჩვენა და დასძინა: სხდომის გახსნა ჩემი მოვალეობაა და ამ საბუთებით დავიწყებო... იმავე ღამეს სტალინმა კრუპსკაიასაც უჩვენა ლენინის საწინააღმდეგო კომპრომატი და ისიც გააჩუმა... მეორე დღეს გამართულ პოლიტბიუროს სხდომაზე არც მისი წევრი ტროცკი გამოცხადდა და არც საპატიო წევრი ნადეჟდა კრუპსკაია. სულ მალე ტროცკი ქვეყნიდან გაუშვეს. კრუპსკაია კი – საპატიო წევრობიდან.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი