ბელადები

როგორ ჩანერგეს ვატიკანში ბერიას ძალისხმევით ორი საბჭოთა აგენტი

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 01.01

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას არაერთი წარმატებული სადაზღვევო ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული, რამაც საბჭოთა კავშირს დიდი სარგებელი მოუტანა, ბერიას კი კარიერულ წინსვლაში შეუწყო ხელი. ნიშანდობლივია, რომ ლავრენტი პავლოვიჩს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სტრატეგიულ სფეროში ჰყავდა თავისი აგენტი და მათ იქ ჩანერგვას სხვადასხვა მეთოდით ახერხებდა...

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი ბერია, მართლაც რომ დაზვერვის გენია იყო და მას ეს სახელი ტყუილად როდი უწოდეს. ბერიამ მშვენივრად უწყოდა, თუ რა მნიშვნელოვანი გახლდათ საიდუმლო ინფორმაციის შენახვა, რომლის პოლიტიკურ მოქმედებებში განხორციელება უდიდესი მიღწევებით გვირგვინდებოდა. ერთი შეხედვით, უბრალო, უმნიშვნელო ინფორმაციას ისეთი დიდი ეფექტის მოტანა შეუძლია, რომ შეუფასებელი ხდება ხოლმე... თავად ბერია კი ხშირად გვაიმედებდა — უმნიშვნელო ინფორმაცია არ არსებობს. მზვერავი რის მზვერავია, რომ ნებისმიერი ინფორმაციიდან სარგებელი არ მიიღოსო... ახლა მე მათ ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თვით ვატიკანში გვყავდა სამი უმნიშვნელოვანესი წყარო და ორი მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა, ერთ-ერთი კი მაღალჩინოსანი იერარქი გახლდათ...“

ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ საბჭოთა სადაზვერვო უწყება სერიოზულ სკანდალში გაეხვია, რომელიც ვატიკანთან იყო დაკავშირებული. ხრუშჩოვის ახირების გამო, მაშინდელმა მინისტრმა სეროვმა ვატიკანში მოქმედ ერთ-ერთ აგენტს მოსთხოვა, თავად რომის პაპის აპარტამენტებში დაემონტაჟებინა მოსასმენი აპარატურა. საქმე ისაა, რომ პაპს შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, ეიზენჰაუერი უნდა შეხვედროდა და ხრუშჩოვმა მათი საიდუმლო საუბრის სრული შინაარსის გაგება მოინდომა. აგენტის პასუხი ცალსახა იყო, რომ ეს შეუძლებელია: პაპის აპარტამენტები უმკაცრესად კონტროლდება და იქ მოსასმენ მოწყობილობებს ვერავინ დავაყენებთ და ეს რომც მოხერხდეს, მაინც აღმოაჩენენ, აპარტამენტებს თავად აშშ-ის პრეზიდენტის დაცვის სამსახური შეამოწმებსო. ასეთი პასუხის მიუხედავად, აგენტს ამის გაკეთება მაინც დაავალეს და ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურმა ეს აღმოაჩინა. დაკითხვაზე ის იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი იყო, თუმცა, საბჭოთა დაზვერვამ ეს უარყო და აგენტი 20 წლით ციხეში ჩასვეს.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ვატიკანის სკანდალის დროს მე უკვე ვლადიმირის ცენტრალში ვიჯექი და მხოლოდ ათი წლის მერე შევიტყვე, რაც იქ მოხდა. ეს იყო აბსოლუტური იდიოტიზმი. ოქროს კანონია: როცა აგენტი დასაბუთებულად გეუბნება, ეს დავალება შეუსრულებელიაო, არ უნდა დააძალო ამის გაკეთება, რომ არ გაშიფრონ. თუმცა სეროვსა და ხრუშჩოვს ამისი ტვინი და შეგნება სად ჰქონდათ?.. კიდევ კარგი, რომ მეორე აგენტიც არ გაშიფრეს. არადა ამ აგენტის ვატიკანში ჩანერგვა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოვახერხეთ, ჯერ კიდევ 1951 წელს, მოსკოვში ვატიკანის არაოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. სხვათა შორის, ეს ბერიას იდეა იყო და მან სტალინი დაარწმუნა, რომ ეს დიდ სარგებელს მოგვიტანდა. ამ წარმომადგენლობაში თავიდან 8 ადამიანი იყო, 6 თვეში კი მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. შევარჩიეთ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც სასმელისა და ქალებისადმი იყო მიდრეკილი. მას ისე მოვუწყვეთ, აღიარა, რომ რომში, ერთ-ერთ დედათა მონასტერში მონაზვნებს რყვნიდა... მთელი ეს პროცესი კინოფირზე იყო ჩაწერილი და შევთავაზეთ, თუკი დაგვეხმარებოდა, ინფორმაციას არ გავასაჯაროებდით... ამგვარად, ამ კაცმა მოახერხა და ჩვენი აგენტი ჯერ ვატიკანში მოაწყო, შემდგომ კი, მის კარიერულ წინსვლას შეუწყო ხელი.“

1959 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საბჭოთა „კაგებეს“ პოლკოვნიკი ლუდვიგ ზორინი გაიქცა, რომელმაც წიგნი გამოსცა საბჭოთა დაზვერვაზე. ამ წიგნში პოლკოვნიკი ზორინი გაქცევის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ბერიას მკვლელობის შემდეგ, უწყებაში დეგრადაციის პროცესი დაიწყო და ბერიას მიერ დაწინაურებული თანამშრომლიდან, 8 სასტიკად უწამებიათო. თავად ზორინიც ბერიას კადრი იყო. ამავე პუბლიკაციაში ზორინი სეროვსა და ხრუშჩოვს ცალტვინებს უწოდებს. ამ წიგნის გამოსვლის მერე, ხრუშჩოვის ბრძანებით, ზორინზე ნადირობა დაიწყეს და მძიმედ დაჭრეს, თუმცა გადარჩა და 1966 წელს ახალი წიგნი გამოსცა სახელწოდებით: „ბერია - დაზვერვის გენია...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი