ბელადები

როგორ აურია გზა-კვალი ბერიას მახვილგონივრულმა სვლამ ანგლო-ამერიკელებს

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 07.04

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია განსაკუთრებული უნარებით იყო დაჯილდოებული. კომპლექსურად აზროვნებდა და მოქმედებდა. ხელიდან არ უშვებდა მომენტს, რომ ნებისმიერი შემთხვევა საქმის წარმატებით დასასრულებლად გამოყენებინა. ამ სიტყვების ნათელი დასტურია, ეგრეთ წოდებული, „ბერლინურ გვირაბთან“ დაკავშირებული ისტორია.

ბორის სოკოლოვი: „ბერია საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის „მამა“ იყო. გარდა იმისა, რომ მან საბჭოთა უშიშროების ყველა ქვედანაყოფი გააძლიერა, შექმნა გამორჩეულად ქმედითუნარიანი, ზესაიდუმლო განყოფილება, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ინტელექტის ადამიანები იყვნენ დასაქმებული. ეს ადამიანები შეადგენდნენ საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის ბირთვს. არც თუ ისე ბევრნი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოს ყველა უმნიშვნელოვანეს უბანზე იყვნენ განაწილებული და მეტად საჭირო ინფორმაციებს პირადად ბერიას აწვდიდნენ. მათი ვინაობა და სამუშაო ლოკაცია მხოლოდ ბერიამ იცოდა და სწორედ ეს იყო როგორც ბერიას სიძლიერის მთავარი წყარო, ასევე იმ აგენტების უსაფრთხოების მყარი გარანტია. ამ განყოფილებაში რამდენიმე უცხოელიც ირიცხებოდა და მათ შორის, ეგრეთ წოდებული, „კემბრიჯის ხუთეულიც“. ანუ ის ხუთი ბრიტანელი, ვისაც განსაკუთრებული წვდომა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო საიდუმლოებებთან. ამ ხუთეულის გამორჩეული წარმომადგენელი იყო კიმ ფილბი. ფილბი ბერიას უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ინფორმაციებს აწვდიდა და სწორედ მისი ინფორმაცია იყო „ბერლინური გვირაბიც“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ ოპერაცია „ოქრო“ შეარქვა.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ერთხელ ბერიამ თავისთან მიხმო დაწვრილებით გამომკითხა ატომური პროექტის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ჩემი მოხსენებით კმაყოფილი დარჩა და ბოლოს თქვა:

– არის შანსი, რომ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მივიღოთ და ჩვენს მტრებს ისე ავურიოთ გზა-კვალი, რომ მათ მცირეოდენი ეჭვიც კი არ დარჩეთ ჩვენი ატომური პროექტის შესახებ.

– როგორ, ლავრენტი პავლოვიჩ? – ვკითხე ბერიას.

– მარტივად. უნდა შევუცუროთ ინფორმაცია, რომელიც მათ დაარწმუნებს, რომ ბომბის კეთებას თავს ვერ ვაბამთ და რასაც ვცოდვილობთ, არასწორად – ვეძებთ გერმანული პროექტის ნარჩენებს, რომელიც გერმანიაში არ არსებობს და ტყუილად ვირჯებით.

– და როგორ უნდა შევუცუროთ ეს ინფორმაცია? არ მგონია, დაიჯერონ.

– ერთ რამეს გეტყვი და მიხვდები, რომ დაიჯერებენ.

ბერიამ მითხრა, რომ თავისი ბრიტანული სტრატეგიული აგენტისგან (მას არ უთქვამს, რომ ეს ინფორმაცია კიმ ფილბიმ მიაწოდა) მიიღო ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის დაზვერვა ოკუპირებულ ბერლინში საიდუმლო გვირაბს აშენებს იმ მიზნით, რომ უახლესი ელექტრონული ტექნოლოგიები შეუერთონ საბჭოთა საკომუნიკაციო კაბელებს, რათა მოისმინონ და გაშიფრონ ყველა სატელეფონო საუბარი და სატელეგრაფო შეტყობინებები, მათ შორის ზეკოდირებულიც. ჩვენ ისეთი ტექსტებით ვილაპარაკებთ და ისეთ შეტყობინებებს გავგზავნით, რომ ჩვენი მტრები ჩვენს „ატომურ უსუსურობაში“ დარწმუნდებიანო.

