ბელადები

როგორ ჩაშალა სტალინმა ანგლო-გერმანული სამხედრო-პოლიტიკური კავშირი

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.07, 2022 წელი

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რა იარლიყს მიაკერებენ სტალინს, ის მაინც უდიდეს პოლიტიკურ მოთამაშედ რჩება მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე და ამ ფაქტს ვერავინ ამოშლის კაცობრიობის ისტორიიდან.

იაკობ კედმი: „სტალინი რომ მსოფლიო პოლიტიკაში მსხვილი მოთამაშე იყო, ამას თვით ადოლფ ჰიტლერიც აღიარებდა და სწორედ პირველად მან უწოდა საბჭოთა ბელადს ეს სახელი. გასული საუკუნის 30-იანი წლების შუა პერიოდისთვის სტალინი უკვე მსოფლიო პოლიტიკის ელიტაში იყო შესული და მას აბსოლუტურად ყველა უწევდა ანგარიშს. თავის მემუარებში ჩერჩილი წერდა: „სტალინი ვეფხვივით მალულად მიუახლოვდა მსოფლიო პოლიტიკის დახურულ კლუბს. შემდგომ კი ასევე ვეფხვივით გრძელი ნახტომით აღმოჩნდა ამ კლუბში, მალე კი მისი მეთაური გახდა. ჩვენ კი მაშინ გამოვფხიზლდით, როდესაც ეს უკვე მომხდარი ფაქტი იყო.“ ამაზე უკეთესად და ჩერჩილზე ავტორიტეტულად, აბა, ვინ იტყოდა სტალინზე და ესაა საბჭოთა ბელადის საუკეთესო რეკომენდაცია. იმავე ჩერჩილზე სტალინს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა და ეს ჯერ კიდევ ჩერჩილის გაპრემიერებისას იგრძნობოდა. ასევე საინტერესოა სტალინისა და ჩერჩილის ურთიერთობები იმ პერიოდში, როდესაც 1941 წლის 10 მაისს ჰიტლერის მარჯვენა ხელი, რუდოლფ ჰესი დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდა.“

1941 წლის 10 მაისს, ანუ ჰიტლერის საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, პარტიული ხაზით ჰიტლერის მოადგილე, რუდოლფ ჰესი დიდ ბრიტანეთში გადაფრინდა. ის მფრინავი იყო, ამიტომ შეძლო, ფარულად გაიტაცა თვითმფრინავი და დიდ ბრიტანეთში მარტო გაფრინდა. ყოველ შემთხვევაში, ფაშისტური პროპაგანდა ამ საქციელს ასე აშუქებდა. სინამდვილეში კი ეს გაფრენა ჰიტლერის მითითებით განხორციელდა. გერმანია და ინგლისი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ფაშისტები თითქმის ყოველდღიურად ბომბავდნენ ლონდონს. ჰიტლერს კი „ბარბაროსაზე“ (საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა) უკვე მოწერილი ჰქონდა ხელი და ბრიტანეთთან ზავი ან, სულაც, მოკავშირეობა სურდა, რათა საბჭოეთს თავს დასხმოდა და ის ბლიც-კრიგით დაემარცხებინა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „აშკარა იყო, რომ ჰესის ეს საიდუმლო მისია ფიურერის ხელდასხმით განხორციელდა. კარგად მახსოვს ის დღე. უკვე 11 მაისი იყო. ღამის პირველის ოცი წუთი. სტალინთან კაბინეტში ვიმყოფებოდი და სწორედ ჰიტლერთან მოსალოდნელი ომის როგორმე კიდევ გადადებაზე ვსაუბრობდით. ამ დროს პოსკრებიშევმა (სტალინის მდივანი) დარეკა და თქვა – ბერიაა მოსული და სასწრაფოდ შემოსვლა უნდაო. სტალინმა – შემოუშვითო და სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ ბერია პირდაპირ შემოვარდა კაბინეტში და სტალინს უთხრა:

– სამიოდე საათის წინ რუდოლფ ჰესი მარტო გადაფრინდა დიდ ბრიტანეთში. შოტლანდიაში პარაშუტით დაეშვა, მისი თვითმფრინავი კი მიწაზე დაენარცხა. ახლა კი ლონდონში მიჰყავს ლორდ ჰამილტონს.

– უტყუარი ინფორმაციაა? – იკითხა სტალინმა, რომელიც ამ ინფორმაციამ, ცოტა არ იყოს, ააღელვა.

– უტყუარი! – სწრაფად უპასუხა ბერიამ.

სტალინი იმიტომ აღელდა და ეს მან იქვე აღნიშნა, რომ აშკარა იყო, ჰესი ჰიტლერმა გაგზავნა მისიით, რომ ჩერჩილთან ზავი დაედო ან, სულაც, მოკავშირეობაზე დაეყოლიებინა ჩვენ წინააღმდეგ.

სტალინმა მე მომმართა:

– ახლავე, დაუყოვნებლივ მისწერე ჩერჩილს ჩემი სახელით, ხელი შენც მოაწერე და იქვე ტექსტიც მიკარნახა:

„ბატონო პრემიერო, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და იმედი მაქვს, რომ ჰიტლერის შიკრიკს არამც თუ შემოთავაზებებზე დათანხმდებით, არამედ არც კი დაელაპარაკებით არც პირისპირ და არც ტელეფონით“.

შემდგომ, თავად ბერია გვიყვებოდა თავისი აგენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ჩერჩილს, თურმე, ეძინა და ჰესის მისიის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ჰამილტონს მისი შეწუხება არ უნდოდა და მხოლოდ დილისთვის გეგმავდა თქმას. ხოლო, როდესაც ჩერჩილს სტალინის დეპეშა მიუტანა, ის გააღვიძეს და ეს ინფორმაცია სწორედ ჩემ მიერ გაგზავნილი ტექსტიდან შეიტყო.“

ჩერჩილი ამ ეპიზოდს თავის მემუარებში აღნიშნავს და ამბობს: გაოცებული დავრჩი ასეთი ოპერატიულობით და ჩვენი დაზვერვის შეფს საყვედურიც კი ვუთხარი. გააანალიზა რა ჩერჩილმა სტალინის დეპეშის ტექსტი, ჰესი ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, ის მაშინვე დააპატიმრეს და მთელი ომის განმავლობაში ბრიტანეთის ციხეში იჯდა. მიუხედვად იმისა, რომ ჩერჩილი ჰიტლერს ებრძოდა, გამორიცხული არ იყო, რომ ჰესის შემოთავაზებას მაინც დათანხმებოდა. სტალინმა კი ეს კავშირი ჩანასახშივე მოსპო.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი