ბელადები

როგორ დაანგრევინა სტალინმა ჰიტლერს ევროპული კაპიტალიზმი

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.03

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

ყველა თანხმდება, რომ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. მისი ყველაზე დიდი ღირსება კი მრავალსვლიანი პოლიტიკური კომბინაციების უდიდესი წარმატებით განხორციელება მიიჩნევა.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის ყველაზე დიდი მტერი, ლევ ტროცკი იყო. ეს ადამიანი ძალებს არ იშურებდა, რომ სტალინისთვის ჩირქი მოეცხო და მის დასაკნინებლად ათას ტყუილს იგონებდა. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ ლევ ტროცკის ეკუთვნის ფრაზა, რომელიც სტალინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსებაზე მიუთითებს. ტროცკი თავის წიგნში „სტალინი“ საბჭოთა ბელადს „დიდ დოზიროვშჩიკს“ უწოდებს. ტროცკი წერს: „სტალინი კარგად გათვლილ და გააზრებულ გეგმებს ადგენდა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ამ გეგმებს ეტაპობრივად, რაც მთავარია, უაღრესად შენიღბულად ახორციელებდა, ისე, რომ მის ნამდვილ არსს ვერავინ ხვდებოდა. თუმცა, იმასაც კი ვერ იაზრებდნენ, რომ სტალინის გეგმის პერსონაჟები იყვნენ“. ტროცკი წერდა რა ამას, უნდოდა წინ წამოეწია სტალინის ვერაგობა და დაუნდობლობა, თუმცა, სრულიად საპირისპირო რამ გამოუვიდა და უკვე გლობალური პოლიტიკის ოლიმპოზე მყოფი სტალინისთვის ეს უნარი მისი ტრიუმფისა და სიდიდის „საფირმო ნიშნად“ გადაიქცა. მე ტროცკი და მისი შეფასება ტყუილად როდი ვახსენე. მართალია, ცოტა შორიდან მოვუარე, მაგრამ მთავარ სათქმელს მივუახლოვდი. სტალინზე გავრცელებულია მითი, რომ თითქოს მან საბოლოოდ უარი განაცხადა სოციალისტურ-კომუნისტურ დოქტრინაზე, ანუ, პლანეტა დედამიწაზე სოციალისტურ-კომუნისტური წყობის დამყარებაზე. ეს ტყუილია. სტალინს არასოდეს უთქვამს ამაზე უარი. ხოლო, ცალკეულ ქვეყანაში სოციალისტური წყობის დამყარება და კაპიტალისტებთან მშვიდობიანი თანაარსებობა მხოლოდ ძალიან ეშმაკურად შენიღბული სვლა იყო და მეტი არაფერი. პირველ რიგში, ეს იმიტომ სჭირდებოდა, რომ ომებისგან დანგრეულ-დაქცეული ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა და სამხედრო-ეკონომიკური კუთხით გაეძლიერებინა. იმავდროულად, მოედუნებინა დასავლეთის ქვეყნების ყურადღება და ისინი თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინა. და ეს სტალინმა დიდი წარმატებით შეასრულა. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო კაპიტალისტური სამყაროს დასანგრევად. როგორც კი სტალინი აშკარად გადადგამდა ასეთ ნაბიჯს, მას მთელი კაპიტალისტური სამყარო დაუპირისპირდებოდა და მთელი შრომა წყალში ჩაეყრებოდა. ამიტომ, საჭირო იყო სხვაგვარი მოქმედება, ანუ ეს საქმე სხვას უნდა გაეკეთებინა და სტალინმა იცოდა, თუ ვისი მეშვეობით შეიძლებოდა ამის განხორციელება. პიროვნება, რომელიც სტალინმა თავისი გლობალური პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად გამოიყენა, იყო, არც მეტი, არც ნაკლები, ადოლფ ჰიტლერი. სტალინი შესანიშნავად იცნობდა ჰიტლერის წიგნს „მაინ კამპს“ (ჩემი ბრძოლა). ეს წიგნი იყო ნაცისტების სამოქმედო პროგრამა და ამ წიგნში, გარდა „აღმოსავლეთში ლაშქრობისა“ (რუსეთისა და სლავების განადგურება) თეთრზე შავით ეწერა, რომ უნდა განადგურებულიყო ევროპული კაპიტალიზმი. და სწორედ ევროპული კაპიტალიზმის გასანადგურებლად გამოიყენა სტალინმა ჰიტლერი. ჰიტლერი, სწორედ რომ, კაპიტალისტურმა დასავლეთმა მოიძია, აღაზევა და იმიტომ გააძლიერა, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ჰიტლერს სწორედ ამიტომ დაუთმეს უბრძოლველად კაპიტალისტური ევროპის დიდი ნაწილი. სტალინმა ყველა ეს კომბინაცია ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლების მიწურულს ამოიცნო, გათვალა და საკუთარი დაფარული სვლებით დაიწყო თამაში. 1945 წლის ზაფხულისთვის კი ევროპული კაპიტალიზმის 70 პროცენტი უკვე ჰიტლერის მიერ იყო დანგრეული, აღმოსავლეთ ევროპა სტალინის ხელში აღმოჩნდა ანუ საბჭოთა ბელადის გათვლამ 100 პროცენტით გაამართლა.

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სტალინმა სწორედ კაპიტალისტების მეშვეობით „გააწითლა ევროპა“ და დასავლეთი ამას ძალიან გვიან მიხვდა. ჩერჩილი წერდა: „სტალინმა ყველანი მშრალზე დაგვტოვა და სწორედ ჩვენ შევქმენით ის მონსტრი, რომელსაც „წითელი იმპერია“ ეწოდება. ეშმაკმა, გენიალურმა პოლიტიკოსმა არა მარტო რომანოვების იმპერიის ყველა მიწა დაიბრუნა წარმატებით, არამედ ეს ტერიტორიები გააასმაგა და ყოველივე ამას ჩვენი უჭკუობით მიაღწია. ჩვენ ჰიტლერი მის წინააღმდეგ გავაძლიერეთ და მივუქსიეთ მას. ამისთვის კი ჰიტლერს ევროპა დავანგრევინეთ და სტალინს ჩავუგდეთ ხელში. ახლა უკვე გვიანია თავში ცემა და მოსახდენი ჩვენივე სისულელით მოხდა“.

სტალინის დასაკნინებლად ახლა ბევრს წერენ იმაზე, რომ სტალინი და ჰიტლერი მოკავშირეები იყვნენ და ევროპა გაიყვესო (იგულისხმება 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი), აგრეთვე იმას, რომ სტალინი ხელს უწყობდა ჰიტლერს ევროპის დაპყრობაშიო. უფრო სწორია, იმის თქმა, რომ სტალინი ჰიტლერს ევროპულ კაპიტალიზმს ანგრევინებდა იმავე კაპიტალისტების დახმარებით და აი, ესაა ნამდვილი სიმართლე.

იაკობ კედმი: „მართლაც რომ, უდიდესი გროსმაისტერული პოლიტიკური კომბინაციით განახორციელა სტალინმა თავისი პოლიტიკა და კაპიტალისტური სამყაროს ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური რესურსები მათივე შესასუსტებლად და თავისი ქვეყნის გასაძლიერებლად გამოიყენა. ამიტომ, უნდა ითქვას სრული სიმართლე და ამის მერე სტალინის ცალსახა ლანძღვა სამუდამოდ შეწყდება.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი