როგორ აკონტროლებდნენ ბიზნესს კავკასიაში სტალინის შეიარაღებული ჯგუფები
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვისაც უდიდესი როლი მიუძღვის რუსეთში რევოლუციის განხორციელებასა და ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებაში. ეს იყო ურყევი ნებისა და მიზანსწრაფვის ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, რა უნდა ეკეთებინა და როგორ მისულიყო ამ მიზნამდე.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „სტალინი, თავის რევოლუციური კოლეგებისგან განსხვავებით, ვინც მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარეს და იქიდან მოუწოდებდნენ ხალხს შეურიგებელი ბრძოლისკენ, ყოველთვის რუსეთში (რუსეთის იმპერიაში) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მართლაც შეურიგებელ ბრძოლაში იყო და რუსეთის იმპერიის ყველაზე საშინელი ციხეები და გადასახლებები გამოიარა... ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა სტალინის უახლოესმა თანამშრომელმა ლაზარ კაგანოვიჩმა, რომელიც როგორც საბჭოთა კავშირის შექმნას, ასევე მის დაშლას მოესწრო. „პერესტროიკის“ მიწურულს, კაგანოვიჩს, ისევე როგორც მანამდე მოლოტოვს, ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ ჩამოართვეს და კაგანოვიჩის ინტერვიუსაც, ისევე, როგორც მანამდე მოლოტოვის ინტერვიუს, გორბაჩოვის ბრძანებით, ტაბუ დაადეს და არქივში შეინახეს... ლაზარ მოისეევიჩ კაგანოვიჩი იმ ინტერვიუში ძალიან ვრცლად ეხება სტალინს და ამბობს: „სტალინი მთელი ცხოვრება რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სანამ ლენინი, ცოლთან ერთად, ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი და სხვები ევროპაში კომფორტულად ცხოვრობდნენ და მათ არავინ აწუხებდა, სტალინი და მისი რაზმი აქტიურ, ძალიან საშიშ რევოლუციურ-იატაკქვეშა მოღვაწეობას ახორციელებდნენ რუსეთის უკიდეგანო სივრცეში და ყოველწამიერად უფსკრულის პირას დადიოდნენ. ამიტომ, სტალინი და ჩვენ ადგილობრივი, საიმედო ადამიანები ვიყავით და რევოლუციონერ-ემიგრანტებს წარმოდგენაც კი არ გააჩნდათ ადგილობრივი სირთულეების შესახებ. ჩვენ, ნამდვილი ინტერნაციონალისტები ვიყავით. ქართველი სტალინი, რუსი მოლოტოვი, სომეხი მიქოიანი, მე – ებრაელი კაგანოვიჩი და ათასობით ჩვენნაირი აქტივისტი, ვისაც არც „ოხრანკის“ დევნის გვეშინოდა, არც ციხეებისა და აქედან, ცარისტული რუსეთიდან, ვინახავდით მათ – ემიგრანტებს ლენინის მეთაურობით და, სწორედ სტალინი ედგა სათავეში მათი (ემიგრანტების) უზრუნველყოფის საქმეს...“ კაგანოვიჩის ეს ინტერვიუ, მოლოტოვის ინტერვიუსავით, ბომბი იყო. მართალია, ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა, მაგრამ ლენინის სახელის აუგად ხსენება ჯერ კიდევ აკრძალული იყო და კაგანოვიჩი კი სწორედ ლენინს აკნინებდა. თუმცა, აბსოლუტურ სიმართლეს ლაპარაკობდა. სტალინს დასავლელი პუბლიცისტები რუსეთის რევოლუციის სპონსორად მოიხსენიებენ. და ეს აბსოლუტურად სწორი განსაზღვრებაა. მართალია, ლენინის რუსეთში დაბრუნება 1917 წელს გერმანელებმა უზრუნველყვეს, მათვე მისცეს ოქტომბრის რევოლუციის ბელადს ფული, რომ რევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდა ეწარმოებინა, მაგრამ ეს იყო წვეთი ზღვაში იმასთან შედარებით, რასაც სტალინი აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში. სტალინმა თავის მარჯვენა ხელს, სიმონ ტერ-პეტროსიანს, რომელიც „კამოს“ სახელითაა ცნობილი, ეგრეთ წოდებული, საბრძოლო ჯგუფები დაუქვემდებარა. ისინი იყვნენ კარგად გაწვრთნილი, შეიარაღებული მებრძოლები კავკასიიდან. ეს ჯგუფები აკონტროლებდნენ ბიზნესს კავკასიაში და იქიდან წილს იღებდნენ. შემდგომ კი ამ თანხის 80 პროცენტი საზღვარგარეთ იგზავნებოდა, რევოლუციური საჭიროების ეგიდით. სინამდვილეში კი ამ თანხების უმრავლესობა ლენინისა და კომპანიის კომფორტულ შენახვას ხმარდებოდა. სწორედ ამას გულისხმობდა თავის სკანდალურ ინტერვიუში კაგანოვიჩი... სტალინს ასეთი სქემა ჰქონდა აწყობილი: როტშილდების, როკფელერების, ნობელებისა და ადგილობრივი მაგნატების ბიზნესს რეკეტიორებისგან ბაქოში, სწორედ, სტალინის მიერ შექმნილი შეიარაღებული ჯგუფები მფარველობდნენ, კამოს მეთაურობით და ერთადერთნი იყვნენ, ვისაც ისინი ფულს უხდიდნენ. სწორედ ამიტომ უწოდეს სტალინს რევოლუციის სპონსორი... ამ ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი ბაგრამოვი ყვებოდა: „ბაქოს ადგილობრივმა კრიმინალურმა ჯგუფებმა სცადეს, წილში ჩაგვდგომოდნენ. სტალინმა მათ შეხვედრა დაუნიშნა. ელაპარაკა და ერთი კვირის მერე წილის მოსურნე ბანდიტებმა ბაქო დატოვეს და ფულის საშოვნელად სხვა რეგიონებში გაემგზავრდნენ...“ სტალინს უნიკალური უნარი ჰქონდა ადამიანების დარწმუნების და როგორც ტროცკი ამბობდა სტალინზე, სადაც სიტყვა არ ჭრიდა, იქ მაუზერი ერთვებოდა საქმეში.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