მართლაც, ბრიტანალებმა ბერლინში 5 მეტრის სიღრმეზე, 600 მეტრის სიგრძის გვირაბი გათხარეს, რომელიც ძალიან დიდი თანხა დაუჯდათ და უახლესი ელექტრონული ტექნოლოგიებიც შეუერთეს. გვირაბი ძალიან სწრაფად გათხარეს და აღჭურვეს, მაგრამ ჩვენც ოპერატიულად ვმოქმედებდით: მცირედი ეჭვიც რომ არ აეღოთ, წინასწარი ოპერაცია ჩავატარეთ. გერმანიაში გავგზავნეთ რამდენიმე საშუალო დონის ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი და „ჩეკისტთა“ ჯგუფი – მათ დასახმარებლად, ვითომ ზესაიდუმლოდ, თითქოს ისინი გერმანული „ურანის პროექტის“ ნარჩენებს ეძებდნენ. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციამ „გაჟონა“... ხოლო გვირაბმა რომ ფუნქციონირება დაიწყო, ანგლო-ამერიკელები მოსმენილი „კოდირებული“ საუბრების ანალიზით რწმუნდებოდნენ, რომ „რუსებს“ (საბჭოთა კავშირს) საწყისი ეტაპიც კი არასწორად დაუწყიათ ატომური ბომბის შექმნის საქმეშიო. მათმა ანალიტიკოსებმა კი „მყარი“ დასკვნა დადეს, რომ საბჭოთა კავშირს 30 წელი დასჭირდება ბომბის შესაქმნელად, ამის საფუძველზე და არა მარტო, დასავლეთი, მაქსიუმ, 10 წელიწადში ვარაუდობდა ჩვენი ქვეყნის განადგურებას... მაგრამ, როდესაც 1949 წელს პირველი საცდელი ბომბი ავაფეთქეთ და ამას ისიც დაემატა, რომ ბერლინში საიდუმლო გვირაბი გავშიფრეთ, დასავლეთი შოკმა მოიცვა.“

ალენ დალესი თავის მემუარებში წერდა, რომ საბჭოთა კავშირმა მთელი დასავლეთი გააბითურა, შოკში ჩააგდო და რომ ეს ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო...

პავლე სუდოპლატოვი: „რაც შეეხება კიმ ფილბის, ეს უძვირფასესი სტრატეგიული მზვერავი ბერიას მკვლელობის შემდეგ უკვე ლავრენტი პავლოვიჩის შემდგომ უშიშროების მესვეურებმა გაშიფრეს და აიძულეს, რომ თავისი საქმიანობა შეეწყვიტა და საბჭოთა კავშირში გამოქცეულიყო. არადა, რომ არა სეროვისა და მისი არაკომპეტენტური კოლეგების უტვინობა, ფილბი კიდევ მრავალ სარგებლობას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. რომ არაფერი ვთქვა ბერიას მნიშვნელობაზე, რომელსაც ფილბისნაირი სტრატეგიული აგენტები მთელს მსოფლიოში ჰყავდა განაწილებული და როდესაც ბერია ვერაგულად მოკლეს, ყველა მათგანთან კავშირი დაიკარგა, რადგან ისინი პირადად ბერიას უკვავშირდებოდნენ და აწვდიდნენ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ინფორმაციებს. ალბათ, მრავალი ათწლეულის მერე დაითვლიან იმ აუნაზღაურებელ ზარალს, რაც ბერიას მკვლელობამ მოიტანა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი