ბელადები

როგორ და ვისი მეშვეობით დაამარცხა სტალინმა ოპოზიცია

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.01, 2023 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც მტერთანაც კი გამონახავდა საერთო ენას და მას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდა, ბოლოს კი დაამარცხებდა.

იაკობ კედმი: „მავანნი სტალინს ეშმაკობასა და ვერაგობაში სდებენ ბრალს. ვერაგებისა და ეშმაკების გარემოცვაში იყო და სხვაგვარად როგორ უნდა მოქცეულიყო? ტროცკი ეს ნაძირალა კაცი, რუსეთს მსოფლიო რევოლუციის ხანძარში დასაწვავად იმეტებდა. სტალინი კი, პირიქით, სახელმწიფოს მოდერნიზაციასა და გაძლიერებაზე ფიქრობდა და ორივე მტკიცედ იყო შემართული თავიანთი მიზნების განსახორციელებლად. გარდა ამ ორი ფიგურისა, პოლიტიკურ ასპარეზზე სხვა კონკურენტებიც იყვნენ და თითოეული მათგანი ძალიან გამოცდილი, ეშმაკი და ვერაგი იყო.“

ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ბოლშევიკებს შორის ყველაზე აქტიური ლევ ტროცკი იყო, რომელიც ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში ცდილობდა პირველის როლის მორგებას. სტალინი მშვიდად იყო. თითქოს არ აქტიურობდა, მაგრამ კულისებიდან მართავდა სიტუაციას და ოსტატურად მანიპულირებდა ძალაუფლების მძებნელებით, რომლებიც მას კონკურენტად არ მიიჩნევდნენ.

ზინაიდა ორჯონიკიძე (სერგო ორჯონიკიძის მეუღლე) წერდა: „სერგოს მონაყოლიდან ვიცი, თუ როგორ ვითარდებოდა ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ტროცკის მხრიდან სტალინი ჯერ კიდევ გენერალურ მდივნად დანიშვნამდე მოიაზრებოდა მთავარ მოწინააღმდეგედ და მას ამას აშკარად აგრძნობინებდა. სტალინი კი – პირიქით, ძალიან დინჯად და მიზანმიმართულად მოქმედებდა. ის ტროცკივით არ ცქმუტავდა. თუმცა მისგან განაწყენებულ ხალხს იკრებდა ირგვლივ და საკუთარი მფარველობის ქვეშ ჰყავდა. რევოლუცია ახალი მომხდარი იყო. ტროცკი ძალიან აქტიურობდა და სხვების ჩაძირვის ხარჯზე საკუთარი პერსონის წინ წამოწევას ლამობდა. სწორედ ტროცკის ინიციატივით მოიწვიეს მაშინ პოლიტბიუროს სხდომა. მასზე ტროცკიმ ზინოვიევი და კამენევი მიწასთან გაასწორა. მათ, ფაქტობრივად, ბრალი დასდო ღალატში და ორივეს პარტიიდან გაძევება მოითხოვა. ლენინი ყოყმანობდა და საკითხი უკვე ტროცკის სასარგებლოდ წყდებოდა, რომ ამ დროს სტალინი ჩაერთო, ზინოვიევი და კამენევი დაიცვა და ტროცკის დაგეგმილი კომბინაცია ჩაუშალა. ლენინის გარდაცვალების მერე, როცა ტროცკიმ სტალინზე შეტევები გააქტიურა, ზინოვიევთან და კამენევთან შეკრულმა ტრიომ ტროცკის დიდი ზიანი მიაყენა“.

სტალინი ლავირების დიდოსტატი იყო და მშვენივრად იცოდა, რომ ზინოვიევი და კამენევი ტროცკიზე არანაკლებ ამბიციურები იყვნენ. მან კარგად უწყოდა, რომ ეს დუეტი მისი მეშვეობით ტროცკის დამარცხებას აპირებდა. ამის შემდეგ კი ისინი სტალინსაც ადვილად ჩამოიშორებდნენ და თავად დაიკავებდნენ მმართველის ადგილს. სტალინმა თავის მეგობარს, „ჩეკას“ უფროსს, ფელიქს ძერჟინსკის გაუზიარა თავისი მოსაზრება და ზინოვიევ-კამენევზე უთხრა:

– ისინი მე სულელად მიმიჩნევენ. დაე, ასე იფიქრონ. შენ კი, მეგობარო, მათ თვალი არ მოაცილოო.

თავის ბოლო ინტერვიუში ვიაჩესლავ მოლოტოვი ჰყვებოდა: „ძერჟინსკი სტალინის მეგობარი იყო. ძალიან იდეური ადამიანი და თავის მეგობარს ყველაფერში გვერდით ედგა. მან კამენევ-ზინოვიევის მოღალატეობრივ ტანდემს მეთვალყურეები მიუჩინა. იწერებოდა მათი საუბრები საიდუმლო შეხვედრების დროსაც კი და სტალინმა ყველა მათი მოღალატეობრივი ნაბიჯის შესახებ დაწვრილებით იცოდა. ისინი სტალინს პირში უცინოდნენ და ძმობას ეფიცებოდნენ. ზურგს უკან კი სამარეს უთხრიდნენ და 1937 წელს სამარეში თვითონ ჩაცვივდნენ. ახლა მოდაშია სტალინის დადანაშაულება რეპრესიებში და მისი ურჩხულად გამოყვანა. ურჩხული კი თავად ისინი იყვნენ, ვინც სტალინს ებრძოდა და კიდევ კარგი, ჩვენ გავიმარჯვეთ, თორემ ტროცკი და კამპანია რუსეთს მსოფლიო რევოლუციის კოცონს შეუკეთებდნენ და დედამიწაზე ამით დასრულდებოდა სამართალი.“

შესაძლოა, მოლოტოვი აჭარბებდა კიდეც, მაგრამ ტროცკი რომ რუსეთს ანადგურებდა და ამისგან ეს ქვეყანა სტალინმა იხსნა, აბსოლუტური სიმართლეა და ვინ ვინ და რუსები მას არ უნდა აგინებდნენ.

იაკობ კედმი: „ტყუილია, აბსოლუტური სისულელე, რომ სტალინი ებრაელებს დევნიდა. ეს ებრაელების მტრების მოგონილია. მე ებრაელი ვარ და მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომ ეს სისულელე ფიქრადაც არ გაივლონ. სტალინი ჰიტლერი არ იყო, რომ ჩვენი ერის დევნა დაეწყო. პირიქით, სწორედ ებრაელების დახმარებით მოახერხა სტალინმა ქვეყნის აშენება. შემდგომ კი ჩვენ დაგვეხმარა სახელმწიფოს შექმნაში და ასეთ ადამიანს სიკეთე არ უნდა დავუკარგოთ.“

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ის ფაქტი, რომ მშენებელ სტალინს დამაქცევლად მოიხსენიებენ ის ადამიანები, ვისაც ნგრევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი